სომხეთმა ისევ გააგზავნა სირიაში ჰუმანიტარული დახმარება
სომხეთმა რუსეთის დახმარებით სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მორიგი პარტია გააგზავნა – საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხარემ სომხეთს შესთავაზა, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევით გაეწიათ სირიისთვის დახმარება. სომხეთმა ჰუმანიტარული ტვირთი მოამზადა, რუსეთმა თვითმფრინავი გამოყო.
ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარგსიანმა განაცხადა, რომ სომხეთს არაერთხელ გამოუცდია საკუთარ მაგალითზე საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობა, ხოლო ასწლეულის წინათ სწორედ სირიელმა ხალხმა „გაუხსნა კარი მათ თავს დატეხილ იმ უბედურ წუთებში და მიიღო სომხები“ (იგულისხმება 1915 წლის გენოციდი და ოსმალეთის იმპერიიდან დეპორტირებული სომხები).
სომხური მასობრივი საინფორმაციო სშუალებები იტყობინებიან, რომ სომხეთიდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ადამიანებს ეროვნული კუთვნილებისგან დამოუკიდებლად დაურიგდებათ. დახმარების განაწილებით დაკავდებიან როგორც ადგილობრივი სომხური, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები.
სირიის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად სომხეთის ხელისუფლებამ სარეზერვო ფონდიდან 46 მილიონი დრამი (დაახლოებით $100 ათასი) გამოყო.
სომხეთის პრეზიდენტის დავალებით, სირიის კონფლიქტით დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარება 2016 წლის 3 და 5 ოქტომბერსაც გაიგზავნა. ამ დროის განმავლობაში სირიაში სულ 40 ტონა ტვირთი ჩავიდა.