"4 მაისს მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. მაშინ მდინარე ელბაზე ვიყავით”. ვეტერანები იხსენებენ, როგორ წავიდნენ ომში და რა გამოიარეს." />

9 მაისი ვაკის პარკში. ისინი უკვე ცოტანი არიან

"4 მაისს მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა. მაშინ მდინარე ელბაზე ვიყავით”. ვეტერანები იხსენებენ, როგორ წავიდნენ ომში და რა გამოიარეს.

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, თბილისში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ცეცხლი აინთო. ეს ცეცხლი მარადიული არ არის და მხოლოდ წელიწადში ერთხელ ინთება.

წლიდან წლამდე ვაკის პარკში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, მედლებით დახუნძლული სულ უფრო ცოტა ადამიანია – უკვე ძალიან დაბერებულები და მოხრილები, ხშირად სხვისი დახმარების გარეშე ვერც გადაადგილდებიან.

სამაგიეროდ,  დიდხანს და დაუზარებლად შეუძლიათ ომისდროინდელი ისტორიების მოყოლა. მხოლოდ იმისთვის ჩერდებიან, რომ დაგეკითხონ, ხომ არ დაგღალეს მონაყოლით.

„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის“ პრესსამსხურის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, მეორე მსოფლიო ომის 922 ვეტერანია ცოცხალი. აქედან 301 თბილისში ცხოვრობს. 9 მაისს ისინი ერთჯერად 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

მეორე მსოფლიო ომში საქართველომ ფრონტზე 700 ათასი ჯარისკაცი გააგზავნა, რაც მოსახლეობის თითქმის მესამედი იყო. 35 მათგანი გენერალი გახდა, 300 ათასი კი ომიდან არ დაბრუნებულა. ეს რიცხვი ყოფილ სსრკ-ს ქვეყნებს შორის პროცენტულად ყველაზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება.

მიხეილ მხეიძე, 94 წლის

“17 წლის ვიყავი, ომში რომ წამიყვანეს. ხონში ვცხოვრობდი. მესამე უკრაინის ფრონტზე ვიბრძოდი, დნეპრი, დნეპროპეტროვსკი, კრივოი როგი შემოვიარეთ. არტილერისტი ვიყავი. აი, მარჯვენა ხელზე თითები მაკლია. დავამარცხეთ ფაშიზმი და გავიმარჯვეთ. დიდებული დღეა 9 მაისი. ”

ივლიტა კუჭაიძე, 96 წლის

“19 წლის წამიყვანეს ომში. ექთანი ვიყავი. ჰოსპიტალი იყო ჩვენი, რომელიც ფრონტს მიჰყვებოდა. უკრაინა, ბელარუსი, პოლონეთი მოვიარეთ. 44 წელი იყო, ჰოსპიტალში ვიყავი, ტიფით მძიმედ ავად. დაბომბვა დაიწყო. ძლივს მოვახერხე საწოლის ქვეშ შეძრომა. როცა სიჩუმე დადგა, ვეღარ ვინძრეოდი, ირგვლივ ნანგრევები იყო. წელს ქვევით ვეღარაფერს ვგრძნობდი, ნანგრევებში ვიყავი ჩამარხული. სამი ადამიანი გარდაიცვალა იმ ღამეს. დამლაგებელ ქალს რკინა დაეცა და საშინელი სიკვდილით მოკვდა. ყველაფერი დღევანდელ დღესავით მახსოვს.”

 

ვახტანგ თავშავაძე, 92 წლის

“ომში რომ წავედი, 17 წლის არც ვიყავი. ნახალოვკაში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი უფროსი ამხანაგები ყველა გამოიძახეს. მათ ვაცილებდი ომში, პლეხანოვის კლუბთან ვიყავით. ჰოდა, იქ პოდპოლკოვნიკმა იკითხა, ეს ვინ არისო? მე არ ვიყავი გამოძახებული. ვინც გამოძახებული იყო იმათ უთხრეს, ეს ჩვენი ძმაკაციაო. რა კარგი ბიჭიაო და მეც წამიყვანეს.

კავკასია ავიღეთ, ჩეჩნეთ-ინგუშეთი. ნახევარი ევროპა შემოვლილი მაქვს კავკასიიდან დაწყებული, ყიზლარიდან. მთელი უკრაინა, რუსეთი, მოლდოვეთი, რუმინეთი, უნგრეთი, მერე იუგოსლავია, მერე ისევ უნგრეთში, ჩეხოსლოვაკია და ავსტრია, სადაც ჰიტლერი დაიბადა. ვენაში, 40 კილომეტრში ვიყავით გამარჯვების ამბავი რომ გავიგეთ”.

 

გრიგორი პანასიანი, 92 წლის

“ომში ჩემი სურვილით წავედი. ვიყავი 17 წლისა. 43 წელი იყო. წავედი იმიტომ, რომ ხალხი მიდიოდა, ვრჩებოდი მარტოკა და არ მინდოდა. მიყვარდა პატარაობიდან კოლექტიურობა და ხალხს გავყევი მეცა. ქართულ დივიზიაში ამოვყავი თავი. სევასტოპოლთან საშინელება იყო, ყველა მომენტი საშინელი იყო. მთელი ცხოვრებაა მიკვირს, ცოცხალი როგორ დავრჩი.”

ოფელია კარაპეტიანი, 91 წლის

“16 წლის ვიყავი როდესაც წამიყვანეს. არსენალში ვმუშაობდი ექთნად. ჩვენ დაჭრილ ხალხს ვუვლიდი. მომწონდა, რომ ჩვენ ხალხს ვემსახურებოდი, ძალიან მიყვარდა ყველა და სტალინი მიყვარდა, მარტო სტალინი, ეგ იყო ჩემი სიყვარული. 45 წელს გამარჯვების ამბავი რომ გავიგეთ, ძალიან გაგვიხარდა. მე დაჭრილს ვმკურნალობდი, როდესაც ამბავი მოვიდა.

ნიკოლოზ ჩარაშვილი, 96 წლის

“ომში რომ წავედი, 18 თუ 17 წლის ვიყავი. თბილისში ვცხოვრობდი, ნახალოვკელი ვარ. მე კი არ დამიძახეს, ჩემით წავედი, მოხალისე ვარ, რადგან ჩემი სამშობლო ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. სკოლიდან წამიყვანეს პირდაპირ. სტალინგრადიდან ბერლინამდე ფეხითა ვარ ჩასული თავის ბრძოლებიანად. დაახლოებით 4 წელიწადი მივდიოდი ფეხით. ყველაზე კარგად ის დღე მახსოვს, რომ ფაშიზმზე გავიმარჯვეთ. ეგ გავიგე 4 მაისს, მდინარე ელბაზე ვიყავით გერმანიაში და მივხვდით, რომ ყველაფერი დამთავრდა”.

 

ამ დღეს, ტრადიციულად, კომუნისტების გარეშე არ ჩაუვლია

და არც სტალინისტების გარეშე

ვეტერანებისთვის ვაკის პარკში კონცერტიც გაიმართა

 


ასევე წაიკითხეთ