ბაქოში გამართულ მიტინგზე ყარაბაღის ომით დაბრუნებას მოითხოვდნენ
გაზიარება
გაზიარება
ბაქოში ჩატარდა მიტინგი, რომლის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლებისგან „ყარაბაღის ძალისმიერი გზით გათავისუფლებას“ მოითხოვდნენ. მიტინგის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი კომიტეტი „ყარაბაღი“, რომელმაც ის ხელისუფლებასთან წინასწარ შეათანხმა.
მიტინგი ჩატარდა სტადიონზე, სადაც ტრადიციულად ოპოზიცია ატარებს თავის მიტინგებს. მონაწილეებისგან ისმოდა ლოზუნგები: „დაიწყოს ანტიტერორისტული ოპერაცია ყარაბაღში“; „ყარაბაღის გათავისუფლება!“ ; „იძულებით გადასახლებულთა საკუთარ ადგილებზე დაბრუნება!“; „არა – საერთაშორისო ორგანიზაციების ორმაგ სტანდარტებს“ და სხვა. კომიტეტ „ყარაბაღის“ ხელმძღვანელის, აკიფ ნაგის თქმით, – „მიტინგის მიზანია ყარაბაღის გათავისუფლების საკითხში საზოგადოებრივი აქტიურობის ამაღლება“.
„ჩვენ საზოგადოების ერთიანი ნება უნდა გამოვხატოთ და ხელისუფლებას ტერიტორიის გასათავისუფლებლად რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოვთხოვოთ“, – თქვა ნაგიმ.
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ისკენდერ გამიდოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება მხოლოდ სამხედრო გზით არის შესაძლებელი.
მმართველი პარტიის დეპუტატმა სიავუშ ნოვრუზოვმა ამ მიტინგის ჩატარების იდეა არ მოიწონა: „იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი და პარლამენტი, მთავრობა, სხვა სახელმწიფო სტრუქტურები კონფლიქტის გადასაწყვეტად ყველანაირ ღონეს ხმარობენ, ყარაბაღის საკითხისადმი მიძღვნილი მიტინგის ჩატარება, აბსოლუტურად უადგილოა. ადამიანების ერთი ჯგუფი ცდილობს, რომ აზერბაიჯანისთვის საბედისწერო საკითხი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისა და ამბიციების განსახორციელებლად გამოიყენოს, და ამით პოპულარობა მოიპოვოს“.