სტრასბურგის სასამართლო დღეს ვანო მერაბიშვილის საქმეს იხილავს
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ზედა პალატაში დღეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე ზეპირი მოსმენა გაიმართება.
საქმე გასული წლის ივნისში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება, რომელმაც მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დააფიქსირა და მის სასარგებლოდ საქართველოს მთავრობას 14 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მისი დიდი პალატის მიერ განხილვა მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამჟამად სასჯელს რამდემინე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის სახელმწიფო თანხების გაფლანგვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, იხდის.
მერაბიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის თქმით, გასულ წელს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა არ ემსახურებოდა კანონიერ მიზნებს და ხელისუფლებას „შეფარული პოლიტიკური დღის წესრიგი ამოძრავებდა“. „დიდი პალატა იმსჯელებს ვანო მერაბიშვილის საქმეზე და დაადგენს, მერაბიშვილის საქმეზე დაირღვა ევროპის კონვენცია თუ არა. იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი დადგინდება, შემდგომ ხელისუფლებას მოუწევს მერაბიშვილის გათავისუფლება და ასევე სხვა ყველა პოლიტპატიმრის საქმის გადახედვა,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.
საქმის განხილვა დღესვე დასრულდება, თუმცა როდის გამოიტანს დიდი პალატა გადაწყვეტილებას, უცნობია.
14 ივნისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია, რომ საქმეში “მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ” დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-18 მუხლები. კერძოდ, თბილისისსაქალაქო სასამართლოშ არ დაუსაბუთებია მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა და არ განიხილა არასაპატიმრო წინასასამართლო შემაკავებელი ზომების გამოყენების შესაძლებლობა.
დადგენილების კიდევ ერთი პუნქტი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდანგაყვანის ინციდენტსა და ამ ფაქტის გამოუძიებლობას შეეხება. ვანო მერაბიშვილი მაშინდელ მთავარ პროკურორს იმაში ადანაშაულებდა, რომ იგი მასზე ზეწოლას ახდენდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიღების მიზნით. ამასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება „გამოყენებულ იქნა დამატებით საშუალებად საგამოძიებო ორგანოების მიერ, რათა მიეღოთ დამატებითი ბერკეტები სხვა საქმეების გამოძიებაში. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთობლიობაში“.
როგორც JAMnews-სთან საუბრისას საქართველოის იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განაცხადა, „დიდი პალატისთვის ეს პრეცედენტული მნიშვნელობის საქმეა. მას პირველად ეძლევა საშუალება დაადგინოს კონვენციის მე-18 მუხლის სტანდარტები, რომელიც კონვენციით დასაშვები შეზღუდვების ბოროტად გამოყენებას კრძალავს“.
ბურჯალიანის თქმით, დიდი პალატის გადაწყვეტილების პროგნოზირება ძნელია, მით უმეტეს, რომ მას 17 მოსამართლე იხილავს.
თინა ბურჯალიანი მიიჩნევს, რომ იმ შემთვევაში, თუ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას მერაბიშვილის სასარგებლოდ მიიღებს, ხელისუფლებას დიდი ალბათობით, მისი გათავისუფლება მოუწევს, იმის მიუხედავად, რომ სტრასბურგის სასამართლოში განსახილველი საქმე მერაბიშვილის მხოლოდ წინასწარ პატიმრობას და არა მისთვის გამოტანილ განაჩენებს ეხება. „როგორც წესი (იმ საქმეებზე), სადაც მე-18 მუხლის დარღვევა დგინდება, დაკავებული პირის გათავისუფლება ხდება, მაშინაც კი, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეს პორდაპირ არ წერია. გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადადის მინისტრთა კომიტეტში და იქ ხდება საჭირო ზომების განსაზღვრა. მე-18 მუხლი იმდენად სერიოზულია, რომ სახელმწიფოები პოლიტიკურ ზეწოლას ვერ უძლებენ“, – აღნიშნა ბურჯალიანმა.