მივემართებით ექსკურსიაზე „ცუდი ადგილებისკენ“" />

ფოტოებითა და ისტორიებით გადმოცემული ღამის ბაქოს საფრთხე და სილამაზე

მივემართებით ექსკურსიაზე „ცუდი ადგილებისკენ“

გადავწყვიტეთ ღამის ბაქოში გასეირნება, და არამხოლოდ – ტურისტულ ადგილებში. ბაქოელებს ვკითხეთ, თუ სად არ ღირს ღამით გასეირნება და თავად რისი ეშინიათ ქალაქში.

კრიმინალური აივანი

„… ღამ-ღამობით ყველგან, კერძოდ კი ჩვენი აივნის ქვეშ მუდმივად ჩხუბია, ღრიალი (ვიღაცას ქურდავენ, აუპატიურებენ და სცემენ), რასაც იმდენად მივეჩვიე, რომ ყურადღებასაც კი აღარ ვაქცევ. უბრალოდ, ბაქოს მოსახლეობამ იცის, რომ სიბნელეში ჯობს, გარეთ არ გახვიდე…“

ეს არის ხანში შესული ბაქოელი ქალბატონის მეგობარი ქალისადმი მიწერილი წერილის ნაწყვეტი. წერილი ამ მეგობრის ქალიშვილმა, რუსმა ჟურნალისტმა ელენა რიკოვცევამ 2015 წელს ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

ბაქოს მოსახლეობა სულის სიღრმემდე აღშფოთდა.

მრავალი ნაკლის მიუხედავად, ბაქოს არაფრით შეიძლება უწოდო კრიმინალური ქალაქი, სადაც აი, ასე უბრალოდ შეიძლება აივნის ქვეშ ვინმეს გაუპატიურება. სიბნელეში მკვლელები ბანდებად არ დასეირნობენ. 2017 წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 26 ათას დანაშაულზე ოდნავ მეტი მოხდა. და მათ შორის მხოლოდ 271 იყო ძარცვა, და ეს 9-მილიონიან ქვეყანაში.

ჩამობრძანდით, ნუ გეშინიათ

ბაქო – უსაფრთხო ქალაქია? ყველაზე ხშირად ამ კითხვას ტურისტები სვამენ, როდესაც მოგზაურობას გეგმავენ. რა თქმა უნდა, პასუხობენ მათ ფორუმებზე. ნუ შეგეშინდებათ, მშვიდად გაემგზავრეთ.

უსაფრთხოების შესაფასებლად არსებობს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგი. ფაქტობრივად , ეს არის დანაშაულის დონე „პირიქით“. მაგალითად, რეიტინგი NUMBEO ქალაქებს დანაშაულის, ნარკომანიისა და მაცხოვრებელთა მხრიდან ქუჩაში შესაძლო ძარცვის ან შეურაცხყოფის გამო შეშფოთების დონის მიხედვით აფასებს.

NUMBEO-ს თანახმად ბაქო უსაფრთხოა ღამით და ძალიან უსაფრთხოა დღისით, მთლიანობაში კი უსაფრთხოების ინდექსია – 71,26.

ამ შედეგმა ძალიან გაახარა აზერბაიჯანული მედია. თუმცა, თუკი კვლევის მეთოდოლოგიას დავაკვირდებით NUMBEOს რეიტინგი 96 ადამიანის ონლაინ გამოკითხვის შედეგია.

 World Economic Forum-ის უფრო კომპლექსურ კვლევაში, სადაც ქვეყნებს ერთმანეთთან ტურიზმის სფეროში კონკურენტუნარიანობის დონის მიხედვით ადარებენ, უსაფრთხოების მაჩვენებლებიც არსებობს. და აქ აზერბაიჯანი საკმაოდ მაღალ შეფასებას იღებს – ის 136 ქვეყნიდან 35-ე ადგილზეა.

ქალაქის ცენტრი

აქ ყველაფერი გაკაშკაშებულია – ბარები, კაფეები რესტორნები. ღამის კლუბები დილამდე მუშაობს.

ქალაქის მთავარი სასეირნო ქუჩა – ნიზამის ქუჩა, ყოფილი სავაჭრო. აქ არის ცნობილი „ჭაღები“, რომელთა გამო ზოგიერთი ბაქოს ვენას ადარებს, და არაბული ქვეყნებიდან ბევრი ტურისტი ჩამოდის.

იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდნენ ბაქოს მთავარ სასეირნო ქუჩაზე სექს-მუშაკები

გვიამბობს ბაქოს მთავარი მოედანი

ძველი ქალაქი, იგივე იჩერი შეჰერი. აქ სულ სიმშვიდეა, სიწყნარე, სინათლე. აღმოსავლეთის ქალაქი-ლაბირინთი, სადაც ყველაფერი ტურისტებისთვისაა გამიზნული:ბევრი სასტუმრო, სუვენირები, რესტორნები ადგილობრივი კერძებითა და „ეროვნული კოლორიტით“, მყუდრო დუქნები ადგილობრივი ღვინით.

რატომ არის ბაქო კატების ქალაქი?

