ზოგიერთი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეს ასეა, ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს თავად რუსეთსაც არ სჭირდება " />

შესაძლებელია თუ არა რუსეთის მხრიდან ბელარუსის ანექსირება?

ზოგიერთი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ეს ასეა, ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს თავად რუსეთსაც არ სჭირდება

 ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტები ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი 15 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე. Sergei Chirikov/Pool via REUTERS 

„ჩვენ იმდენად ვართ მზად ჩვენი ძალისხმევისა და სახელმწიფოების ერთობისა და გაერთიანების მხრივ შორს წასასვლელად, რამდენად თქვენ ხართ მზად“, – მიმართა ორი ქვეყნის ხალხებს ბელარუსის პრეზიდენტმა ალქსანდრ ლუკაშენკომ თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან 15 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის უფრო მჭიდრო ინტეგრაციის საკითხის კომენტირებისას. „ნოვაია გაზეტას“  კორესპონდენტმა ბელარუს ექსპერტებს დაუსვა შეკითხვა, თუ რამდენად რეალურად ესახებათ მათ რუსეთის მხრიდან ბელარუსის ანექსიის პერსპექტივა.

რეალური საფრთხე

„[ანექსიის] საფრთხე რეალურად არსებობს და ის ყოველდღიურად მატულობს“, – ირწმუნება პარტია „ბელარუსის სახალხო ფრონტის“ ლიდერი გრიგორი კოსტუსევი.  „პუტინს, როგორც „რუსული მიწების შემგროვებელს“, ყირიმის შემდეგ მორიგი წარმატება ესაჭიროება, რათა ეკონომიკაში არსებული პრობლემები გადაფაროს“

• რუსეთი-ბელარუსი: გაყრა თუ შანტაჟი? მოკავშირული ურთერთობების კრიზისი

• სასიკვდილო განაჩენი – საბჭოური ტრადიცია?

• რას წარმოადგენს სინამდვილეში „რუსული სამყარო“ რუსეთის გარეთ? სამი მოკლე ფილმი

კოსტუსევის თქმით, ტელევიზიითა და რადიოთი გავრცელებული კრემლის პროპაგანდა თავის საქმეს აკეთებს და ანექსიის ამგვარ ვარიანტს მოსახლეობის 30 პროცენტი პოზიტიურად განიხილავს: „ზოგს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ბელარუსი მათი ოჯახებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მზად არ არის, და მათი ხსნა მხოლოდ პუტინს შეუძლია“.

მოსკოვისა და მინსკის ურთიერთდაპირისპირების პიკში ოპოზიცია ლუკაშენკოსგან მოითხოვდა „რუსული ტელეარხების ტრანსლაციის შეზღუდვას, რომლებიც ერთაშორის შუღლს აღვივებენ, და არსებითად საინფორმაციო ომის წარმოების საშულებას წარმოადგენენ“. ჯერჯერობით – უშედეგოდ.

შეკითხვას, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ბელარუსის ანქსია, კოსტუსევი ასე პასუხობს: – ყველაზე საშინელი ვარიანტია, როდესაც ღამით წითელ-მწვანე დროშის ქვეშ დავიძინებთ, დილით კი რუსეთის სამფერიანი დროშის ქვეშ გაგვეღვიძება.

ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ რაიონებში ძალოვნები პრაქტიკულად მზად არიან, რომ მაღალი ხელფასისა და გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ, საკუთარი ჯარის ნაწილებისა და მილიციის განყოფილებების თავზე რუსული დროშები გამოფინონ.

თუმცა, კოსტუსევი იქვე იმასაც დასძენს, რომ რუს ოკუპანტებს ბელარუსში, ყირიმის კი არა, ავღანეთის სცენარი ელოდებათ. „ბელარუსებს პარტიზანული ხრიკები დედის რძესთან ერთად აქვთ შეთვისებული, და ბევრი მათგანი   ტყეში გასასვლელად მზად იქნება“, – ირწმუნება კოსტუსევი.

„ინტეგრაციის სხვა დონე“

ბელარუსის შესაძლო ანექსიის შესახებ გასულ წელს თავად პრეზიდენტი ლუკაშენკო ალაპარაკდა. ამის მიზეზად იქცა მოსკოვის მიერ ნავთობის სფეროში დაგეგმილი „საგადასახადო მანევრი“ (2024 წლისთვის რუსეთი ნავთობზე საექსპორტო საბაჟო გადასახადს გააუქმებს და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის გადასახადს გაზრდის, რაც გააძვირებს ნავთობს ბელარუსისთვის, რომელიც მას შიდა რუსული ფასებით იძენს – JAMnews).

