შვილიშვილების მოგონებები მეორე მსოფლიო ომის ვეტერან პაპებზე " />

უკვდავი პოლკი

შვილიშვილების მოგონებები მეორე მსოფლიო ომის ვეტერან პაპებზე 

ვეტერანებს ომის დეტალების გახსენება არ უყვართ. რა ახსოვთ შვილიშვილებს გმირი პაპების შესახებ?

ნატალია

  ნატალია და მისი ვეტერანი პაპა ლეონიდ აბდულაევი, დაბადებული 1924 წელს

პაპა ფრონტზე 16 წლის ასაკში გაიქცა. იძულებული გახდა, უჩუმრად გაპარულიყო, რადგან არასრულწლოვნებს სამხედრო ძალების შემადგენლობებში არ იღებდნენ.

ომის შესახებ მისი პირველი შთაბეჭდილება უკავშირდება ტანკებისა და მანქანების კოლონას, რომლებიც ზომიერი სიჩარით მოძრაობდნენ. მთელი გზა პაპას ძლივს გასაგონი ტკაცუნი ესმოდა. ‘თავიდან ვიფიქრე, რომ ამ ხმას მიწა გამოსცემდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ მანქანები გვამებზე გადადიოდა. ბორბლებქვეშ ძვლები და სახეები იფქვებოდა. საკმარისი იყო, მიწაზე ჩამომხტარიყავი, რომ ჩექმები ტალახიანი სისხლის ფერს მიიღებდა,’ – ჰყვებოდა ხოლმე პაპა. ‘გეშინოდა?!’ – გაოგნებულმა ვკითხე ერთხელ. ‘თავიდან საშიში იყო, მაგრამ შემდეგ მალევე შევეჩვიე და ვეღარც ვამჩნევდი,’ – მიპასუხა მან.

საარტილერიო ქვედანაყოფში გადაყვანამდე საჯარიმო ბატალიონის მეთაურად გაამწესეს. მისი ‘გუნდი’ ორ ჯფუფად იყოფოდა – ერთში ჟარგონით მოლაპარაკე ნამდვილი კრიმინალები შედიოდნენ, მეორე ჯგუფში კი გადასახლებული პოლიტპატიმრები, რომლსბსაც საუბრისას პლინიუს უფროსის ციტატები მოჰყავდათ.
ცხადია, რომ ბატალიონში ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო, მაგრამ პაპა, ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი, ყველას უყვარდა. ‘ბიჭს’ ეძახდნენ და ცდილობდნენ, მასზე ეზრუნათ. მალე პაპას თავთან ჭურვი აუფეთქდა და კონტუზია დაემართა. მისი ჰოსპიტალში გადაყვანა სარისკო იყო. გზებს ბომბავდნენ. საჯარიმო ბატალიონში გადაწყდა, რომ თავად უმკურნალებდნენ ‘ბიჭს’ და არსად გაუშვებდნენ.

პაპაჩემის ავადმყოფობის დროს ბატალიონში სიმშვიდემ დაისადგურა.

იგი ვენისა და ბუდაპეშტის აღებაში მონაწილეობდა. არასდროს იხსენებდა ბრძოლებს და ყოველთვის მხოლოდ იმას აღნიშნავდა, რომ ვენა საოცარი, ლამაზი ქალაქია. ბედნიერი იყო, რომ იქ ჩასვლამ მოუწია. იმასაც აღნიშნავდა, რომ საბჭოთა ჯარისკაცები, რომლებიც იმ პერიოდში უკვე კარგად იკებებოდნენ, სოფლებში და ქალაქების გარეუბნებში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს საჭმელს ურიგებდნენ.

