საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივი სამხედრო წვრთნების გაფართოებას გეგმავენ
ბათუმში მეხუთე სამმხრივი მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ.
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აღნიშნა, სამმხრივი შეხვედრებისას ერთობლივი სამხედრო წვრთნების გაფართოება დაიგეგმა.
„ათწლეულებია თავდაცვის სფეროში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, ერთობლივი წვრთნების ჩატარების კარგი გამოცდილება გვაქვს. წელს ერთობლივ წვრთნებს უფრო ფართო სახე მიეცა – ორ კვირაში ჩვენს ოპერაციულ ძალებს შორის ერთობლივი წვრთნები დაიწყება; სექტემბერში კი, ერთობლივი საშტაბო-კომპიუტერული წვრთნები ჩატარდება. განვიხილეთ, რომ ეს ფორმატი მომავალში უფრო გავაფართოოთ. მსგავსი სახის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ამბიციური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიკმა კი განაცხადა, რომ სამივე ქვეყანა ენერგოსატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ამასთან, სამივე ქვეყანას ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა აქვს და მათი თანამშრომლობა კავკასიის რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმაც აღნიშნა, რომ სამმხრივი ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენაა მიმართული.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ პატივს სცემენ და აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. დღევანდელი მინისტერიალი მეხუთეა და მას საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს.