25 ივნისს გროზნოს მერობის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ჩეჩნეთის მეთაურის დისშვილი, იბრაგიმ ზაკრიევი დაინიშნა. სხვადასხვა წლებში ის ჩეჩნეთის მეთაურის თანაშემწის, რესპუბლიკის მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის საქმეთა მმართველის, მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებდა.
ჩეჩნეთში მართვის თითქმის მთელი სისტემა პირადად რამზან კადიროვსა და მასთან დაახლოებულ ადამიანებს უკავშირდებათ. „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის გამოთვლებით, ჩეჩნეთში 158 მსხვილი ჩინოვნიკიდან 30% კადიროვის ნათესავია, 23% – თანასოფლელი, და კიდევ 12% – ჩეჩენი ლიდერის მეგობარი და მათი ნათესავია. კადიროვის ექვსი ნათესავი რესპუბლიკის მეთაურის ადმინისტრაციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს, ხუთი – პარლამენტში.
რეგიონის ძალოვან უწყებებში კადიროვის შვიდი ნათესავია დასაქმებული, მათ შორის – რესპუბლიკის მიგრაციის სამსახურის სამმართველოს, საგზაო პოლიციისა და გროზნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსებად. კადიროვის კიდევ ცხრა ნათესავი რაიონებისა და ქალაქების ადმინისტრაციებში საქმიანობს, ასევე სხვადასხვა უწყების ტერიტორიულ სამმართველოებში.
პოლიტოლოგების აზრით, ჩეჩნეთის მეთაურის საკადრო პოლიტიკა მისი ოჯახის პოზიციის გამყარებისა და კადიროვის კლანის ინტერესების გამყარებისკენ არის მიმართული,- იუწყება „კავკაზსკი უზელი“.