ისინი ამას საკუთარი ნებით აკეთებენ - თუმცა, აქციას წინ ნიკოლ ფაშინიანის მხრიდან ზეწოლა უძღოდა" />

სომხეთში ოლიგარქებმა ბიუჯეტისთვის ათობით მილიონი დოლარის გადაცემა გადაწყვიტეს

ისინი ამას საკუთარი ნებით აკეთებენ - თუმცა, აქციას წინ ნიკოლ ფაშინიანის მხრიდან ზეწოლა უძღოდა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმა მზად არის, სახელმწიფო ხაზინაში თვისი ერთ-ერთი საბანკო ანგარიშიდან 30 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა დააბრუნოს. სომხეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი არმენ ავეტისიანი კი, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი, სახელმწიფოსთვის ცახკაძორში მდებარე თავის სასტუმროს გადაცემას აპირებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

რა 30 მილიონია ეს?  

სომხეთში ალექსანდრ სარსგიანის 30 მილიონ დოლარზე საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. თავიდან ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანი ალაპარაკდა. ეს იყო სექტემბერში, ერევნის უხუცესთა საბჭოს, ანუ დედაქალაქის პარლამენტის წინასაარჩევნო კამპანიის დროს:

„სერჟ სარგსიანის ძმას, საშიკ სარგსიანს სომხეთის მხოლოდ ერთ ბანკში 30 მილიონი დოლარი აქვს, და მთელი ეს ფული დაპატიმრებულია. მოვითხოვ, საშიკ სარგსიანმა საჯაროდ დადოს პირობა, რომ ერთი კვირის განმავლობაში ამ 30 მილიონს თავისი ნებით დააბრუნებს სახელმწიფოს ბიუჯეტში“.

• ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ძმისშვილი მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი

• სომხეთში რევოლუციის შემდეგ ქრთამის აღების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მაშინ ამ განცხადების საპასუხოდ, ალექსანდრ სარგსიანმა პრემიერი საბანკო საიდუმლოს გამჟღავნებისთვის დაადანაშაულა და ყველა თავის ანგარიშზე პატიმრობის მოხსნისკენ მოუწოდა. ის ირწმუნებოდა, რომ მთელი ეს სახსრები კანონიერი გზით იყო მოპოვებული:

„სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს კარგად ესმის, რომ მე ეს თანხები უკანონო გზით არ მომიპოვებია, და რომ მათი კონფისკაცია კანონიერი გზით შეუძლებელია. მაგრამ, ჩემს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გამო, თავისი თანამდებობრივი მდგომარეობისა და ძალაუფლების გამოყენებით, იმით მემუქრება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შევიტანო თანხა, რომელიც საკუთრების უფლებით მეკუთვნის. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერსა და სამართალდამცავ ორგანოებს კარგად ესმით, თუ როგორ კვალიფიცირდება სამართლებრივი თვალსაზრისით სომხეთის პრემიერ-მინისტრის ეს ქმედებები“.

ალექსანდრ სარგსიანმა განაცხადა, რომ 1985-1995 წლებში რუსეთში ბიზნესით იყო დაკავებული და სომხეთში დიდი თანხით დაბრუნდა. მან ასევე ყველას შეახსენა, რომ ამ ბიზნესით ის სამშობლოში არ იყო დაკავებული.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ სარგსიანის ყველა ანგარიში ეროვნული უსაფრთხოების საგამოძიებო სამმართველომ დააპატიმრა. წინასწარი გამოძიების თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს, ალექსანდრ სარგსიანის წინააღმდეგ ჯერ არც სისხლის სამართლის საქმე აღძრულა.

და ახლა ფაშინიანი აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტის ძმა მზად არის, ეს 30 მილიონი დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტს ნებაყოფლობით გადასცეს. თუ რას უკავშირდება ეს, ჯერჯერობით გაურკვეველია.

რით არის ცნობილი ალექსანდრ სარგსიანი

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ძმას „საშიკს“ ეძახიან. მასთან დაკავშირებით ხშირად გაისმის გამოთქმა „საშიკის 50 პროცენტი“. სერჟ სარგსიანის პრეზიდენტობის წლებში ხალხში ამბობდნენ, რომ ბევრი ბიზნესმენი თავისი შემოსავლის 50 პროცენტს – ძმას, საშიკს იძულებით უხდიდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სომხეთში ამ სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების მოწოდებები გაისმოდა.

ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ ალექსანდრ სარგსიანი რამდენჯერმე დააკავეს და გაჩხრიკეს, მას აღმოუჩინეს იარაღი, რომლის ფლობის უფლებაც, სხვათა შორის, აღმოაჩნდა. ეროვნული უშიშროების სამსახურმა ალექსანდრ სარგსიანის სახლში ასევე ხრეკა ჩაატარა, რის შემდეგაც ძებნა  მის ვაჟზე – ნარეკ სარგსიანზე გამოცხადდა.

სახელმწიფოსთვის გაკეთებული სხვა საჩუქარი საბაჟოს ყოფილი ხელმძღვანელისგან

სომხეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს არმენ ავეტისიანს სურს, რომ ცახკაძორში მდებარე თავისი კუთვნილი სასტუმრო  სახელმწიფოს გადასცეს. ამის შესახებ ასევე პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. მანამდე ავეტისიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ფულის გათეთრების მუხლით იყო აღძრული:

„მაცნობეს, რომ არმენ ავეტისისანის ოჯახმა რამდენიმე დღის წინათ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიმართა და თქვა, რომ ცახკაძორში მდებარე სასტუმრო Golden Palace-ს სახელმწიფოს ჩუქნის. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა როგორც ჩანს,  საზოგადოების განწყობის შეცვლის იმედით, მათ… ასეთი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტეს“.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუკი გადაცემის პროცედურა განხორციელდება, სასტუმროს საჯარო აუქციონზე გაიტანენ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებებით, ის დაახლოებით 20 მილიონი დოლარი ღირს.

არმენ ავეტისიანი საბაჟო კომიტეტს რობერტ კოჩარიანის პრეზიდენტობის დროს ხელმძღვანელობდა.


ასევე წაიკითხეთ