"სამართლიანმა არჩევნებმა" სოციალური და ონლაინ მედიის კვლევა ჩაატარა " />

ფეისბუკ-ტროლები და ყალბი მედია-გვერდები. როგორ ებრძვის საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეებს

"სამართლიანმა არჩევნებმა" სოციალური და ონლაინ მედიის კვლევა ჩაატარა

ხელისუფლება პარლამენტთან შეკრებილ აქციას და მის ორგანიზატორებს ფეისბუკ-ტროლებისა და  მადისკრედიტირებელი კამპანიების საშუალებით ებრძვის, რაც მას საკმაოდ ძვირი უჯდება.

ამ დასკვნამდე მივიდა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘სამართლიანი არჩევნები’ (ISFED), რომელმაც 20-21 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ ქართული სოციალური და ონლაინ მედიის კვლევა ჩაატარა.

_____________________

რა აჩვენა კვლევამ: 

განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები და აქციის მხარდამჭერები არიან.

მთავარი მესიჯი არის ის, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან მართულნი. „ნაციონალური მოძრაობა“ კი, თავის მხრივ, ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და არეულობას გეგმავს.

ასევე ეს გვერდები ცდილობენ წარმოაჩინონ სპეცრაზმი, როგორც მსხვერპლი და აქციის მონაწილეები, როგორც აგრესორები.

21 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ ეს გვერდები ავრცელებდნენ მხოლოდ იმგვარ ფოტო და ვიდეო-მასალებს, სადაც სპეცრაზმის მხრიდან ძალის გამოყენება პრაქტიკულად არსად ჩანდა, სამაგიეროდ ჩანდნენ აგრესიული სამოქალაქო პირები. მაგალითად, ორგანიზაციის განცხადებით, ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, სავარაუდოდ, ფსიქიკური პრობლემების მქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი, რომელიც აგრესიულად იქცევა.

• “აჭარა თურქული რეგიონი ხდება” – რუსეთის პირველი არხის ანტითურქული რეპორტაჟი

• ყოფილი ჩეხი ბარმენის ფეიკ-სიახლეების იმპერია

• დავა სოციალური ქსელების გარშემო აზერბაიჯანში

კამპანია ორგანიზებული და კოორდინირებულია

გავრცელებული პოსტები, როგორც წესი, ერთნაირ გზავნილებს შეიცავს, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე გვერდი ზუსტად ერთნაირ ფოტოს და ვიდეო მასალას იყენებს და ტექსტიც ერთნაირი აქვთ.

„ერთ-ერთი ვიდეო 5 წუთის განმავლობაში სამ გვერდზე გამოქვეყნდა, რაც მათ შორის კავშირის, ერთიანი ადმინისტრირების ვარაუდს კიდევ ერთხელ ამყარებს,“ – აღნიშნულია კვლევაში.

კამპანიის უკან ხელისუფლება და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები დგანან

ამ მოსაზრებას კვლევა კონკრეტული არგუმენტებით ამყარებს:

როგორც კვლევამ აჩვენა, ახლადშექმნილ გვერდებთან ერთად გააქტიურდნენ ის ფეისბუკ-გვერდები, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სახელისუფლებო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერდნენ მხარს.

“სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე გამოავლინა კონკრეტული მადისკრედიტებელი ფეისბუკ-გვერდების კავშირი  მმართველი პარტიის ინტერესებთან. მაგალითად, ერთ-ერთი ფეისბუკ-გვერდი სახელწოდებით “საინფორმაციო გვერდი“, რომელიც დღეს აქტიურადაა დაკავებული აქციის ორგანიზატორთა დისკრედიტაციით, 2014 წლის თებერვალში მოქმედებდა სახელწოდებით “თვითმმართველობის არჩევნები/ქართული ოცნება“.

კამპანია ძვირი “სიამოვნებაა” – ყველა პოსტი დასპონსორებულია

კიდევ ერთი მიგნება, რომელიც კვლევიდან იკვეთება არის ის, რომ აღნიშნული კამპანია თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე საკმაოდ ძვირი ჯდება. ადამიანური რესურსების გარდა, დიდი ფული იხარჯება პოსტების დასპონსორებაში. თითქმის ყველა მადისკრედიტებელი პოსტი დასპონსორებულია.

„ჩნდება კითხვები სავარაუდოდ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ან მის სასარგებლოდ, არადეკლარირებული უკანონო თანხების გამოყენების თაობაზე,“ – წერია კვლევაში.

ჰომოფობიური და ანტიდასავლური გზავნილები

იმ პოსტების დიდი ნაწილი, რომლებიც, სავარაუდოდ, სწორედ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების მიერაა კოორდინირებული და დასპონსორებული,  ჰომოფობიური შინაარსისაა. ეს ამ კამპანიის კიდევ ერთი თავისებურება.

დასპონსორებული პოსტების ნაწილი გვატყობინებს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების უკან “თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები დგანან. ამის დასასაბუთებლად ვრცელდება ლგბტქ აქტივისტების აქციაზე გადაღებული ფოტოები.

“ეს გზავნილები ზუსტ თანხვედრაშია დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ულტრამემარჯვენე გვერდების გზავნილებთან, რომლებიც ანტიდასავლური ნარატივითაც ხასიათდებიან,“ – წერია კვლევაში.

ცრუ მედიის გვერდები

აქციების მადისკრედიტირებელი კამპანია მხოლოდ ფეისბუკზე როდია გაჩაღებული.

არსებობს არაერთი ვებ-გვერდი, რომელიც ერთი შეხედვით მედიას ჰგავს – გამოქვეყნებულია ახალი ამბები, სხვადასხვა არაპოლიტიკური შინაარსის სტატიები. თუმცა, რეალურად ამ საიტებს მედიასთან კავშირი არ აქვთ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით – მადისკრედიტებელ კამპანიაში მონაწილეობისთვის არიან შექმნილნი.

ამ ყალბ მედია საიტებზე ხშირად იდება ხელისუფლების ოპონენტების საწინააღმდეგო სტატიები ან ვიდეოები, რომლებიც ფეისბუკზე დასპონსორებულად ვრცელდება.

უკვე მეცამეტე დღეა პარლამენტის შენობის წინ იმართება აქცია სახელწოდებით „სირცხვილია“.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც თავდაპირველად ქუჩაში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში გამოჩენამ გამოიყვანა, ამ ეტაპზე ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია.

მინისტრის გადადგომის მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 20-21 ივნისის ღამეს სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი მრავალათასიანი აქცია ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