ჟურნალისტ ინალ ხაშიგის თვალსაზრისი" />

როგორ არიგებენ სახელმწიფო ჯილდოებს აფხაზეთში

ჟურნალისტ ინალ ხაშიგის თვალსაზრისი

აფხაზურ ბლოგოსფეროს რომ გადაავლოთ თვალი, ნახავთ, რომ აქაური საზოგადოება მესიებს და წმინდანებს ეძებს.

ლანძღავენ ხელისუფლებას, ადანაშაულებენ ყველა საზოგადოებრივ ინსტიტუტს – იქნება ეს უხუცესთა საბჭო, თუ საზოგადოებრივი პალატა.

თითქოს მხოლოდ ეს ინსტიტუტებია დამნაშავე ყველაფერში და საზოგადოების დანარჩენი ნაწილი კი, ამ ყველაფერზე მაღლა დგას, საგულდაგულოდ ხელებდაბანილი.

ისინი ეძებენ წმინდანებს და მესიებს – ანუ მათ, ვინც ამ ჩიხიდან გამოგვიყვანს. 

“ჩემი დიდი ბაბუა სელიკუ ჰაშიგი მუსლიმი იყო”- რელიგიური ოაზისი აფხაზეთში

• არც ლიანდაგები, და არც ფული – აფხაზეთი ცდილობს საეჭვო რუსული „სარკინიგზო“ ვალის მოშორებას 

რასაკვირველია, თავიდან უნუგეშო დასკვნამდე მივიდნენ – წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობა არასათანადოა და საერთოდაც, ისე არ მუშაობენ, როგორც საჭიროა, რაღაც სხვა, მეორეხარისხოვანი საქმეებით არიან დაკავებული. 

შემდეგ, აფხაზი ბლოგერები ადგნენ გადაწყვიტეს თავიანთი “ოცნების გუნდი” ჩამოეყალიბებინათ. თუმცა, სანუგეშო ვერც აქ აღმოჩნდა ვერაფერი. გაირკვა, რომ აფხაზური არქეოპაგის მრგვალ მაგიდასთან მისაწვევი ღირსეული კადრები არც არის. არჩევანი თითქმის ნულოვანია.

მადლობა ღმერთს, აფხაზურ საზოგადოებაში პატიოსანი ადამიანები ჯერაც არიან, თუმცა, დღევანდელ სისტემაში ისინი თითქმის არ ჩანან. მზერა მუდამ ნეპოტიზმით დანიშნულ, თვითმარქვია პროფესიონალებზე ჩერდება. ასეთები გაცილებით ბევრნი არიან. 

პრეზიდენტის გარემოცვის ერთი მაღალჩინოსანი ჩემთან პირად საუბარში ჩიოდა, რომ სახელმწიფო კანცელარია სავსეა წერილობითი შუამდგომლობებით, სადაც სხვადასხვა სფეროს მოღვაწეებისთვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემას ითხოვენ. უარსაც ვერ ეტყვი – ძლიერი ლობისტები ჰყავთ. 

მაშინ მივხვდი, როგორ მუშაობს ამ ჯილდოების გაცემის სისტემა – პრეზიდენტს რომელიმე პერსონის შესახებ ყველა მხრიდან შეუჩიჩხინებენ და ისიც ფურცლების რომელიმე გროვას მოაწერს ხელს, რომ დროებით მაინც დაანებონ თავი.  

თუმცა, პრეზიდენტს ავიწყდება, რომ მადა ჭამაში მოდის. რომელიმე მეზობლისთვის ან კოლეგებისთვის ბოძებული ჯილდო სხვა მეზობელსა და კოლეგასაც უხსნის მადას და სულ ახალ-ახალი შუამდგომლობების საფუძველი ხდება. 

ამგვარად, ჯილდოების დარიგებებს შორის დროის ინტერვალი სულ უფრო მცირდება. ბოლოს ალბათ მადლიერი “შუამდგომლები”  პრეზიდენტს დააჯილდოვებენ ყოველდღიურად უამრავ ფურცელზე ხელმოწერისთვის. 

