თურქეთის სასამართლომ გერმანული გამოცემის ჟურნალისტს პატიმრობა შეუფარდა
სტამბულის სასამართლომ გერმანული გაზეთის Die Welt კორესპონდენტის დენიზ იუჯელის დაპატიმრების შესახებ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. იუჯელი თურქეთისა და გერმანიის მოქალაქეა. გერმანიის მხრიდან გამოთქმული პროტესტისა და დაკავებული რეპორტიორის გათავისუფლების შესახებ ბერლინის მოწოდებების მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინ შეფერმა 27 თებერვალს თურქეთის ხელისუფლებას დენიზ უჯელის გათავისუფლებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, – იტყობინება გერმანული ტალღა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი მანამდე თურქეთისადმი კრიტიკით გამოვიდა და აღნიშნა, რომ „არ არსებობს არანაირი აუცილებლობა და სრულიად გაუმართლებელია დენიზ იუჯელის პრკურატურაში დაკითხვამდე ასე დიდხანს დაკავება“.
გარდა ამისა, ბუნდესტაგის 160-მა დეპუტატმა ღია წერილით მიმართა გერმანიაში თურქეთის ელჩს და მოუწოდა, მის გასათავისუფლებლად ეშუამდგომლა.
დენიზ იუჯელი 14 თებერვალს სტამბულის პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა. თურქეთის ხელისუფლების მიერ ის ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში, პროპაგანდის გავრცელებასა და ინფორმაციის ბოროტად გამოყენებაში. ვინაიდან თურქეთში საგანგებო მდომარეობის რეჟიმი მოქმედებს, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების ბრალის წაუყენებლად დაკავება 14 დღემდე არის შესაძლებელი. წინასწარი პატიმრობის შემთხვევაში, თურქეთის კანონების მიხედვით, ეს ვადა შეიძლება 5 წლამდე გაიზარდოს.
სააგენტო dpa-ს ინფორმაციით, საქმე, სავარაუდოდ, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ბერატ ალბაირაკის გატეხილი ელექრონული ფოსტის ყუთიდან მოპარულ ელექტრონულ შეტყობინებებს ეხება. ალბაირაკი თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის სიძეა. ჰაკერული ჯგუფის Redhack-ის მიერ გავრცელებული ელექტრონული წერილები დენიზ იუჯელის ორ პუბლიკაციაში ფიგურირებდა. ჯგუფი Redhack თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.