ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სექტემბერში პრეზიდენტის პოსტზე რაულ ხაჯიმბას ხელახლა არჩევა - უკანონოა " />

სოხუმი: ასლან ბჟანია ხელისუფლებისთვის სასტიკი წინააღმდეგობის გაწევას გვპირდება

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სექტემბერში პრეზიდენტის პოსტზე რაულ ხაჯიმბას ხელახლა არჩევა - უკანონოა

Aslan Bzhania, leader of the united Abkhaz opposition ასლან ბჟანია, გაერთიანებული აფხაზური ოპოზიციის ლიდერი

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, რომელიც მოწამვლის სავარაუდო მცდელობის შემდეგ მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის, ხელისუფლებისთვის სასტიკი წინააღმდეგობის გაწევას გვპირდება. მან ამის შესახებ, გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

• აფხაზეთში რაულ ხაჯიმბა მეორე ვადით აირჩიეს

• აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის ავადმყოფობა: უბედური შემთხვევა თუ მოწამვლა?

• აფხაზეთი: როგორ გამოიყურება ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე

აფხაზეთში, ოპოზიცია 8 სექტემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმებას ითხოვს. ორი კანდიდატის მიერ მიღებულ ხმებს შორის დიდი სხვაობა არ იყო: 47,39% მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიიღო, 46,17% – ოპოზიციის კანდიდატმა, პარტია „ამცახარის“ ლიდერმა ალხას კვიცინიამ.

ოპოზიციის მტკიცებით, კანონმდებლობის თანახმად, ეს შედეგები სინამდვილეში იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნებში არავის გაუმარჯვია და კენჭისყრა ახლიდან უნდა ჩატარდეს.

„ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ვერავის დავუძახებთ არჩეულ პრეზიდენტს. არსებობს „პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლი, სადაც წერია, რომ მეორე ტურში ადამიანმა მაქსიმალურად ლეგიტიმურად უნდა გაიმარჯვოს. ეს ნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ და „ყველას წინააღმდეგ“ მიცემული ხმები უნდა დაჯამდეს და მისთვის მიცემულმა ხმათა რაოდენობამ ამას უნდა გადააჭარბოს. ეს პირობა დაცული არ არის. ცესკოს არ აქვს კანონის შეცვლის უფლება. არჩეული პრეზიდენტი არ გვყავს“, – ამბობს ასლან ბჟანია.

ასლან ბჟანია, გაერთიანებული აფხაზური ოპოზიციის ლიდერი

ის იხსენებს, რომ 25 სექტემბერს მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურება.

„იმ მომენტიდან, თუკი ის განმეორებით არჩევნებზე არ წავა, ჩაითვლება პიროვნებად, რომელიც არალეგიტიმურად ფლობს ძალაუფლებას. ჩვენ ამაზე შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადა ბჟანიამ.

20 სექტემბერს, აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ უარი უთხრა მოქმედი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას მოწინააღმდეგეს საპრეზიდენტო არჩევნებზე, ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხაჯიმბას პრეზიდენტად გამოცხადების გაუქმებას ითხოვდა.

სადავო საკითხი, რომელსაც სასამართლო განიხილავდა, გახდა სწორედ ცესკოს მიერ კანონის დებულების განმარტება „ყველას წინააღმდეგ“ ხმებთან დაკავშირებით.

ცესკომ არჩევნების წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამარჯვებული ხმათა უბრალო უმრავლესობით გაირკვეოდა.

ალხას კვიცინია ოპოზიციის კანდიდატი ფორსმაჟორულ ვითარებაში გახდა. ის მას შემდეგ წარადგინეს, რაც ავადმყოფობის გამო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ.

2019 წლის აპრილის შუაში, ბჟანია სასწრაფოდ მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს. თავიდან აქტიურად მუსირებდა მისი მოწამვლის ვერსია. შემდეგ რუსული კლინიკის ოფიციალური დიაგნოზი გამოქვეყნდა, სადაც აფხაზი პოლიტიკოსის იშვიათ იმუნურ დაავადებაზე იყო საუბარი.

ბჟანია გერმანიაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. კლინიკა, სადაც ის ამჟამად იმყოფება, მის დაავადებას მძიმე მეტალებით მოწამვლას უკავშირებს, კერძოდ, ვერცხლისწყლითა და კადმიუმით.

ჯერჯერობით ბჟანია ისევ მკურნალობას აგრძელებს. მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და, როგორც მისი გარემოცვა ამბობს, 2019 წლის ბოლოს, ის, დიდი ალბათობით, აფხაზეთში დაბრუნდება.

თავად ასლან ბჟანიას მიაჩნია, რომ ის სწორედ არჩევნების გამო მოწამლეს და ოპოზიციას უკვე ბრძოლისათვის ამზადებს. 

„ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ. ყველაფერი, რასაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა ხაჯიმბა, ჩვენ მიერ გაორმაგებული ენერგიით იქნება გამოყენებული. ყველაფერი, რაც მათ დათესეს, მოსავლის სახით დაუბრუნდებათ“, – აცხადებს ასლან ბჟანია.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