ამერიკული მედიის ინფორმაციით, არჩევნებში გასამარჯვებლად ტრამპი, შესაძლოა, მზად არის მოსკოვთანაც ითანამშრომლოს" />

ტრამპი უკრაინისგან ჯო ბაიდენის წინააღმდეგ კომპრომატს ითხოვს?

ამერიკული მედიის ინფორმაციით, არჩევნებში გასამარჯვებლად ტრამპი, შესაძლოა, მზად არის მოსკოვთანაც ითანამშრომლოს

Donald Trump
აშშ-ში მწიფდება სკანდალი, რომლის ცენტრშიც პრეზიდენტი ტრამპი, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პოტენციური მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენი და უკრაინის ლიდერი, ვლადიმირ ზელენსკი არიან.

გაზეთ The Washington Postის ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინელი კოლეგისგან, ვლადიმირ ზელენსკისგან ზეწოლით ცდილობდა მოეპოვებინა ჯო ბაიდენის მაკომპრომეტირებელი მასალები.

საუბარია ბაიდენის ვაჟის მონაწილეობაზე უკრაინაში გაზთან დაკავშირებულ გარიგებებში იმ დროს, როდესაც თავად ჯო ბაიდენი ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

ახლა უკრაინაში სწორედ ამ გარიგებებთან დაკავშირებულ საქმეს იძიებენ და როგორც ამერიკული გამოცემა წერს, პრეზიდენტი ტრამპი უკიდურესად დაინტერესებულია, რომ ამ მასალებზე ჰქონდეს წვდომა.

ბაიდენი ტრამპის ყველაზე რეალური მოწინააღმდეგეა დემოკრატიული პარტიიდან. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 2020 წლის ნოემბერში გაიმართება.

გაზეთის ინფორმაციით, უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან ამ საკითხის განსახილველად, ტრამპმა კიევში პირადი იურისტი რუდოლფ ჯულიანი მიავლინა. პარალელურად, პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით, გაიყინა უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების გამოყოფა. “ვაშინგტონ პოსტი” წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ეს  უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკიზე ზეწოლის მიზნით გაკეთდა.

ამავე დროს, ცნობილი გახდა კიდევ ერთი გამოძიების დაწყების შესახებ, რომელსაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური თავისი თანამშრომლის განცხადების საფუძველზე აწარმოებს.

ჯერჯერობით ამ ადამიანის სახელი და გვარი არ ხმაურდება. ცნობილია, რომ მან საკუთარ ხელმძღვანელობას აცნობა პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ერთ-ერთი უცხოელი კოლეგის სატელეფონო საუბრის შესახებ. დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ამ საუბარში, ტრამპმა საკუთარ თავზე აიღო „გარკვეული საეჭვო ვალდებულებები”.

ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუ რომელ უცხოელ ლიდერზეა საუბარი. თუმცა, ცნობილია, საუბრის თარიღი – 31 ივლისი. იმ დღეს, პრეზიდენტი ტრამპი ტელეფონით, სხვებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინსაც ესაუბრა.

თეთრი სახლი უარს ამბობს, კომენტარი გააკეთოს სკანდალურ ინფორმაციაზე. თუმცა, დაზუსტებით ცნობილია, თუ რა თქვა ტრამპმა როდესაც უკრაინას სამხედრო დახმარება გაუყინა: 

„ვერ ვხედავ ამის [დახმარების] აზრს, ეს მხოლოდ ამძიმებს ურთიერთობას რუსეთთან,” – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.


ასევე წაიკითხეთ