რუსეთ-ბელარუსი: განქორწინება, თუ შანტაჟი? სამოკავშირეო ურთიერთობების კრიზისი
გასული კვირა რუსულ-ბელარუსული ურთიერთობებისათვის კრიზისული აღმოჩნდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსეთმა ბელარუსთან სასაზღვრო რეჟიმი დააწესა.
ამჟამად ტრასა E30-ზე მდგარი მესაზღვრეები ბელარუსიდან რუსეთში მიმავალ ყველა მანქანას ამოწმებენ. ბელარუსში მიმავალი მოქალაქეები შემოწმების გარეშე კვეთენ საზღვარს. სხვათა შორის, აქ, რაღაც სასაზღვრო გადასასვლელის მსგავსია მოწყობილი, მაგრამ შემოწმება ამ პუნქტის მახლობლად ხორციელდება.
საზღვრისპირა ქალაქ ორშას რკინიგზის სადგურზე სასაზღვრო კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობს. მწვანე ფორმაში გამოწყობილი ადამიანები უბრალოდ მატარებლის პირველ ვაგონთან ელოდებიან მგზავრებს. პასპორტებს არ ამოწმებენ, უბრალოდ ათვალიერებენ. მიუხედავად ამისა, რიგი მაინც იქმნება.
რუსეთის წითელი და ბელარუსის ლურჯი პასპორტების მქონე ადამიანებს სწრაფად ატარებენ, დანარჩენების დოკუმენტებს კი უფრო დეტალურად ამოწმებენ.
მათ „ევრორადიოს“ კორესპონდენტების თანდასწრებით თეთრ-ლურჯ-წითელქუდიანი ადამიანი გააჩერეს და დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა მოსთხოვეს. მაგრამ როდესაც ჟურნალისტებმა ამ პროცესის გადაღება დაიწყეს, მესაზღვრეებმა მედიის წარმომადგენლებს გადაღება აუკრძალეს და ვიდეორგოლისა და მთელი ფოტომასალის წაშლა აიძულეს.
ადრე ორ ქვეყანას შორის სასააზღვრო რეჟიმი არ არსებობდა, რადგან მოსკოვი და მინსკი „რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს“ შექმნის პროცესში მონაწილეობდნენ. ახლა კი ბელარუსის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე სურთ გადასვლა, სპეციალური საშვი სჭირდებათ.
რა მიზეზების გამო გამწვავდა რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობები?
მოსკოვის ექსტრაორდინალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაიმართულ პრესკონფერენციაზე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ეს ცალსახად პოლიტიკური გამოხდომაა და ასე მოქცევა არ შეიძლება.
მისი თქმით, მოსკოვის ასეთი „დაუფიქრებელი, შეუთანხმებელი ნაბიჯები“ ბელარუსულ-რუსულ ურთიერთობებს აუარესებს. ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი საზღვრის შესახებ დადებული სახელწიფოთაშორისი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. აღნიშნულ დოკუმენტში არ არის პუნქტები სასაზღვრო კონტროლის დაწესების შესახებ.
პრესკონფერენციაზე (რომელიც რამდენიმე საათს მიმდინარეობდა) ლუკაშენკომ მიმოიხილა ორი ქვეყანის ურთიერთობების ყველა „მტკივნეული წერტილი“, რომლებსაც მანამდე მხოლოდ მედიასაშუალებები განიხილავდნენ.
ვიზები
2017 წლის იანვარში ბელარუსმა 80 ქვეყნის მოქალაქეებისათვის ხუთდღიანი უვიზო რეჟიმი დააწესა (იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ბელარუსში მინსკის აეროპრტით მოსარგებლე თვითმფრინავების რეისებით ჩამოდიან). ექსპერტებისა და მედიასაშუალებების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა იმის საფუძველი, რომ რუსეთს ბელარუსთან სასაზღვრო კონტროლი დაეწესებინა.
პრესკონფერენციაზე ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსში უვიზოდ შემომსვლელ პირთა კონტინგენტის გაფართოება რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას არაფრით ემუქრება.
ნავთობი
ბელარუსულ და რუსულ მედიაში გამოქვეყნებულ მრავალ პუბლიკაციაში აღნიშნული იყო, რომ ბელარუსის მიერ გაუქმებული სავიზო რეჟიმის გარდა, კიდევ ერთი დამთხვევა შეინიშნებოდა – ურთიერთობები რუსეთსა და ბელარუსს შორის მაშინ გამწვავდა, როდესაც მხარეები რუსეთის მიერ ბელარუსისთვის მისაწოდებელი ნავთობის ფასზე ვერ მორიგდნენ.
პრესკონფერენციაზე ალექსანდრ ლუკაშენკო ამ საკითხსაც შეეხო. „რუსული ნავთობის გარეშეც გავძლებთ. ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა… ფულით არ ფასდება… გამოსავალს მაინც ვიპოვით. სამწუხაროდ, ამას ვერ ხვდებიან რუსეთში“, – თქვა ლუკაშენკომ. მისი თქმით, მოსკოვში ეჭვი არ ეპარებათ, რომ „რუსულ ნავთობს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ ბელარუსის ხელმძღვანელობას სხვა მოსაზრება აქვს“.
