სამხრეთ ოსეთში პირველად ჩატარდა მოდის ჩვენება
ცხინვალში რესპუბლიკის ისტორიაში პირველად გაიმართა მოდის ჩვენება, რაც დიდ საზოგადოებრივ მოვლენად იქცა.
თავისი კოლექცია წარმოადგინა ახალგაზრდა დიზაინერმა ხოხ ბეკოევმა, რომელიც ცხინვალში დაიბადა და გაიზარდა. 30 წლის ბეკოევი პირველი ადგილობრივი დიზაინერია, რომელმაც საზოგადოებას საკუთარი კოლექცია წარუდგინა – საბრენდო ნიშნით “BEKOEV”.
ჩვენება შედგა რესტორან „ბერეგის“ საბანკეტო დარბაზში, რომელიც პოდიუმად გადააკეთეს. კოლექცია ვლადიკავკაზის სააგენტო „Almastmodels“-ის მოდელებმა და დიზაინერის ადგილობრივმა მეგობარმა გოგონებმა წარმოადგინეს.
სულ ნაჩვენები იყო 57 სამოსი, ძირითადად წითელ და თეთრ ტონებში. განსაკუთრებული აპლოდისმენტები ხვდა გრძელმკლავიან და ოსური ორნამენტებით მოქრგულ ნიმუშებს.
ხოხ ბეკოევმა 2016 წლის ზამთარში ატელიე გახსნა, და იმავე წლის სექტემბრიდან დაიწყო თავისი ამ კოლექციის მომზადება. ბეკოევის მიერ შექმნილი პირევლი სამოსი მისი ექვსი წლის დისშვილისთვის შეკერილი კაბა იყო.
კოლექციისა და ჩვენების სპონსორი გახდა ანატოლი ბიბილოვი, სამხრეთი ოსეთის ახლანდელი პრეზიდენტი, იმ დროს კი მხოლოდ პარტია „ედინაია ოსეტიას“ (დღეს რესპუბლიკის მმართველი პარტიის) ლიდერი. ჩვენებაზე მაყურებლებს შორის ანატოლი ბიბილოვიც იმყოფებოდა.