ამ სიტუაციას ერთადერთი მოგებული ჰყავს – ტყვარჩელის პატარა ქარხანა, სადაც ჯილდოებს ამზადებენ. ამ დეპრესიულ ქალაქში მხოლოდ ეს ქარხანა მუშაობს და მის თანამშრომლებს შეუძლიათ მშვიდად იყონ – მათ არც მომავალ წელს მოაკლდებათ საქმე. 

საბჭოთა წლებში ეს საწარმო თავდაცვას ემსახურებოდა, ამჯერად კი – მხოლოდ აფხაზური პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე ზრუნავს.

ზოგჯერ ფიზიკური სიკვდილიც კი ვერ აჩერებს ამ პროცესს.

თუ ადამიანი თავის სიცოცხლეში ბრინჯაოთი მოვარაყებაზე არც ოცნებობდა, სრულიად ჩვეულებრივი ცხოვრება განვლო და ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდა – სიკვდილის შემდეგ მას მაინც ემუქრება დიდება, რადგან ნათესავები სასწრაფოდ იწყებენ ზრუნვას მისი სახელის უკვდავსაყოფად.

საამისოდ ბევრი გზა არის. მაგალითად, არსებობს ქუჩები და სკოლები, საბავშვო ბაღები და მოედნები, სკვერები და სტადიონები, რომლებსაც შეიძლება გარდაცვლილის სახელი დაერქვას.

ასეთ ობიექტს აქტიური ნათესავები უცბად იპოვნიან. მხოლოდ დიდი აფხაზი მწერლის ფაზილ ისკანდერის ხსოვნის უკვდავსაყოფად შექმნილ სამთავრობო კომისიას შეუძლია უსასრულოდ ეძებოს სოხუმში ქუჩა, რომელსაც ყველაზე ცნობილი აფხაზის სახელი დაერქმევა. 

თუ დააკვირდებით – სოხუმში ქუჩების რაოდენობა თვალშისაცემად გაზრდილია. ქალაქი ზომით იგივეა, პირიქით, ცოტათი გარეუბნებიც კი შეეკვეცა. აი, ქუჩების რაოდენობამ კი, უფრო სწორად მათი დასახელებების, შესამჩნევად იმატა.

მიზეზი მარტივია – ქუჩების დაყოფა დაიწყეს, რომ მათთვის რაც შეიძლება მეტი სახელის დარქმევა შეიძლებოდეს.

სულ იმის იმედი მაქვს, რომ როდესაც ყველა ქუჩა პერსონიფიცირებული იქნება, ჯერი ფაბრიკებსა და ქარხნებზე მიდგება. და იქნებ მერე მაინც აღადგინონ ეს ქარხნები, თორემ ძალიან არაპრეზენტაბელური იქნება გაჩერებული საწარმოსთვის გარდაცვლილი დირექტორის სახელის მიკუთვნება.

ნათესავებს, ვისი კეთილდღეობისთვისაც იღვწოდა ეს დირექტორი, ხალხის მოერიდებათ და საწარმოს აღადგენენ, წინაპრის სახელი რომ არ შეარცხვინონ.

და როდესაც მზა ობიექტს ჩააბარებენ, იქნებ იმ აზრამდეც მივიდნენ, რომ მთელი ეს ბრინჯაოთი მოვარაყება კაპიკად არ ღირს.

იქნებ მივიდეს აფხაზური საზოგადოება იმ მარტივ ჭეშმარიტებამდე, რომ თუ ხარ ჯილდოს ღირსი, ხალხი თავად მოითხოვს შენს დაჯილდოებას. ალბათ დადგება დრო, როდესაც სოხუმის ქუჩებს ღირსეული ხალხის სახელები ერქმევა და არა თვითმარქვია მოღვაწეების.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews- იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