რომიდან თბილისში დღეს ორი სპეცრეისი ჩამოვა. ორასივე მგზავრს კარანტინში მოათავსებენ
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ორი თვითმფრინავი უკვე გაფრინდა რომში, რომ იქედან თბილისში ორასი მგზავრი ჩამოიყვანოს.
ეს არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით იტალიაში იმყოფებოდნენ და კარანტინის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.
პირველ რეისს თბილისში 19:30 ელოდებიან. ორასივე მგზავრს კარანტინში გადაიყვანენ.
აღნიშნული რეისები საქართველოს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელშეწყობით ხორციელდება. თანხას მთლიანად საქართველოს მთავრობა ფარავს – მგზავრები არაფერს იხდიან.
როგორც „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორი რომან ბოკერია ამბობს, იტალიაში დაკეტილი აეროპორტების გამო “ძალიან პრობლემატური აღმოჩნდა რომის აეროპორტში ორი სლოტის მიღება”.
რომ
• საქართველო: დამსაქმებლებს მოვუწოდებთ არ დაუშვან სამსახურში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულები
• კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა, ერთმანეთს იდაყვებითა და ფეხსაცმელებით ვესალმებით. ვიდეო
• საქართველო: ტურისტები აღარ ჩამოდიან, სასტუმროები გაკოტრების პირას არიან
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 15 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან ორი ირანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეა, სხვები კი იტალიიდან არიან ჩამოსულები ან იტალიიდან ჩამოსულებთან ჰქონდათ კონტაქტი.
10 მარტის დილის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 30 პაციენტი. მათ შორისაა ვირუსული პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირებული 14 ადამიანი. მძიმეა ერთის მდგომარეობა.