პუტინი აფხაზებს ეკონომიკის განვითარებას დაჰპირდა
„ჩვენთან საქონელბრუნვა მატულობს, მაგრამ მცირე ტემპით – 2017 წელს ხუთი პროცენტი, ორი პროცენტი 2018 წლის რვა-ცხრა თვის განმავლობაში. [აფხაზეთში] მუშაობს 300 [რუსული] საწარმო, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არასაკმარისია.
წინა შეხვედრაზეც ვამბობდით, რომ საჭიროა დამატებითი ძალისხმევა, რათა ეკონომიკის განვითარებას ბიძგი მიეცეს“, – უთხრა ვლადიმირ პუტინმა თავის აფხაზ კოლეგას რაულ ხაჯიმბას ჟურნალისტების თანდასწრებით.
• რა უნდა გააკეთოს თბილისმა, რათა აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტა დაიწყოს – მოსაზრება
• განცხადება აფხაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ — რა ინტერესები აქვთ თბილისს და მოსკოვს
2018 წლის განმავლობაში ეს აფხაზეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რიგით მეორე შეხვედრა იყო. წინა შეხვედრა 2018 წლის აგვისტოში კრემლში შედგა.
სამწლიანი საინვესტიციო პროგრამა,რომლის ფარგლებშიც აფხაზეთში რუსული ფული შედის, 2019 წელს სრულდება. აფხაზეთში იმედოვნებენ, რომ ამ ციკლის დასრულებამდე მომავალი სამი წლისთვის რესპუბლიკისთვის ფინანსური დახმარების გაწევის ახალი პროგრამა შემუშავდება.
აფხაზეთისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის ფინანსური ინვესტიციები აფხაზეთის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.
• როგორ აფინანსებს რუსეთი სამხრეთი ოსეთის საშუალებით აღმოსავლეთ უკრაინას, სადაც ომი მიმდინარეობს
• კომენტარი: ქართულ -აფხაზური ჩიხი – საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ როგორც პრორუსული აქცია
აფხაზეთში რუსული სახსრებით განხორციელებული სხვადასხვა ეკონომიკური და სოციალური პროექტის გარდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხებში მოსკოვთან თანამშრომლობა. როგორც იუწყებიან, ეს საკითხები ხაჯიმბასა და პუტინის შეხვედრაზე ასევე განიხილეს, ოღონდ – დახურულ რეჟიმში.
შეხვედრის შემდეგ რაულ ხაჯიმბამ მხოლოდ ის თქვა, რომ „2018 წლის განმავლობაში ჩატარდა 94-ზე მეტი ღონისძიება, რაც ორ სამხედრო უწყებას შორის ინტენსიურ ურთიერთკავშირზე მიუთითებს“.