ბაქოს ბულვარი, ოფიციალურად ზღვისპირა პარკი. აქაც ყველაფერი ტურისტებისთვისაა – ლამაზი და აკურატული. 12 საათისკენ აქაურობა უკაცრიელდება, მხოლოდ დაგვიანებული სპორტსმენები დარბიან.

ბაქოელთა შიშები: „ჩვენი ეზოს ბიჭები“

 

ეს არის ძველი ადათი, რომელიც თანდათან მივიწყებას ეძლევა. ეზოს ბიჭები თვალ-ყურს ადევნებენ, რომ მათ ტერიტორიაზე ყველაფერი „კონტროლქვეშ“ იყოს, და უცხოს თუ შენიშნავენ, მის გაგდებას ან მისთვის ჭკუის სწავლებას ცდილობენ.

 

„შეყვარებულს სახლში ვაცილებდი. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და უცებ ჩემთან იქაური ბიჭი მოვიდა და გარკვევა დაიწყო, თუ რატომ ვაწუხებდი აქ გოგონას. ვუპასუხე, რომ კი არ ვაწუხებდი, არამედ ერთმანეთს ვხვდებოდით. „იცი, საერთოდ, როგორი კულტურული ოჯახი აქვთ?“ ვუპასუხე, რომ უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლიდი, და საერთოდ, სერიოზული მიზნები მქონდა. შემდეგ კი მადლობაც გადავუხადე, მეზობელ გოგონაზე ასე რომ ზრუნავდა. ვფიქრობ, საბოლოოდ ამით დაკმაყოფილდა და წავიდა“.

თითქმის ცენტრი

მეტროსადგურ „ელმლიარ აკადემიასის“ გარშემო მდებარე რაიონი – აქ ქალაქის ორი ცნობილი უმაღლესი სასწავლებელი და მეცნიერებათა აკადემია მდებარეობს. საღამოს 11 საათის შემდეგ აქაურობა, საშიში არა, მაგრამ – ცოტა არ იყოს უსიამოვნოა. აქ ახალგაზრდა მამაკაცები ჯგუფებად ან თითო-თითოდ სეირნობენ, და ქუჩის ძაღლების ხროვა დაძრწის.

მეტროსადგურ „28 მაისის“ და რკინიგზის სადგურის რაიონი. მსხვილი სატრანსპორტო კვანძი. კარგად არის განათებული და აქ ცხოვრება გვიანობამდე ჩქეფს. ამ უბნის ყველაზე სასიამოვნო სახასიათო ნიშანი მრავალფეროვნებაა. აქაური კაფეების, რესტორნებისა და ფაბების არჩევანი სუფთა და „გლამურულიდან“ იწყება, და და„მამაკაცებისთვის განკუთვნილ“ ეგზოტიკურ პროლეტარულ სასადილოებსაც მოიცავს.

ამ ვიდეოში განიმარტება, თუ რა არის „მამაკაცების კაფეები“ ბაქოში

აქ ღამით საერთოდ არ არის საშიში, თუმცა, აზალდიგის პროსპექტზე სარდაფში მდებარე ზოგიერთ ბარს ცუდი რეპუტაცია აქვს.

ბაქოელების შიშები: მაწანწალა ძაღლები

 

აზერბაიჯანში ხელისუფლებისთვის მაწანწალა ძაღლების რაოდენობის რეგულირებისთვის მხოლოდ ერთი მეთოდია ცნობილი – სროლა. პოპულაცია არ მცირდება, პირიქით, 8-15 სული ქუჩის ძაღლი ხროვად გროვდება და ქალაქის განაპირას, ან ცენტრთან საკმაოდ ახლოს იწყებს ცხოვრებას.

 

“როგორღაც მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ ვიყავი. და სადღაც ღამის პირველ საათზე დავბრუნდი, მეგობარმა მანქანით წაყვანა შემომთავაზა, ცენტრიდან შორს ვცხოვრობდი, ბაზრის მახლობლად „მერვე კილომეტრზე“.

 

მეგობარმა მითხრა, რომ ზუსტად სახლამდე ვერ მიმიყვანდა, და ბაზართან ჩამომსვამდა. არ შევკამათებივარ, ვიფიქრე „ჯობს ერთხელ ვნახო“-მეთქი. ბაზართან მივედით და ვთხოვე, ფანჯარა გაეღო. ათობით ძაღლისგან შემდგარი ხროვა მანქანას ყეფით თავს დაესხა. მეგობარმა მანქანა, რაც შეიძლებოდა, სწრაფად მოაბრუნა, და ზუსტად სადარბაზომდე მიმიყვანა“.

ცუდი ადგილები

ბაქოელებს ვკითხეთ, თუ რომელი ადგილებია ქალაქში ყველაზე საშიში, და მათ „შესამოწმებლად“ გავემართეთ. ყველაზე მეტი ხმა ახალმა იასამალმა და მეტრო „20 იანვარის“ რაიონმა მიიღო ”.

წინათ ბაქო დასავლეთის მხრიდან „იასამალის“ რაიონით მთავრდებოდა. „ახალი იასამალი“ მის უკან გაშენდა – იქ, სადაც უბრალოდ სტეპი იყო.

