საქართველოს პრემიერ-მინისტრი: რუსეთი დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს
“საქართველოს მთავრობა მტკიცედ დგას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე. რუსეთი კი, სამწუხაროდ, კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამერიკული ტელეკომპანია Fox -ის ეთერში, გადაცემა Special Reports-ის წამყვან ბრეტ ბაიერთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ.
„ბევრი ქართველი იძულებული იყო, დაეტოვებინა საკუთარი სახლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მტკიცედ დგას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების გზაზე. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ ცდილობს, დაბრკოლებები შეუქმნას ჩვენს სამშვიდობო ინიციატივებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
“პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ის არ არის საკმარისად მკაცრი რუსეთთან მიმართებაში – თქვენ როგორ ფიქრობთ?” – ჰკითხა მას გადაცემის წამყვანმა.
პრემიერმა უპასუხა, რომ იგი მხოლოდ მიესალმება პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას პუტინთან დიალოგის წარმართვასთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით, დიალოგი უალტერნატივოა.
„თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ რეგიონის კონტექსტიც, რადგანაც არასტაბილურობა და, შესაბამისად, გამოწვევებიც იზრდება. მაგრამ პირდაპირი დიალოგი რუსეთთან უმაღლეს დონეზე არის ძალიან ნაყოფიერი და პოზიტიური ნაბიჯი“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
• პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 16 სექტემბერს გაემგზავრა. ეს მისი პირველი ვიზიტია აშშ-ში.
• 36 წლის ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 20 ივნისს გახდა, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი გიორგი კვირიკაშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან და ქვეყნის ფაქტობრივ მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების შემდეგ გადადგა.