რუსეთი სომხეთს იარაღის საყიდლად ახალ კრედიტს გამოუყოფს
ფოტო: სერგეი ჩირიკოვი, REUTERS
რუსეთი სომხეთს იარაღის საყიდლად 100 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ კრედიტს გამოუყოფს. ამავდროულად, წინა რუსულ კრედიტთან დაკავშირებით, რომელიც 200 მილიონ დოლარს შეადგენდა და იმავე მიზნებით იყო გამოყოფილი, ყველაფერი წესრიგში არ არის – სომხეთს ამ თანხით შეძენილი იარაღი ჯერაც არ მიუღია და არც საკუთრივ კრედიტი გადაუხდია.
სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა ახალ კრედიტთან დაკავშირებული შეთანხმება უკვე დაამტკიცა. როგორც წინა ჯერზე, თანხა – მხოლოდ რუსული სამხედრო ნაწარმის და თან შეღავათიან ფასად შესაძენად გამოიყოფა.
სომხეთში ექსპერტები იარაღის შეძენასთან დაკავშირებული შეთანხმების კომენტირებას არ ჩქარობენ.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ იარაღის ზუსტად რომელ სახეობებს შეიძენს სომხეთი. სამხედრო ექსპერტი არტურ ეგიაზარიანი ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ „სულაც არ არის აუცილებელი, სომხეთმა იგივე შეიძინოს, რაც აზერბაიჯანს აქვს“.
და მეორეც, წინა, ორჯერ უფრო დიდ კრედიტს ჯერ კიდევ 2015 წელს მოეწერა ხელი, მაგრამ შესყიდული იარაღი სომხეთისთვის სრულად ჯერაც არ მიუწოდებიათ.
„რუსულ იარაღს ალტერნატივა აქვს, მსოფლიოში უფრო ხარისხიანი მწარმოებლებიც არსებობენ. თუმცა, რუსეთს სურს, რომ სომხეთი მთლიანად მასზე იყოს დამოკიდებული, სომხეთის ხელიდან გაშვება არ უნდა, თუნდაც ძალიან უმნიშვნელო თანხებზეც იყოს ლაპარაკი“, – ამბობს პოლიტოლოგი სტიოპა საფარიანი.
იგეგმება, რომ სომხური მხარე კრედიტს 3%-იანი საპროცენტო განაკვეთით 15 წელიწადში დაფარავს.