ბაქოში 14 წლის გოგონამ, რომელსაც სკოლაში ჩაგრავდნენ, თავი მოიკლა
მოზარდი გოგონა სკოლის მესამე სართულიდან გადახტა და გარდაიცვალა. დედის თქმით, მან სხვა მოსწავლეების მხრიდან მუდმივ ჩაგვრას ვერ გაუძლო.
14 წლის ელინა გაჯიევა ბაქოს N162-ე სკოლის მერვე კლასში სწავლობდა. ის იქ სხვა სკოლიდან გადავიდა, სადაც მაშინვე აითვალწუნეს და ჩაგვრა დაუწყეს – აცნობა ვებგვერდ Oxu.az-ის გოგონას დედამ.
• როგორ ხდებიან თვითმკვლელები აზერბაიჯანში
ელინას დედა მოჰყვა, რომ უფროსკლასელები მის ქალიშვილს შეურაცხყოფას აყენებდნენ და დასცინოდნენ. მშობლები სკოლის ადმინისტრაციაში ჩიოდნენ, ისინი მათ საქმის გარკვევას ჰპირდებოდნენ, თუმცა არავითარი ზომები არ მიუღიათ; მეტიც, ელინა ამბობდა, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მას უხეშადაც კი ექცეოდა.
4 აპრილს ელინა სკოლის ფანჯრიდან გადახტა. და რამდენიმე დღეში მრავალრიცხოვანი ტრავმით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ახლა საქმეს ხელი მოჰკიდა პროკურატურამ, სკოლის ადმინისტრაცია ჩვენებებს იძლევა, მასწავლებლებიც ცდილობენ, თავად მშობლები დაადანაშაულონ თავიანთი შვილის მიმართ გამოჩენილ გულგრილობაში.
ეს შემთხვევა მძაფრად განიხილება სოციალურ ქსელებში. ხალხის რისხვას მომხდარის ორი ასპექტი იწვევს.
ჯერ ერთი, თავად ფაქტი, რომ მოსწავლეებმა გოგონა თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, მასწავლებლები კი არანაირად არ ჩარეულან.
მეორეც ის, რომ მომხდარის შემდეგ მაშინვე, როდესაც ელინა საავადმყოფოში წაიყვანეს, ექიმები მის მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ გოგონას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა და მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრებოდა.