ვარაუდობენ, რომ სომეხ და ირანელ მეწარმეებს ახლა ევროპასთან და ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ" />

სომხეთი-ირანის საზღვარზე თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნა

ვარაუდობენ, რომ სომეხ და ირანელ მეწარმეებს ახლა ევროპასთან და ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობის უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ

სომხეთ-ირანის საზღვარზე ოფიციალურად გაიხსნა თავისუფალი ეკონომიკური ზონა „მეგრი“, სადაც საქონელი თვითღირებულებით გაიყიდება – dutyfree-ს რეჟიმით.

ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ სომხეთისა და ირანისთვის ეს სივრცე, შესაძლოა, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობად იქცეს, რადგან სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირშიც მონაწილეობს და ევროკავშირთანაც თანამშრომლობს, და ექსპორტისთვის შეღავათიანი პირობებით სარგებლობს.

თავისუფალ ეკონომიკურ ზონა „მეგრიში“ მომუშავე მეწარმეები საშემოსავლო გადასახადისგან, დამატებითი ღირებულების, სააქციზო გადასახადისა და საბაჟო მოსკრებლისგან გათავისუფლებულები იქნებიან. მათ მხოლოდ მოგების გადასახადი დაეკისრებათ. აქ, შესაძლოა, სხვადსხვაგვარი საქონელი იყოს წარმოდგენილი – როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე სამრეწველო გადამამუშავებელი და ნებისმიერი სხვა სფეროსი.

სომხეთის პრემიერ-მისნიტრმა კარენ კარაპეტიანმა თქვა, რომ ირანელ მეწარმეებს თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ბიზნესის დაწყების და თავიანთი პროდუქციის ევროპასა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებში ექსპორტირების შესაძლებლობა ექნებათ. პრემიერის თქმით, იგივე კეთილსაიმედო პირობები იმოქმედებს ევროპიდან და ევრაზიულ კავშირის ქვეყნებიდან ირანში ექსპორტის დროსაც.

სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია. ამ კავშირის შემადგენლობაში არიან ასევე რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი. ამავდროულად, სომხეთი  GSP-ის ბენეფიციარი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს კანადასთან, იაპონიასთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. 2009 წლის 1 იანვარს სომხეთი იმ ქვეყნების სიაში შევიდა, რომლებსაც ევროპის კავშირისგან GSP+ რეჟიმი აქვთ მიღებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა საბაჟო ტარიფების იმ შეღავათიანი სისტემით სარგებლობს, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს განვითარებადი ქვეყნებიდან შეტანილ საქონელზე აქვთ დაწესებული, მათი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ანუ სომხეთიდან რიგი საქონლის ექსპორტირება შესაძლებელია საბაჟო მოსაკრებლების გარეშე.

სომხეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა სეიედ კაზემ საჯადიმ ამასთან დაკავშირებით თქვა, რომ სომხურ-ირანული ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის ნათელ პერსპექტივას ხედავს:

„ახალი თავისუფალი ეკონომიკური ზონა „მეგრი“სომხეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდასა და ირანის თავისუფლ ეკონომიკურ ზონებთან გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს“. 

ვარაუდობენ, რომ უახლოეს წლებში ამ ეკონომიკურ ზონაში 50-70 საწარმო ამოქმედდება, 100-150 მილიონი დოლარის ინვესტიცია შევა, და უზრუნველყოფილი იქნება 250 მილიონი დოლარის ოდენობის ექსპორტი.

ოფიციალური მონაცემებით, 2017 წელს სომხეთსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვამ გასული წლის მონაცემებს გადააჭარბა და 211,4 მილიონი დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში,  სომხეთის სავაჭრო ბრუნვაში ირანთან თანამშრომლობა 4,2 %-ს შეადგენს.


ასევე წაიკითხეთ