უნგრეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოში მხარდამჭერები აღმოუჩნდნენ
როდესაც უნგრეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები ქართულ-უნგრულ ბიზნესფორუმში მონაწილეობის მისაღებად სასტუმრო “ქორდიარდ მარიოტთან” მივიდნენ, იქ მათ ტრანსფარანტებით აღჭურვილი ხალხი დახვდა.
ორი სხვადასხვა აქცია ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მიმდინარეობდა.
ერთ აქციაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ვიქტორ ორბანის ანტილიბერალურ პოლიტიკას აპროტესტებდნენ, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უნგრეთში ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მომავალი.
“თავისუფლება განათლებას!”
“ჩვენ ვდგავართ CEU-ს გვერდით!” – ეწერა ტრანსფარანტებზე.
“CEU ღირებულებებით, აკადემიური პრინციპებით ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული უნივერსიტეტია. ის სამარცხვინო პოლიტიკა, რომელსაც ვიქტორ ორბანი ატარებს, ჩვენთვის მიუღებელია, ეს არის ფაშისტური და ანტიდემოკრატიული მიდგომა”, – ავრცელებს აქციის მონაწილის მოსაზრებას ვებგვერდი “ლიბერალი”.
მეორე აქციას კი ნაციონალისტური ორგანიზაცია “ქართული ძალის” წარმომადგენლები მართავდნენ, რომლებიც CEU-ს მხარდამჭერებს “სოროსელებად” მოიხსენიებდნენ და უნგრეთის პრემიერს სწორედ მისი “ანტისოროსული” შეხედულებებისა და მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გამო აქებდნენ.
“ძირს ლიბერალიზმი!” – ეწერა მათ ტრანსფარანტებზე.
“ჩვენ ქართველები ვართ და სოროსელობა არავის არ გაუვა. არ გაუვათ საქართველოში ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციები”, – აცხადებდნენ კონტრაქციის მონაწილეები.
უნგრეთის ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო ახალი კანონი, რომელიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEO) დახურვას, ან სხვა ქვეყანაში გადასვლას აიძულებს. ვიქტორ ორბანი ჯორჯ სოროსისა და მისი ფონდის, “ღია საზოგადოების” უნგრეთში მოღვაწეობის წინააღმდეგია.
აქციებს თავად ორბანიც გამოეხმაურა და ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს (CEU) არავითარი საფრთხე არ ემუქრება და ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
—ცენტრალურ-ევროპული უნივერსიტეტი ბუდაპეშტში ჯორჯ სოროსის მხარდაჭერით 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაარსდა. უნივერსიტეტი უნდა გამხდარიყო და გახდა კიდეც ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობდა დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას, და ევროპულ ცოდნასა და ფასეულობებს შეიტანდა ყოფილი საბჭოთა კავშირის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში. ამჟამად უნივერსიტეტში 1 400-მდე სტუდენტი სწავლობს. ეს სასწავლებელი ძალიან პოპულარულია კავკასიის რეგიონში და მის კურსდამთავრებულებს შორის ბევრნი ქართველია.
—ვიქტორ ორბანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით 21 აპრილს ესტუმრა.