გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა. არიან დაშავებულები
გუდაურის სამთო კურორტზე მწყობრიდან გამოვიდა საბაგირო, რა დროსაც სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან საქართველოს, უკრაინის, რუსეთის და შვედეთის მოქლაქეები. ყველანი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ექიმები ამბობენ, რომ მძიმედ არავინ დაშავებულა.
გუდაურში საძელეს სათხილამურო ტრასაზე საბაგირო მწყობრიდან 16 მარტს, დღის პირველ ნახევარში გამოვიდა, ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა. საბაგიროზე მყოფი მოქალაქეები კი გადმოხტომით შველოდნენ თავს.
პირველი კადრები რამდენიმე წუთში ფეისბუკზე გავრცელდა.
კადრში ჩანს, როგორ ცვივა ადამიანები სწრაფად მოსრიალე გონდოლებიდან:
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკას 8 ადამიანმა მიმართა.
“საბედნიეროდ გარდაცვალების შემთხვევა არ არის და არ არის მძიმე პაციენტი. ორი პაციენტია საყურადღებო – ერთი უკრაინის, ხოლო მეორე შვედეთის მოქალაქე”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის მოქალაქეს ხელის ღია მოტეხილობა აქვს, დაშავებული შვედეთის მოქალაქე კი, ფეხმძიმე ქალია. ორივე მათგანი ვეტმფრენით გუდაურიდან თბილისში ჩამოჰყავთ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო, ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.