აშშ-მა, თურქეთის მხრიდან კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, სირიელი ქურთების შეიარაღება გადაწყვიტა
ქურთი მეომარი თვალს ადევნებს ამერიკული კოლონის გადაადგილებას . 2017 წლის აპრილი. ფოტო: რობი საიდი, როიტერი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა იმ ქურთი მეამბოხეებისთვის იარაღის გადაცემას, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო ოპერაციებში მონაწილეობენ. საქმე ეხება მსხვილკალიბრიან ზარბაზნებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, საარტილერიო დანადგარებს, საინჟინრო აღჭურვილობასა და ჯავშანტრანსპორტიორებს.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია თურქეთთან ხანგრძლიავი კამათის შემდეგ, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანაა, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღდმეგება ქურთული ფორმირებების გაძლიერებას, რადგან ათწლეულების განმავლობაში ებრძვის ქვეყნის შიგნით ქურთ სეპარატისტებს.
აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას, შესაძლოა, შედეგად ის მოჰყვეს, რომ ანკარამ საპასუხოდ მნიშვნელოვნად შეამციროს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საქმეში ვაშინგტონთან თანამშრომლობა, – წერს New York Times.
სირიელი ქურთების შეიარაღების გადაწყვეტილება მიიღეს ამერიკელი სამხედროების დაჟინებული მოთხოვნით, რომლებსაც მოსულზე შეტევის დასასრულებლად და რაკის ოპერაციის დასაწყებად – „ისლამური სახელმწიფოს“ ამ ორი საყრდენი პუნქტის გასათავისუფლებლად ქურთული ფორმირებების მონაწილეობა გადამწყვეტად მიაჩნიათ.
მათი შეფასებებით, ქურთული ფორმირებები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაპირისპირებული საერთაშორისო კოალიციის რიგებში ყველაზე ნიჭიერ და გამოცდილ ნაწილს წარმოადგენენ.
„ისლამური სახელმწიფოსთვის“ ბოლოს მოღება ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი პუნქტი იყო.