საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დიდი მიტინგი, 20 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო. პროტესტის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ რუსეთის სახელწიფო სათათბიროს (დუმის) დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა გახსნა. ამან როგორც ოპოზიციის, ისე საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეებმა სტიქიურად დაიწყეს შეკრება თბილისის ცენტრალურ, რუსთაველის გამზირზე.
ჟურნალისტების შეფასებით, აქციაზე, სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი. აქცია პოლიტიკოსების ორგანიზებული არ იყო, თუმცა მას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებიც ესწრებოდნენ.
მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ (მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი მოძრაობის) ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, დემონსტრანტთა ნაწილი პარლამენტის შენობის ეზოში შეჭრას შეეცადა. მელიამ პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე შს მინისტრისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვა.
დაიწყო პირველი შეტაკებები. პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა, შემდეგ კი საქმეში ცრემლსადენი გაზიც ჩართო. გამოჩნდნენ პირველი დაჭრილები. დემონსტრანტებმა მოახერხეს და სპეცრაზმის წევრთა ნაწილს ხელკეტები და ფარები წაართვეს, სპეცრაზმის რამდენიმე თანამშრომელი კი შეიპყრეს და მიტინგის ტერიტორიას გაარიდეს.
სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით, რამდენიმე საათის განმავლობაში, უშედეგოდ ცდილობდა დემონსტრანტების დაშლას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. ამის შემდეგ, პოლიციელებმა და სპეციალურმა ტექნიკამ რუსთაველის გამზირის წმენდა დაიწყეს.
დემონსტრანტები სპეცრაზმის წევრებს ქვებს ესროდნენ. პოლიცია მათ დევნას რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზეც აგრძელებდა.
შედეგად, დილისთვის სპეცრაზმმა მთლიანად გაწმინდა დემონსტრანტებისგან რუსთაველის გამზირი. ბევრი მომიტინგე დააპატიმრეს, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
ასევე, ზუსტად უცნობია დაჭრილთა რაოდენობა – მაგრამ საუბარია რამდენიმე ასეულ ადამიანზე. ექიმების თქმით, რამდენიმე მათგანი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ზოგიერთ ადამიანს რეზინის ტყვია სახეში მოხვდა, სავარაუდოდ, მათ თვალის სერიოზული დაზიანება მიიღეს.