აქ ქალს, ბავშვს, ძაღლსა და საქონელს ერთი ფასი აქვს" />

ქართლის ცხოვრება. მარგო ლესკოს ბლოგი და ფოტოები

აქ ქალს, ბავშვს, ძაღლსა და საქონელს ერთი ფასი აქვს

თუ გინდათ ღრმა დეპრესია აიკიდოთ ორ წუთში, ქართლის სოფლებში ჩაიარეთ მანქანით და ყველაფერს დააკვირდით გარშემო. სახლებს, ეზოებს, მაღაზიებს, ხალხს, ცხოველებს, განსაკუთრებით იმ სეზონებზე, როცა ცივა.

დაბომბილს ჰგავს ყველაფერი. Silent hill, Ghost village.

ქალი გადმოდის ქუჩაზე, თავისივე ზომის თივის ბრიკეტი მოუგდია ზურგზე, ძლივს მოათრევს. ჭუჭყიანი აცვია ყველაფერი. რა რაზე შემოუცვამს არ აინტერესებს, ფეხები გაფლაშულ ფლოსტებში წაუყვია. სახეზე აღარაფერი ეკითხება, არც ტანჯვა, არც დაღლა. ამ ყველაფრის მიღმაა უკვე, რუტინაა ჩვეულებრივი.

ორ ქალს წინ ძროხები გაუგდია და მიყვებიან. თმის დავარცხნას აბა რა აზრი აქვს, როცა კალოშები ნეხვში გაქვს ამოსვრილი და კაბის ქვეშ ჩაცმული დიდი ზომის სპორტული შარვლის ტოტები კი მთლიანად ტალახში ამოვლებული.

სოფლის ცენტრში წყაროსთან ქალები დგანან ვედროებით. მერამდენე გზას ეზიდებიან სახლში ვინ იცის, დაწითლებულ-დამსკდარი ხელებით. იქვე, წყაროს უკან, ტირიფის ქვეშ უბნის მამრები შეყრილან და დომინოს ურახუნებენ. წვერ-თმაგაბურძგნულები, მოუვლელები, ისევე როგორც მათი ცოლები. გამომეტყველებაზე, მეტყველებაზე, ქცევებზე ეტყობათ ნიჰილიზმი, უსარგებლობის განცდა, უაზრო ყოფა, შრომა შრომისთვის და არა შრომა დასვენებისთვის ან ოდესმე ადამიანურად ცხოვრებისთვის.

გაველურებული, შეშინებული მზერა უცხო ადამიანების თუ ჩავლილი მანქანების მიმართ.

– ადე შე დედააფეთქებულო, დიდი სკამი გამომიტანე.

– შალვამ გამოგიტანოს.

– კიდეე! გამომტყუებ ეხლა კაი სახრესა, პატრონი კი მოვ**ნ შენი! –
ერთ-ერთი მიმართავს პატარა ბავშვს.

მეორემ იქვე მოძუძგულ ძაღლს ფერდში ისეთი წიხლი ამოსცხო, ძაღლმა წკმუტუნით გააყრუა იქაურობა.

ყველა ერთად კი მშვიდად და აუღელვებლად უყურებს, როგორ მიათრევენ წყლით სავსე ვედროებს ქალობაშეშლილი ქალები, ის ქალები რომლებიც კაცებს ტოლს არ უდებენ არაფერში სოფლებში. ზუსტად ისევე ვირივით მუშაობენ, როგორც კაცები, ვენახებშიც, ბაღებშიც, ბოსელშიც, საქონელსაც უვლიან, სახლშიც ყველაფერი მათი გასაკეთებელია.

ზამთარ-ზაფხულ გარეთ რეცხავენ სარეცხს, ცივ წყალში ავლებენ, თავიანთივე ათი გზა მოთრეული წყლით. მაგრამ აბა რაღაცა ვერ მოასწრონ ან ისე ვერ გააკეთონ, უმალ დედის ტრ**ის გინებას მიიღებენ.

აქ ქალს, ბავშვს, ძაღლსა და საქონელს ერთი ფასი აქვს.

და ზოგადად, ესეთი ყოფა რაღაც პირველყოფილური, მარტო გაჭირვების ბრალი არაა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