კანონი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ნებისმიერი მოქალაქე შესაძლოა უცხოელ აგენტად გამოცხადდეს, პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულია და პრეზიდენტ პუტინის ხელმოწერას ელოდება.
ამავე დროს, ინტერნეტსივრცეში ჩაშვებულია კამპანია – ღია წერილი პრეზიდენტს, თხოვნით, არ მოაწეროს ხელი კანონს. წერილს 60 ხელმომწერი ჰყავს. ძირითადად ხელმომწერები უფლებადამცველები არიან, მაგრამ წერილს ხელს კულტურის ცნობილი მოღვაწეებიც აწერენ, მათ შორის, მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი და მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი.
რა ნიშნავს უცხოელი აგენტი, როგორ შეიძლება ის გახდე და რატომ უწოდებენ უფლებადამცველები კანონს „იურიდიულ აბსურდს და კონსტიტუციასთან შეუსაბამოს“ – გამოცემა „აფიშა დეილის“ იურისტი, მაკს ოლენიჩი გვიამბობს:
რას ნიშნავს საერთაშორისო აგენტი?
საერთაშორისო აგენტი – ის, ვინც რუსეთის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოს ინტერესებით მოქმედებს.
აქამდე, უცხოელ აგენტებად შესაძლებელი იყო გამოეცხადებინათ მხოლოდ იურიდიული პირები (კომპანიები, მედია)
ახალი კანონის მიღებით, უცხოელი აგენტი შესაძლოა გახდეს ნებისმიერი მოქალაქე.
როგორ ხდებიან უცხოელი აგენტები?
უცხოელ აგენტად შესაძლოა გამოცხადდეს ის:
• ვინც უცხოელი წყაროებიდან იღებს ფულს ან ქონებას, ან ის რუსული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური დაფინანსებით სარგებლობენ.
• ვინც მონაწილეობს საინფორმაციო მასალების მომზადებაში იმ მედიისათვის, რომელსაც უცხოელი აგენტის სტატუსი აქვს მინიჭებული. მაგალითად, აძლევს ინტერვიუს.
• ვინც საზღვარგარეთიდან იღებს ნებისმიერი სახის გადასახადს. ზოგიერთი იურისტი ვარაუდობს, რომ ეს განსაზღვრება მოიცავს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ მიღებულ შემოსავალს ონლაინბირჟებზე საქონლის გაყიდვიდან ან უცხოელებზე ბინების გაქირავებიდან.
უცხოელი აგენტის სტატუსს იუსტიციის სამინისტრო, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ანიჭებს.
რა ემუქრებათ უცხოელ აგენტებს
ფიზიკური პირები, რომლებიც უცხოელი აგენტების რეესტრში მოხვდნენ, ვალდებულნი არიან: დააფუძნონ იურიდიული პირი, ამის შესახებ შეატყობინონ ხელისუფლებას და ამის შემდეგ ნებისმიერი ინფორმაცია (ინტერვიუ, პოსტები სოც.ქსელში) გაავრცელონ სპეციალური მარკირებით.
ორგანიზაციებს, რომლებიც უარს იტყვიან აღნიშნულის შესრულებაზე, 5-ათასდოლარიანი ჯარიმა ემუქრებათ.
მოქალაქეებისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა, თუ კანონი მიიღეს – ჯარიმის ოდენობასაც შეიმუშავებენ.