მისი თანაპოლკელების უმრავლესობამ ევროპიდან დიდი რაოდენობის ოქრო ჩამოიტანა. აღებულ ქალაქებში  საიუველირო მაღაზიები ღია და დაბომბილი იყო. და ჯარისკაცები ამით სარგებლობდნენ. ბებიას ძალიან გაუკვირდა , რომ პაპამ არაფერი ჩამოიტანა ფოლადის საპარსის (რომლითაც მომდევნო 60 წლის განმავლობაში იპარსავდა წვერს), ერთ-ერთ დაბომბილ მაღაზიაში ნადები წერილების გასაოცრად თხელი, ვენზელებით დამშვენებული ვარდისფერი ქაღალდისა და ასეთივე კონვერტების გარდა. შეკითხვაზე, თუ რატომ მოიქცა ასე, პაპამ თქვა, –  რას ერჩით, ხომ ლამაზი ნივთებიაო.

მხოლოდ ერთი დღესასწაული მაქვს, 9 მაისი – ესაა ჩემი დაბადების დღეც, ახალი წელიც და ყველაფერი დანარჩენიცო, – ხშირად ამბობდა პაპა.

პაპამ ველოსიპედის მართვა მასწავლა. დამდევდა და თან საკმაოდ მხნედ ეჭირა უნაგირი. მეთამაშებოდა ფეხბურთს, ფრენბურთს და ყველა ბიჭურ თამაშს, რომლებიც მიყვარდა. შტეფსელების გამოცვლა და მტვერსასრუტების შეკეთებაც მისი წყალობით ვიცი.

ეკატერინა

  ეკატერინა და მისი ვეტერანი პაპა ალექსანდრ ნიკოლაევი, დაბადებული 1918 წელს

პაპა არასდროს მინახავს, მაგრამ დედასგან მის შესახებ ბევრი მსმენია. დიდი ძალისხმევა გავწიე იმისთვის, რომ მომეპოვებინა ინფორმაცია იმ ადგილების შესახებ, სადაც ის მსახურობდა.

წარმოშობით ასტრახანის ოლქის სოფელ ჩორნი იარიდან იყო. მის ექვსშვილიან ოჯახს მხოლოდ ერთი ძროხა ჰყავდა, მაგრამ მაინც ‘გააკულაკეს’ და ყაზახეთში გადაასახლეს. ეს 1923 წელს მოხდა. პაპას უმცროსი და, რომელიც მაშინ 4 წლის იყო, გზაში დაიღუპა. სადაც გარდაიცვალა, იქვე დაასაფლავეს. ყაზახეთში გადასახლების შემდეგ ჩორნი იარში დაბრუნდა და ჯერ კიდევ 1939 წელს აქედანვე გაიწვიეს ჯარში. მაშინვე ფინეთის ომში წავიდა, შემდეგ კი, 1941 წელს ფრონტზე გაგზავნეს. მეტყვიამფრქვევე იყო. 201-ე საზენიტო-ქვეით პოლკში მსახურობდა. 41 წლის ივლისში ტყვედ ჩავარდა. მის გვერდით ბომბი აფეთქდა და შედეგად კონტუზია მიიღო. არაფერი ესმოდა და ვერაფერს ხედავდა. ასე ჩავარდა ტყვედ.

დედას არც ომის შესახებ უყვებოდა რამეს, და არც ტყვეობაზე საუბრობდა, მაგრამ მისი საუბრების ნაწყვეტებიდან დავასკვენი, რომ ბალტიისპირეთში, სალასპილსში არსებულ საკონცენტრაციო ბანაკში იყო ტყვედ ნამყოფი. იგი ამავე ბანაკის მშენებლობაშიც კი იღებდა მონაწილეობას. გაზის კამერისგან ვიღაც პოლონელმა ქალმა გადაარჩინა. პაპას არაფერი უთქვამს ამ ქალის შესახებ, მაგრამ მისი ფოტო მთელი ომის განმავლობაში თან დაჰქონდა და სიკვდილამდე ინახავდა. დიდხანს ვცდილობდით ფოტოზე გამოსახული მხიარული ქერა ქალის ვინაობის დადგენას, მაგრამ ამაოდ.

ყველა ყოფილ სამხედრო ტყვეს ციმბირი ელოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პაპას კეთილი ‘ენკავედეშნიკი’ შეხვდა, რომელმაც არამხოლოდ ციმბირს აარიდა, არამედ, შეიძლება ითქვას, გაანადგურა მისი საბუთები. ვისაც შეიძლებოდა, ყველას მივმართე, ყველა ინსტანცია მოვიარე; რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არქივიც კი გამოვითხოვე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ამ ადამიანს არასდროს უცხოვრია.

