მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გვიან ღამე დააკავეს – შიმშილობა გამოაცხადა.
სააკაშვილი უარს ამბობს იძულებით კვებაზეც და თუ აღკვეთ ღონისძიებად მას 60 დღიან პატიმრობას შეუფარდებენ, ის ამ ხნის განმავლობაში არ აპირებს საკვების მიღებას, განაცხადა მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ.
9 დეკემბერს თბილისის დროით 0:34 გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქარველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში მეგობრის ბინაში დააკავეს. იმავე ღამეს ის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. დაკავებისას ძალისმიერი მეთოდები გამოყენებული არ ყოფილა. ოპერაცია ნაციონალურმა პოლიციამ ჩაატარა.
გუშინ ღამითვე მიხეილ სააკაშვილთან შეუშვეს მისი ადვოკატები.
ღამე მასთან იმყოფებოდნენ ექიმებიც – როგორც ადვოკატები ამბობენ, ის გაციებულია, აქვს ფილტვების ანთება და გუშინ დაკავების შემდეგ ჰქონდა მაღალი წნევა.
ადვოკატების თქმით, სააკაშვილი აცხადებს, რომ მას არავითარი კავშირი არა აქვს იმ ბრალდებებთან, რასაც მას გენერალური პროკურატურა უყენებს. “მას უკრაინელი ხალხის იმედი აქვს”, – განაცხადა საააშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ.
“ასევე მიხეილმა თავის მეუღლეს სანდრა რულოვსს სთხოვა, რომ სწორედ ის იყოს მისი მთავარი სპიკერი და საჯარო წარმომადგენელი და დაიცვას მისი უფლებები და თავისუფლება”, – აღნიშნა იზოლატორიდან გამოსულმა ადვოკატმა.
როგორც სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, პაველ ბოგომაზოვი ამბობს, სავარაუდოდ 11 დეკემბერს გაიმართება სასამართლო სხდომა, სადაც იმსჯელებენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას ითხოვს, რომლის დროსაც მიხეილ სააკაშვილს ხელზე სპეციალური ელექტრონული სამაჯური უნდა ეკეთოს.
გავრცელდა თუ არა ინფორმაცია “ახალ ძალთა მოძრაობის” [სააკაშვილის პარტია უკრაინაში] ლიდერის დაკავების შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, სადაც სააკაშვილი მიიყვანეს, ასობით მისმა მხარდამჭერმა მოიყარა თავი. “სირცხვილი” – სკანდირებდნენ ისინი და შენობის ყველა შესასვლელი დაბლოკეს. მათ ღამე შენობასთან გაათენეს – მოიტანეს დიდი ავზები, ნახშირი და დაანთეს ცეცხლი, რომ ყინვაში გამთბარიყვნენ.