„ჩემთვის ეს მინიშნებები გასაგებია: ნავთობს მიიღებთ, ოღონდ ქვეყანა დაანგრიეთ და რუსეთის შემადგენლობაში შემოდით…ზოგიერთი პირდაპირ ამბობს – მზად ვართ, რომ თქვენი ექვსი ოლქით რუსეთის ფედერაციაში შემოხვიდეთ“, – თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსმა განაცხადა, რომ ამის გამო 8 მილიარდს დაკარგავს, და კომპენსაცია მოითხოვა. ნოემბრის ბოლოს გასაგები გახდა, რომ მოსკოვს კომპენსაციის გადახდა არ სურს. 2018 წლის 7 დეკემბერს პუტინთან შეხვედრისას ლუკაშენკომ ჟურნალისტების წინაშე გამოხატა აღშფოთება იმის გამო, რომ რუსული ბუნებრივი აირი ბელარუსში ძალიან ძვირია, პუტინმა კი უპასუხა, რომ უფრო ხელსაყრელი ტარიფისთვის „დრო და ინტეგრაციის სხვა დონეა“ საჭირო.

საბოლოოდ 2019 წლის 10 იანვარს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საგადასახადო მანევრი ბელარუსისთვის კატასრტოფას არ წარმოადგენს: „თუკი რუსეთის ხელმძღვანელობა მოძრაობის ამ მიმართულებას – და დასავლეთის მიმართულებით ერთადერთი მოკავშირის დაკარგვას აირჩევს, ეს მათი არჩევანია“.

შთანთქმა არ მოხდება

უმსხვილესი ბელარუსული ვებგვერდის Tut.by-ს ჟურნალისტი არტიომ შრაიბმანი მიიჩნევს, რომ ბელარუსი დამოუკიდებელ ქვეყნად დარჩება. შრაიბმანი დარწმუნებულია, რომ პირველ რიგში, მეზობელ ქვეყანაში რუსეთს არავინ ელის:

„რუსეთად გადაქცევა მხოლოდ 20%-ს სურს. 2014 წლის მონაცემებით, ასეთი ადამიანები უფრო მეტად მინსკსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქებში არიან, თუმცა იქაც უმცირესობას წარმოადგენენ. მთავარი ისაა, რომ ამ ადამიანებს ცენტრალური ხელისუფლება მტრად არ მიაჩნიათ, და ეს ის საკვანძო რამაა, რაც ჩვენს პრორუს მოქალაქეებს უკრაინის, საქართველოსა და ლატვიის ასეთი მოქალაქეებისგან განასხვავებს.

ბელარუსში არ არსებობს ასევე ანექსიისთვის მნიშვნელოვანი არც ისეთი ბონუსი, როგორიც არის ყირიმის „რუსული ერთობის“ მსგავსი  პრორუსული პოლიტიკური ძალები. „არ არსებობს ძალა, რომელიც თავს უფლებას მისცემს და ლუკაშენკოზე უფრო პრორუსულ პოზიციას დაიკავებს“, – განმარტავს ჟურნალისტი.

შრაიბმანს მიაჩნია, რომ ბელარუსის პრეზიდენტს ძალაუფლება გაცილებით უფრო უყვარს, ვიდრე ფული, ამიტომაც რთული წარმოსადგენია, თუ „რამ შეიძლება აიძულოს ლუკაშენკო, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებაზე წავიდეს“.

და კიდევ, ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ ბელარუსის ანექსირება თავად რუსეთს არ სჭირდება:

„ის რისკები, რაც დასავლეთის მიმართულებით ერთადერთ მოკავშირესთან კონფლიქტს ახლავს, ყველა ბონუსს აჭარბებს“.

მიუხედავად ამისა, შრაიბმანი ეთანხმება იმ აზრს, რომ მოსკოვსა და მინსკს შორის არსებული ახლანდელი კონფლიქტი ბოლო დროის განმავლობაში ყველაზე სერიოზულია: „ისეთი განცდა ჩნდება, რომ ლუკაშენკომ რუსულ ელიტებს მათ მიერ გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისადმი თავისი უმადურობით თავი მოაბეზრა.

რუსეთმა ნავთობის რენტის გაგრძელება პირველად გახადა ინტეგრაციის გაღრმავებაზე დამოკიდებული.

ახლანდელი სიტუაცია რუსეთისთვის ნებისმიერ შემთხვევაში მომგებიანია – თუკი ბელარუსი უფრო მჭიდრო ინტეგრაციას დათანხმდება, მაშინ ეს რუსეთისთვის სასიამოვნო იქნება, და ამაზე ფულის დახარჯვაც შესაძლებელია, და თუ არ დათანხმდება, „არაუშავს, ასეთ შემთხვევაში, ნაკლები ფული დაიხარჯება“, – ამბობს Tut.by-ს პოლიტიკური მიმომხილველი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