პუტინმა 2008 წელს საქართველოსკენ დაძრული სამხედრო ტექნიკის შესახებ SMS-ებისთვის მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა სოჭის მკვიდრი ოკსანა სევასტიდი, რომელიც 2008 წელს რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ საქართველოსთვის ინფორმაციის გადაცემის გამო იყო მსჯავრდებული.
პუტინის ბრძანებულება სამრთლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე დღეს გამოქვეყნდა.
რუსეთის მოქალქეს ოქსანა სევასტიდის 2016 წლის მაისში სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე მან საქრთველოში თავის ნაცნობს რამდენიმე სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა. ოქსანა წერდა, რომ სოჭში სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებელი ნახა, რომელიც მისი ინფორმაციით, აფხაზეთისკენ მიემგზავრებოდა.
თუმცა, სევასტიდის ადვოკატმა ევგენი სმირნოვმა განაცხადა, რომ შეწყალების მიუხედავად, იბრძოლებს თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სრული გამართლებისთვის და იმ განაჩენის გაუქმებისთვის, რომელსაც მან უკანონო უწოდა.
გასული წლის დეკემბერში პრეს-კონფერენციაზე სევასტიდის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას ვლადიმირ პუტინმა განაჩენს “საკმაოდ მკაცრი” უწოდა, თუმცა საქმის წვრილმანების უცოდინრობა მოიმიზეზა.
სევასტიდის შემთხვევა უნიკალური არ არის. 2014 წლის ნოემბერში სოჭის მკვიდრს ეკატერინე ხარებავას, 2008 წელს აფხაზეთის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ ანალოგიური გზავნილების გამო, სასამართლომ თავისუფლების ექვსი წლით აღკვეთა შეუფარდა.