თავად ფრონტის ხაზზე და ტყვეობაში გატარებულ დროს არასდროს იხსენებდა. მხოლოდ ძმას გაანდო, რომელსაც პირობა ჩამოართვა, რომ მოსმენილს საიდუმლოდ შეინახავდა. ძმა 1962 წელს განგრენით გარდაიცვალა. საიდუმლო არავისთვის გაუმხელია.

გაიბი

  გაიბი და მისი ვეტერანი ბებია ტამარა ვორონინა, დაბადებული 1923 წელს

იგი ნოვოსიბირსკის ქალაქ ტატარსკში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ ბალეტის მოცეკვავეობას აპირებდა. მაგრამ გამოსაშვები საღამოდან რამდენიმე დღეში ომი დაიწყო. ბუნებრივია, როგორც ყველა, ნორჩი ტამარაც ომში წავიდა.

მაშ ასე… ომი დასრულდა და სახლში დაბრუნების დრო მოვიდა. არ ვიცი, გეოგრაფიული თვალსაზრისით როგორ, მაგრამ უკან დაბრუნება ტრანზიტით, ბაქოს გავლით მოუხდა. და აი, ის ერთ გოგონასთან ერთად ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთ სადგურში ჩამოდის და მოსაცდელ დარბაზში ზის. ბარგიც თან აქვს. შორეულ მხარეში გასამგზავრებლად დილის მატარებელში უნდა ჩაჯდეს. ტამარა ვორონინას მოსაცდელ დარბაზში ჩაეძინა. რა სიზმრები ნახა, არ ვიცი, თუმცა ის ვიცი, რომ მის თანამგზავრს არაფერი დასიზმრებია, რადგან გაღვიძებულმა თამარამ აღმოაჩინა, რომ მისი თანამგზავრიც გამქრალიყო, და ბარგიც.

მოპარულ ნივთებს შორის იყო საბუთები და ბილეთები. ტამარა ვორონინა სრულიად მარტო დარჩა მისთვის უცნობ ქალაქში. რა უნდა ექნა?!

ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ტამარა თავის სარჩენად რამდენიმე ადგილას მუშაობდა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი იყო ‘ინვალიდების სახლი’.

მის… ასე ვთქვათ, პაციენტებს შორის იყო ერთი, რომელსაც გოგონა განსაკუთრებული სიყვარულით უვლიდა. გარკვეული დროის შემდეგ ტამარამ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. მის პაციენტს თავის დაძვრენა არ უცდია და  ხელი სთხოვა.

პაციენტი აზერბაიჯანელი იყო და მისი სანათესაო ამ ქორწინებას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მამაკაცმა თავისი გაიტანა და წყვილმა იქორწინა. მათ ოჯახში ორი ვაჟი დაიბადა. ცოტა ხანში ტამარა ალექსანდროვნას მეუღლე დაბრმავდა და ქალს შვილებისა და მეუღლის მოვლა-პატრონობა მარტოს მოუხდა.

შემდეგ მისი მეუღლე გარდაეცვალა, შვილები კი დაიზარდნენ და საკუთარი ოჯახები შექმნეს.

ტამარა ალექსანდროვნამ მთელი დარჩენილი ცხოვრება თავის ერთ-ერთ ვაჟთან ერთად გაატარა. მასთან ცხოვრობდა. ტამარას ამ შვილს, თავად, ქალიშვილი და ვაჟი ჰყავს. მისი ვაჟის ვაჟი პაპამისის სახელს ატარებს – იმ ინვალიდის, რომელსაც ასე წარმატებულად უვლიდა ტამარა ალექსანდროვნა; გარკვეული დროის შემდეგ ის ალიევა გახდა.

