საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა იზრდება, ტურისტების მიერ დახარჯული თანხა მცირდება
2019 წლის დასაწყისიდან საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი (ანუ როგორც ტურისტული, ასევე სხვა მიზნებით შემოსული მოგზაურები) რუსეთიდან ჩამოვიდა. ამის შესახებ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
საქსტატის თანახმად, სულ 2019 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან 222.7 ათასი ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 21.4 პროცენტს . 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით მათი რაოდენობა 24.3 პროცენტით არის გაზრდილი.
მილიონი ვიზიტორი წლის დასაწყისიდან
რუსი ვიზიტორების რაოდენობის ასეთი დიდი ზრდა იმ ფონზე ხდება, როდესაც ვიზიტორების საერთო რაოდენობა ქვეყანაში თითქმის არ გაზრდილა.
2019 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების საერთო რაოდენობამ საქართველოში ერთ მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტია.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 0.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი (რაც ქვეყანაში თუნდაც ერთი დღე-ღამით გაჩერებას გულისხმობს), რაც 5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ვიზიტორები უფრო ნაკლებს ხარჯავენ
საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2019 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების მიერ გაწეული ხარჯები 1.2 მილიარდ ლარს (437 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა, რაც 15.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 16.1 პროცენტით შემცირდა და 889.7 ლარი (323 აშშ დოლარი) შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საკვებსა და სასმელში ხარჯავენ.