ბუნდესტაგის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება სომხურ-თურქულ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ასეთი ურთიერთობები არ არსებობს" />

სომხეთ-თურქეთი. უარესი არ არსებობს

ბუნდესტაგის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება სომხურ-თურქულ ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ასეთი ურთიერთობები არ არსებობს

ლიუსი სარგსიანის ფოტომასალა

სომხურ-თურქულ ურთიერთობების შესახებ კომენტარს აკეთებს კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი,

პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდარიანი

სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარიც კი დაკეტილია. ამ ურთიერთობების გაუარესება შეუძლებელია, რადგან გამორიცხულია, ამაზე უარესი მდგომარეობა შეიქმნას; ასეთია პოლიტიკური პერსპექტივა.

  ისტორიულ პერსპექტივას რაც შეეხება, სხვადასხვა ქვეყნის, განსაკუთრებით კი დიდი ქვეყნების მიერ, სომეხთა გენოციდის აღიარება, საბოლოო ჯამში, ზემოქმედებას ახდენს თურქეთზე და აღიარების პროცესის  სასწორის ისარს მათ საწინააღმდეგო მხარეს ხრის.

თურქეთმა ურთიერთობა გაიფუჭა მეზობლებთან. ამ ქვეყნის ქმედებებს ყველა მიმართულებით დიდ წარუმატებლობა მოაქვს მისთვის. დაძაბულობა ისრაელთან, რუსეთთან, ევროპასთან. ზოგ შემთხევაში, ამ ნაბიჯებს სრულიად კატასტროფული შედეგებიც კი აქვს – მაგალითად სირიაში, სადაც ის არაბული ფაქტორის გამოყენებით მისთვის ხელსაყრელი ახლო აღმოსავლეთის შექმნას ცდილობდა.

 გარდა ამისა, თურქეთში ნაციონალისტური ტენდენციები მატულობს. შიდა პოლიტიკა ისე ვითარდება, რომ ამას ქვეყანა დიდ საშინაო პრობლემებამდე მიჰყავს – მაგალითად, ქურთებთან ომამდე.

მეტიც – თურქეთი კონსტიტუციის შეცვლას აპირებს – მმართველობის საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას. შესაბამისად, პოლიტიკის – “ნულოვანი პრობლემა მეზობლებთან” – მთავარი წარმმართველი, აჰმეთ დავუთოღლუ ფაქტობრივად გათავისუფლებულია პრემიერმინისტრის პოსტიდან.

მხოლოდ თავად თურქეთის განვითარებაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება სამომავლოდ სომხურ-თურქული ურთიერთობები, მაგრამ დღეისთვის ამ ორი ქვეყნის დაახლოების პერსპექტივას ვერ ვხედავ.

 სხვადასხვა ქვეყანამ გენოციდი განსხვავებული ფორმით აღიარა. ზოგან ეს მოვლენა პარლამენტმა ცნო, ზოგ სახელმწიფოში კი – პრეზიდენტმა. ზოგიერთ ქვეყანაში გენოციდი კანონის მიღებით აღიარეს, სხვა სახელმწიფოებში კი – გენოციდის უარყოფის კრიმინალიზაცით. გენოციდი რეგიონული პარლამენტების დონეზეც ცნეს. არსებობს ამ ფაქტის დამგმობი პეტიციებიც.

ეს ყველაფერი ამ ამბის გახმაურებაზე ახდენს გავლენას, ასევე – სომხეთისა და თურქეთისადმი მსოფლიოს განწყობაზე. თურქეთის ნერვული რეაქცია სწორედ ამაზე მეტყველებს.

სხვადასხვა ქვეყნის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებით თურქეთი ზეწოლას განიცდის, სომხებს კი თითოეული ეს შემთხვევა უსაფრთხოების შეგრძნების ხარისხს ჰმატებთ.

სომეხთა გენოციდი საპრეზიდენტო და საპარლამენტო დონეზე 26-მა ქვეყანამ აღიარა და დაგმო. პირველად სომეხთა გენოციდი ოფიციალურად ურუგვაის პარლამენტმა აღიარა და დაგმო 1965 წელს. 2016 წლის 2 ივნისს გერმანიის პარლამენტის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს. გენოციდის ფაქტი გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აღიარეს, კერძოდ კი – ევროსავჭომ, ევროპარლამენტმა, გაეროს დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და უმცირესობების დაცვის ქვეკომისიამ, ეკლესიების მსოფლიო საბჭომ და ა.შ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.

გამოქვეყნდა: 06.06.2016

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