საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას.
• საქართველოს აეროპორტებში კორონავირუსის გამო მგზავრებს ამოწმებენ
როგორც სააგენტოში აცხადებენ, შეზღუდვა იმოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე ანუ 2020 წლის 29 მარტამდე. ამის შემდგომ – გაგრძელდება შეზღუდვა თუ მოიხსნება, გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩინეთში შექმნილი ეპიდსიტუაციის შეფასებიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, ასევე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში მოქმედი ყველა ავიაკომპანია ვალდებულია შესაბამის უწყებებს აცნობოს იმ ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი ჩინეთი იყო.