აქ მოხვედრა 77 ნომერი ავტობუსით შეიძლება, ჩვენ უცნაური არაფერი დაგვინახავს. ბაქოს საცხოვრებელი რაიონის სტანდარტული პეიზაჟი – ყოველგვარი საერთო გეგმის გარეშე ნაგები მაღალსართულიანი მრავალბინიანი სახლები, და ასეთივე „სტიქიური“ ქუჩები. სახლებს შორის ვიწრო გასასვლელები, ვიწრო ტროტუარები, პატარა მკვეთრი ფერის მაღაზიები და ბრუტალური „მამაკაცური კაფეები“ პირველ სართულებზე.

გზა, რომლითაც მივედით, ცალ მხარეს კედლით გამოყოფილ შოსეს უერთდება. კედლის მიღმა – სრული სიბნელე, თითქოს იქ ქვეყნის დასალიერია.

რა არის აქ საშიში? ამბობენ, ის ადგილობრივი ბიჭები, რომლებიც თავიანთი უბნის „ღირსებას“ იცავენ.

მეტროსადგური „20 იანვარი“ ბაქოს ავტოვაგზალის მისადგომებთან არის. აქ მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, რამდენიმე საავადმყოფო, გზაჯვარედინის ქვეშ გრძელი მიწისქვეშა გადასასვლელი, სადაც ცუდი ხარისხის იაფ ტანსაცმელს ყიდიან. გვერდით თბილისის პროსპექტია, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ ყველა სქესის სექს-მუშაკთა თავშეყრის ტრადიციული ადგილი იყო. ამჟამად ისინი იქ აღარ არიან, მაგრამ გამოთქმამ – „თბილისის ქუჩაზე მუშაობა“ – ბაქოელების ყოველდღიურობაში დამკვიდრება მოასწრო.

ბაქოელების შიშები: ქალების საკითხი

 

აზერბაიჯანში პატრიარქატი პოზიციებს არ თმობს, ამიტომაც ცხოვრების დაუწერელი კანონები მამაკაცებისა და ქალებისთვის განსხვავებულია. ყველას არა, მაგრამ ბევრ აზერბაიჯანელს მიაჩნია, რომ 10 საათის შემდეგ ქალს ქუჩაში არაფერი ესაქმება. მეორე მხრივ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქალს ქუჩაში ვინმე აუცილებლად აწყენინებს. აი, რას ჰყვებიან ბაქოელები:

 

„ზაფხულში, კაბაში ჩაცმული კურსებიდან შინ ვბრუნდები. ყურსასმენებში მუსიკა მაქვს, აქეთ-იქით არ ვიყურები. როდესაც ბენზინგასამართ სადგურს ჩავუარე ( იქ ძალიან ვიწრო ტროტუარია), ვიღაცამ უკნიდან ხელი ჩამავლო. შოკირებული ვტრიალდები და არაბი ტურისტების ჯგუფი დგას. რაღაცაზე იცინოდნენ, მაგრამ უკან არავის მოუხედავს. ისინი ბევრნი არიან, მე კი ერთი. სიბნელეა. არ ვიცი, რა გავაკეთო. უბრალოდ სახლისკენ წავედი. მივდივარ და ვფიქრობ – მივალ თუ არა, მაშინვე შხაპს მივიღებ, „ეს სიბინძურე რომ ჩამოვირეცხო, ზუსტად ისე, როგორც ფილმებშია“.

 

„გააჩნია დროს, თუ როდის მიდიხართ ავტობუსით იმავე ახალ იასამალში. 10 საათზე შინ ბრუნდებიან ქალები, რომლებიც, მაგალითად, მაღაზიებში გამყიდვლებად მუშაობენ. და თუ უკვე ღამის 12 საათია, ავტობუსში ყველა იეჭვებს, რომ რომელიმე ცუდი ადგილიდან მოდიხარ, და შეიძლება პრობლემა შეგექმნას.

 

„ერთხელ ღამის 12 საათზე გაჩერებაზე ვიჯექი და ტაქსის ველოდებოდი. ახალგაზრდა ბიჭი მოტოციკლეტით მომიახლოვდა და წაყვანა შემომთავაზა. ძალიან თავაზიანი იყო, არაშემაწუხებელი, არაფერი მსგავსი. ვუთხარი, რომ ტაქსი უკვე გამოძახებული მყავდა, და ჩემს გვერდით დგომა გააგრძელა. დამელოდა, ვიდრე ტაქსი მოვიდოდა, მშვიდობიანი ღამე მისურვა და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა“.

პერიფერია

ყრუ გარეუბნები, ეგრეთ წოდებული „ბაქოს დასახლებები“ – აქ ღამით შესაძლო კრიმინალის გამო კი არ გრძნობ თავს უსიამოვნოდ, არამედ იმის გამო, რომ ქუჩა, ტროტუარები, ასფალტი, მაღაზიები და ტრანსპორტიც შეიძლება ჩაბნელებული იყოს.

None found


ასევე წაიკითხეთ