ახლახან გარდაიცვალა. რომ არ გარდაცვლილიყო, ოთხი თვეში 90 წლის გახდებოდა. ისიც დაბრმავდა, მაგრამ ხელის ცეცებით გადაადგილდებოდა და საკუთარ თეთრეულს თავად ირეცხავდა. დამოუკიდებლად მხოლოდ ჩაის დასხმასა და საჭმლის თეფშზე გადაღებას ვერ ახერხებდა. ყოველ დილით თავს ძალას ატანდა, დგებოდა, ლოგინს ალაგებდა და საძინებლიდან გამოდიოდა.

ხშირად ამბობდა, – მთავარია, არ გაჩერდეო.

ფარხადი

ფარხადი და მისი ვეტერანი პაპა გადამაშ სადიხოვი, დაბადებული 1921 წელს

პაპამ სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა და მაშინვე ჯარში წავიდა. ეს 41 წლის აგვისტოში მოხდა. მოსკოვის დაცვაში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთ შეტაკებაში მან დაღუპული მეთაური შეცვალა და შეტევაზე გადასულ ბატალიონს წინ გაუძღვა. თავად უბრალოდ სამხედრო ექიმი იყო. ინიციატივისა და გამოჩენილი სიმამაცისთვის საბრძოლო წითელი ვარსკვლავის ორდენი გადასცეს.

მაშინ მისი ბატალიონი როსტოვის სიახლოვეს, კრიუკოვში იმყოფებოდა. სასტიკი ბრძოლები სხვა მიართულებით იყო მოსალოდნელი, ამიტომ იქ შედარებითი სიმშვიდე სუფევდა. ბატალიონის მეთაური რაზმთან ერთად სურსათის აღალის დასახვედრად წავიდა. მეთაური სხვა ბატალიონებსაც უნდა დახვედროდა, რომ მტერზე ერთობლივი იერიში მიეტანათ. მაგრამ მეთაური და მისი რაზმი გერანელებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს, რის შემდეგაც კრიუკოვისკენ გაემართნენ.

გადამშახმა მეთაურობა საკუთარ თავზე აიღო. მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი ჰყავდა. კრიოკოვში ეროვნული ინსტრუმენტების რაღაც მუზეუმი იყო, და როდესაც გერმანელები მიუახლოვდნენ, თავისი ჯარისკაცები მოაწყო და ბატალიონის ნაწილი პირდაპირ მტრისკენ დაძრა. მათ ხელში მუსიკალური ინსტრუმენტები ეკავათ – უკრავდნენ და მღეროდნენ. ერთი სიტყვით, ხმაურობდნენ. ინსტრუმენტებს შორის ხმამაღალი და უცნაური ჟღერადობის ეთნიკური სტვირებიც იყო. ვიდრე გერმანელები იმის გარკვევას ცდილობდნენ, თუ რა ხდებოდა, პაპას რაზმის მეორე ნაწილი მტერს ზურგიდან დაესხა თავს.

43 წელს პაპა მაიორი გახდა. ამ დროს ის მხოლოდ 22 წლის იყო. ამის შემდეგ მას კონტუზია დაემართა. ერთხელ მძიმედ დაიჭრა და ერთი მსუბუქი ჭრილობაც მიიღო. მოკლედ… სრული ნაკრები! სამხედრო საქმეში გამოჩენილი მამაცობისთვის უამრავი მედალი მისცეს.

მე თვითონ არ ვიცნობდი, 66 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მამაჩემი ხშირად იხსენებდა ხოლმე მას. ამბობდა, რომ პაპას ცოტა ეძინა და ბევრს კითხულობდა. სამედიცინო უნივერსიტეტში ასწავლიდა და, ამის პარალელურად, ფილოსოფიურ წიგნებსა და ლექსებს წერდა. ამბობენ, რომ მეგობრული და სტუმართმოყვარე ადამიანი იყო.

სულ რაღაც 45 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. მთავარი, რაც პაპისგან დამრჩა, არის ლექსები, საგაზეთო სტატიები და ნარკვევები; ყველაზე გვიანდელი 1965 წლით თარიღდება – ანუ ჩემს დაბადებამდე 15 წლით ადრეა დაწერილი.


ასევე წაიკითხეთ