ხორცი
ბელარუსსა და რუსეთის ურთიერთობებში არსებული კონფლიქტური საკითხების გაზრდილ ჩამონათვალში ბელარუსული საქონლის ხორციც შევიდა. გასულ კვირას რუსეთის ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის ფედერალური სამსახურის („როსსელხოზნადზორის“) გადაწყვეტილებით, ამ პროდუქტის რუსეთში იმპორტირება აიკრძალა.
პრესკონფერენციაზე ბელარუსის პრეზიდენტმა შესაბამის ორგანოებს „როსსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესაძლებლობის შესწავლა დაავალა, იმის გამო, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ინსპექციის უფროსმა დაწესებული აკრძალვით ბელარუსს ზიანი მიაყენა.
ჟირინოვსკი – კრემლის ნაცვლად გაცემული პასუხი
ლუკაშენკოს განცხადებებს კრემლის პირდაპირი რეაქცია არ მოჰყოლია, მაგრამ არაპირდაპირ პასუხად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რაც რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ აღნიშნა. ჩვეულებისამებრ, მისი მოსაზრება ოფიციალური მოკოვის პოზიციას ემთხვევა ხოლმე.
თავისი პარტიის სხდომაზე გამოსვლისას ჟირინოვსკიმ ასეთი განცხადება გააკეთა:
“ბელარუსის ხელმძღვანელმა ყველაფერი გამოსწოვა რუსეთს. ჩვენ კი დღეს ვსვამთ კითხვას – როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს? რა სურს ლუკაშენკოს? დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელშიც ისეთი ფასები იქნება, როგორც რუსეთშია. რატომ უნდა მიიღოს ასეთი შეღავათები? თუკი ასეთი ფასები გსურთ, ჩვენი სახელმწიფოს ნაწილად იქეცით. ის კი ზის და ხან რუსეთს სთხოვს დახმარებას, და ხანაც ევროკავშირს. რა კარგია ცხოვრება!”
ეს განცხადება „პარლამენტსკაია გაზეტამ“, სახელმწიფო დუმის ოფიციალურმა ორგანომ გამოაქვეყნა.
ექსპერტების მოსაზრება: რა ხდება სინამდვილეში
„ზეწოლა მოსკოვის მხრიდან განპირობებულია იმით, რომ ლუკაშენკო ეწინააღმდეგება რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ბელარუსის ტერიტორიაზე“. ასეთი მოსაზრება გამოთქვა სტრატეგიული და გარეპოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორმა, პოლიტოლოგმა არსენი სავიცკიმ „ევრორადიოს“ პირდაპირ ეთერში. [იგულისხმება რუსული სამხედრო ბაზები ბელარუსის ტერიტორიაზე, რომელთა შექმნასაც მოსკოვი მოითხოვს- რედ.შენ.]
” ბელარუსის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბელარუსის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის (განსაკუთრებით კი იმ ქვეყნის, რომელიც საერთაშორისო არენაზე საკმაოდ მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი ქმედებებით გამოირჩევა) ჯარების განლაგება… ძალიან სახიფათოა ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისათვის”, – განაცხადა სავიცკიმ.
ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო კატეგორიულ პოზიციას აფიქსირებს რუსი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი.
“ბელარუსის შთანთქმა მთელი რუსული პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიზანს წარმოადგენს, რომელიც ელცინის მმართველობის პერიოდში დაისახა და დღემდე აქტუალურია. და ეს კარგად ესმის (და წარსულშიც კარგად ესმოდა) ლუკაშენკოს, რომელიც 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა გზებით, ცბიერებითა და სიჯიუტით ცდილობს, წინ აღუდგეს ამ გეგმას. ეს კრემლშიც მშვენივრად ესმოდაც და ახლაც ესმით. რუსეთის მესვეურები ხედავენ, რომ სწორედ ლუკაშენკოა ის ერთადერთი ფიგურა, რომელიც ბელარუსის შთანთქმას უშლის ხელს. ამიტომ 2017 წელს გადაწყვიტეს, წყნარად, აურზაურის გარეშე მოეშორებინათ ეს დაბრკოლება.
მაგრამ ლუკაშენკომ ეს შეამჩნია და მოვლენებს დაასწრო”, – აღნიშნავს პიონტკოვსკი.
- 1997 წლის 2 აპრილს მოსკოვში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ამ ორი ქვეყნის მოკავშირეობის შესახებ. მას შემდეგ 2 აპრილს ბელარუსისა და რუსეთის ერთიანობის დღე აღინიშნება. ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა საერთო პარლამენტი და სახელმწიფო მართვის ორგანოების ნაწილი. ერთიანი ვალუტის შექმნის ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.