ყარაბაღი. გამყოფ ზოლზე სიტუაცია ისევ მწვავდება
ინფორმაცია სომხეთიდან
მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება, რომ 4 ივლისს გამყოფ ზოლზე აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა გააგრძელეს – „სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნებით, გამყოფი ზოლის სამხრეთის მიმართულებით დაახლოებით 20:20, და გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები(РСЗО) TR-107“.
განცხადებაში ასევე ნათვამია, რომ გასული წლის აპრილში დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანი ამგვარ იარაღს იყენებს.
სომხეთის მედია მთიანი ყარაბაღის თავდაცვითი უწყებიდან გადმობეჭდილ განცხადებას აქვეყნებს: „არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებას მომხდარისკენ მიაპყრობს და აზერბაიჯანის მხარეს აფრთხილებს, რომ პასუხი არათანაბარზომიერი იქნება“.
ინფორმაცია აზერბაიჯანიდან
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ გულიევა საჰიბა და გულიევა ზაჰრა – ფიზულის რაიონის სოფელ ალხანლის მაცხოვრებლები დღეს საღამოს 82მმ-ის და 120მმ-ის კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან, ასევე ნაღმმტყორცნი დანადგარებიდან დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. კიდევ ერთი ქალი – გულიევა სარვინაზი ჭურვის ნამსხვრევით არის დაჭრილი.
“აზერბაიჯანის სამხედრო ძალების ადეკვატური საპასუხო მოქმედებების შედეგად მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი ჩაიხშო. სისხლიანი პროვოკაციის მოწყობის პასუხიმგებლობა მთლიანად სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება“, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ.