ბაქოში სომეხი დეპუტატები ჩავიდნენ
«ბაქოს სომხეთის პარლამენტის საგარეო კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე, არმენ აშოტიანი და დეპუტატი მანე თანდილიანი ესტუმრნენ» – იუწყება სააგენტო “აპა” და წყაროდ მოჰყავს სომხეთის პარლამენტის გვერდი ფეისბუკში. პარლამენტარები მონაწილეობას იღებენ კონფერენციაში სახელად „პარლამენტის როლი გენდერულ თანასწორობისა და ქალთა ჯანმრთელობის საკითხში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების მესამე და მეხუთე მიზნების ფარგლებში»
«ბოლოს ბაქოში 1988 წელს ჩამოვედი, მთიანი ყარაბარის კონფლიქტის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. მაშინ 13 წლის ვიყავი. დედაჩემი ბაქოელია – მეტნაკლებად ვიცნობ ამ ქალაქს», – აცხადებს არმენ აშოტიანი.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სომხური დელეგაციის წევრებს ტექნიკური პრობლემები შეექმნათ, რომლებიც უმოკლეს დროში გადაწყდა:
«დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია. სავარაუდოდ, ეს ინციდენტი გამოწვეულია იმით, რომ სომხეთის დელეგაცია იშვიათად ჩადის ხოლმე აზერბაიჯანში. კონფლიქტის გამო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ინტენსიური აღარ არის».
«აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ ჩვენთვის „ევრონესტი“ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. სომხეთი ევროკავშირთან ახალი შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადება. ამას გარდა, ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ არ დავუშვათ პროპაგანდა და ევროპელი დეპუტატების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზე ანტისომხური განწყობის გავრცელების შესაძლო შემთხვევები აღვკვეთოთ. სამწუხაროდ ზოგიერთი დელეგატის გამოსვლაში მსგავსი რიტორიკა იგრძნობოდა. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განსახილველად არ ჩამოვსულვართ», – თქვა აშოტოანმა.
ორგანიზაცია „ყარაბაღის გათავისუფლების“ აქტივისტთა ჯგუფმა სომეხი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით არასანქცირებული საპროტესტო აქცია ჩაატარეს – დემონსტრანტები გამოვიდნენ პლაკატებით, რომლებზეც იკითხებოდა წარწერები „წაეთრიეთ ბაქოდან, სომეხო ოკუპანტებო!“ და „სირცხვილი მათ, ვინც ბაქოში სომხები დაპატიჟა“.
სომხური მედია (კერძოდი კი news.am) არმენ აშოტიანის ბაქოს კონფერენციაზე გამოსვლას ეხმიანება:
“მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი აზერბაიჯანელი მომხსენებელი შეეცადა, ქალების ჯანმრთელობისა და სოციალური პრობლემებისადმი მიძღვნილი ფორუმის პლატფორმა ანტისომხური პროპაგანდისთვის გამოეყენებინა. მან განაცხადა, რომ სომხური დელეგაცია ბაქოში ფორუმის თემების განსახილველადაა ჩასული და ყარაბაღის კონფლიქტის დეტალების ანალიზს არ აპირებს.
აშოტიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კონფლიქტების დროს დაპირისპირიების მონაწილე ყველა მხარე ზარალდება და ამიტომ, აუცილებელია, ყველას მოვუსმინოთ და არსებული პრობლემები ადამიანების უფლებებისა და ჰუმანიზმის პრინციპების მიხედვით იქნას განხილული, პოლიტიკური კონფლიქტის მონაწილეების რელიგიური და ეთნიკური თავისებურებების მიუხედავად.
მან სომხურ მხარეს მოუწოდა, არ ჩაუნერგოს მომავალ თაობას არმენოფობია და ქსენოფობია, იმიტომ რომ ასეთი პოლიტიკა რეგიონში მცხოვრებ ყველა მხარეს დააზარალებს.
ამას გარდა, სომხეთის ეროვნული კრების დელეგაციის ხელმძღვანელი „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე აზერბაიჯანის განათლების სისტემაში ანტისომხური სტერეოტიპების ფორმირების საკითხსაც შეეხო და მსგავს პოლიტიკის აღმოფხვრის მოწოდებით გამოვიდა”.