ხელისუფლება ისეთ გადაწყვეტილებას ეძებს, რომელიც მაცხოვრებლებს დააკმაყოფილებს და მეწარმეებს არ ავნებს" />

სომხეთში საცხოვრებელი სახლების მახლობლად ღამის კლუბები აღარ იქნება

ხელისუფლება ისეთ გადაწყვეტილებას ეძებს, რომელიც მაცხოვრებლებს დააკმაყოფილებს და მეწარმეებს არ ავნებს

ერევნის მაცხოვრებლები მთავრობის იმ ინიციატივის შესახებ მსჯელობენ, რომელიც ღამის კლუბებისა და სხვა ხმაურიანი გასართობი დაწესებულებების საცხოვრებელი სახლებისგან მოშორებით გადატანას შეეხება.

მრავალბინიანი სახლების მაცხოვრებლები ხმამაღალი მუსიკისა და ხმაურის გამო ჩივიან; მოითხოვენ, რომ შესაბამისი რეგულაციები რაც შეიძლება დროულად მიიღონ, და გასართობი დაწესებულებები მათი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, სარდაფებში არ მდებარეობდეს. სომხეთის პრემიერ- მინისტრის დავალებით, უკვე შემუშავებულია „ვაჭრობისა და მომსახურების შესახებ კანონის“ დამატებათა პაკეტი, რომელიც საცხოვრებელი სახლების მახლობლად მდებარე გასართობი დაწესებულებების მუშაობას დაარეგულირებს,

„11 საათის შემდეგ ხმამაღალ მუსიკას რთავენ, ხმაურობენ – დაძინება შეუძლებელია. არ გეგონოთ, რომ რადგან ხმაურის წინააღმდეგი ვარ, ადამიანების უმუშევრად დარჩენის ან ამ გასართობი დაწესებულებების დახურვის მომხრე ვარ. მაგრამ თუკი ეს სხვა ადამიანებს  ხელს უშლის, ხომ უნდა გამოიძებნოს რაიმე გადაწყვეტილება“, – ამბობს ერევნის მაცხოვრებელი, რომლის ბინასაც გასართობი დაწესებულებისგან ორი სართული აშორებს.

ამგვარი დაწესებულებების თანამშრომლები კი აღნიშნავენ, რომ შუაღამის შემდეგ მუსიკის ხმას აკონტროლებენ, ესმით, რომ ახლომახლო მდებარეობს ბინები, სადაც ადამიანები ცხოვრობენ.

 „ჩვენ ვმუშაობთ, ეს ბიზნესია, არ გვინდა, რომ ადამიანები შევაწუხოთ, და  რაც ჩვენს ხელთაა, ყველაფერს ვაკეთებთ. ხოლო ჩვენი ტერიტორიის გარეთ ჩხუბი და აყალმაყალი თუ ხდება, ეს ყოველთვის ჩვენთან არ არის კავშირში“, – თქვა ერთ-ერთი გასართობი დაწესებულების თანამშრომელმა.

 იმისთვის, რომ მაცხოვრებლებიც კმაყოფილები იყვნენ, და არც მეწარმეებმა იზარალონ, მთავრობა ვარაუდობს, რომ იმ გასართობ დაწესებულებებს, რომლებიც მრავალბინიანი სახლის ტერიტორიაზე მდებარეობს, სხვა ტერიტორია შესთავაზოს. საცხოვრებელი სახლების მახლობლად მათი მუშაობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მეწარმეებს თავიანთი პრობლემების გადასაჭრელად ერთი წლის ვადა მიეცემათ.

„ნებისმიერი ასეთი დაწესებულების მფლობელს ამ უბნის თემის უფროსთან და  ქალაქმშენებლობის კომიტეტთან  ერთად შეუძლია  საკუთარი ობიექტისთვის ან ნებისმიერი სხვა ადგილი  შეარჩიოს, ან საქმიანობის სფერო შეიცვალოს, ან დაწესებულება დახუროს. კანონში ასევე გავითვალისწინეთ, რომ ამ დაწესებულებებოს გადატანა ან რაიმე სხვა გადაწყვეტილება ადამიანების დასვენების უფლების ხარჯზე არ განხორციელდეს. მანძილი, რაც  ამგვარ დაწესებულებებს მარვალბინიანი სახლებისგან აშორებს, მომავალში დადგინდება კანონქვემდებარე აქტებით, ერევნის უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებით და ა.შ.“ – თქვა პრემიერ-მინისტრის უფროსმა თანაშემწემ არამ ვარდევანიანმა. 

მან განაცხადა, რომ დღესდღეობით ერევანში მრავალბინიანი სახლების მახლობლად  22 გასართობი დაწესებულება ფუნქციონირებს.

პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა  კანონის შესწორებების პაკეტის უმოკლეს დროში  მომზადებისა და მთავრობისათვის წარდგენის განკარგულება გასცა.


ასევე წაიკითხეთ