თოვლი, ზღვა და მოგონებები - აფხაზეთში ნამდვილი ზამთარია
აფხაზეთი თოვლშია ჩაფლული. ძლიერი თოვა 29 იანვრის ღამიდან დაიწყო და თითქმის ორი დღე-ღამის განმავლობაში განუწყვეტლივ გრძელდება. სიტუაცია თითქმის ექსტრემალურია – ჩაიკეტა გზები, ძალიან გაძნელებული ან შეჩერებულია მოძრაობა, სკოლებში სწავლა შეწყდა.
ეს ყველაფერი იმიტომ არის გასაოცარი, რომ ზოგჯერ ზამთარი ისე გაივლის, ზღვისპირა ზოლში მდებარე აფხაზეთში თოვლი არც კი მოდის, და თუ მოდის – მაქსიმუმ ერთი დღით დადოს. ჩვეულებრივ კი, მიწასთან შეხებისთანავე დნება.
ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იყო. დიდი თოვლი მოვიდა, ყინვებმაც დააჭირა და ეს სილამაზე დიდხანს შეინარჩუნა. ბევრს წინაპრებისგან გაგონილი ამბავი გაახსენდა – 1911 წელს აფხაზეთში რეკორდული ყინვები ყოფილა. ამბობენ, მაშინ ქალაქში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევდა და თითქმის 40 დღე იდოო.
დიდმა თოვლმა მაშინ მთლიანად გაწყვიტა სახმელეთო კომუნიკაცია დასახლებულ პუნქტებს შორის. რამდენიმე ადამიანიც კი დაიღუპა. ტყეებში მასობრივად დაიხოცნენ საკვების გარეშე დარჩენილი ცხოველები და ფრინველები.
მაშინ სერიოზული შემდეგი მოჰყვა თოვლის დნობასაც – სოხუმში დიდი წყალდიდობა დაიწყო.
ახლა ყველაფერი უფრო სახალისოა. ბოლოს და ბოლოს ბავშვები მაინც არიან ბედნიერები. რა ენაღვლებათ – არც მანქანა აქვთ დასაქოქი ყინვაში, და არც იმაზე უწევთ ზრუნვა, რომ ბინა როგორღაც გაათბონ, როდესაც შუქი განსაკუთრებით ხშირად და დიდი ხნით არის გამორთული.