"არ შეიძლება, რომ ეს ოქმები სამუდამოდ თურქეთის პრეზიდენტის საწერი მაგიდის უჯრაში დარჩეს", - მიაჩნიათ სომხეთში " />

ერევანმა სომხურ-თურქული პროექტები გააუქმა, სახმელეთო საზღვარი კი ისევ დაკეტილი რჩება

"არ შეიძლება, რომ ეს ოქმები სამუდამოდ თურქეთის პრეზიდენტის საწერი მაგიდის უჯრაში დარჩეს", - მიაჩნიათ სომხეთში

ოფიციალურმა ერევანმა გააუქმა სომხურ-თურქული ოქმები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოგვარების მიზანს ემსახურებოდა.

სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის განცხადებით, 2009 წელს ხელმოწერილი ოქმები „უსარგებლო“ და არაეფექტური აღმოჩნდა, შესაბამისად, მათზე უარი უნდა ითქვას.

 „როდესაც სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობების დალაგების პროცესის ინიცირებას ვახდენდი, მე რეგიონში მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავლის შექმნის იდეით ვხელმძღვანელობდი. სომხეთმა ყველაფერი იღონა, რომ  სომხეთის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მოგვარების ტვირთი მომავალი თაობებისთვის არ დაეტოვებინა. 

თუმცა, ოქმების ხელმოწერიდან 9 წლის შემდეგ ანკარა თავის უსაფუძვლო წინაპირობებს დაუბრუნდა, და არათუ არანაირი ნაბიჯები არ გადაუდგამს ამ ოქმების რატიფიცირებისა და მათი ძალაში შესვლისთვის, არამედ არავითარ ეჭვსაც აღარ ტოვებს იმის თაობაზე, რომ ამ პროცესის რეალიზაციას არ აპირებს“, – თქვა სრჟ სარგსიანმა.

თურქეთმა ორი წინაპირობა წამოაყენა:

  • სომხეთმა თურქეთის მხრიდან სომხების გენოციდის აღიარების მოთხოვნა უნდა შეწყვიტოს. ეს პირობა ციურიხში ჯერ კიდევ ოქმების ხელმოწერამდე ითქვა.
  • სომხეთ-თურქეთის ურთიერთობა მხოლოდ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის შემდეგ შეიძლება მოგვარდეს. ეს წინაპირობა – აზერბაიჯანის ინტერესების დაცვის მიზნით – ოქმების ხელმოწერის შემდეგ წამოაყენეს.

თურქეთის პირველი წინაპირობის მიუხედავად, სომხეთს ამ ოქმების ხელმოწერა აიძულეს, მაგრამ როდესაც ხელმოწერის შემდეგ მეორე პირობა წამოაყენეს, ოქმების რატიფიკაცია ჩიხში მოექცა. როგორც სომეხი ექსპერტები აღნიშნავენ, ეს პირობა ვერ  დაკმაყოფილდება და მოცემულ სიტუაციაში სომხეთს, ამ პროცესის შეჩერების გარდა, სხვა არჩევანი არ ჰქონდა.

„არ შეიძლება, რომ ეს ოქმები სამუდამოდ თურქეთის პრეზიდენტის საწერი მაგიდის უჯრაში, ან თურქეთის პარლამენტში დარჩეს. ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთმა ამ პროცესისგან ის მოიგო, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობამ დაინახა: თურქეთმა სიტყვა არ შეასრულა და თავის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე უარს ამბობს“, – მიაჩნია სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, რეგიონული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსს დავიდ შაჰნაზარიანს.

თუმცა, საექსპერტო წრეებში სხვა აზრი გაისმის: ამ პროცესის დაწყება არ ღირდა, რადგან ის იმთავითვე განწირული იყო, და არ შეიძლებოდა, რომ ეფექტური დასასრული ჰქონოდა.

„ამ ოქმებმა სომხეთს მხოლოდ ავნო, თურქეთის ინტერესებს წაადგა და არქივში სომხეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო დოკუმენტი გაჩნდა. თუკი დიპლომატიური მარცხით გამარჯვება მიიღწევა, მაშინ ეს ძალიან საინტერესო და ნოვატორული მდგომარეობაა, რომლისაც მხოლოდ ერევანში სჯერათ. სომხეთ-თურქეთის ოქმების სულიერ მამებს ისტორია რომ სცოდნოდათ, მიხვდებოდნენ, რომ თურქეთი ერთადერთ პრინციპს სცემს პატივს – ნებისმიერი შეთანხმებისადმი უპატივცემულობის პრინციპს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა აიკ მარტიროსიანმა.

1991 წელს თურქეთმა დე ფაქტო აღიარა სომხეთი, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე უარს ამბობს. 1993 წლიდან თურქეთმა სომხეთთან საჰაერო და სახმელეთო საზღვარი ცალმხრივად ჩაკეტა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებრიობის ძალისხმევით, 1995 წელს საჰაერო საზღვარი გაიხსნა, სახმელეთო კი ისევ ჩაკეტილია.  ციურიხის ოქმები ასევე სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნასაც გულისხმობდა.

ოქმების ხელმოწერისა და გაუქმების წინა ისტორია

2008 წლის 6 სექტემბერს სომხეთისა და თურქეთის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა მოხდა: სომხეთში ჩავიდა თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული. სომხეთის პრეზიდენტთან ერთად ის ორი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის გამართულ საფეხბურთო მატჩს დაესწრო. ამ ვიზიტით სათავე დაედო პროცესს, რომელსაც „საფეხბურთო დიპლომატია“ ეწოდა.  

ერთი წლის შემდეგ ოქმებს ხელი მოეწერა და რატიფიცირებისთვის სომხეთისა და თურქეთის პარლამენტებს გაეგზავნა.

2009 წლის დეკემბერში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ოქმების რატიფიცირებას მანამდე არ მოახდენს, ვიდრე ყარაბაღის კონფლიქტი არ მოგვარდება. თურქეთის პარლამენტში ამ დოკუმენტის რატიფიცირების პროცესი შეჩერდა.

საპასუხოდ, სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ ოქმების ხელმოწერა წინაპირობების გარეშე უნდა მომხდარიყო და 2010 წლის 22 აპრილს ოქმების ხელმოწერის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. ხუთი წლის შემდეგ, 16 თებერვალს, სომხეთის პრეზიდენტმა სომხეთ-თურქეთის ოქმები ეროვნული საკრებულოდან გაიტანა.

ამასთან დაკავშირებით სერჟ სარგსიანმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:  

„როდესაც სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოგვარებას წინაპირობების გარეშე ვიწყებდით, მოვლენების ნებისმიერი განვითარება წარმოგვედგინა. ჩვენ მზად ვიყავით როგორც ოქმების რატიფიკაციის საშუალებით ყოველმხრივი დარეგულირებისთვის, ისე წარუმატებელი შედეგისთვისაც, რადგან ჩვენ დასამალი არაფერი გვქონდა, და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცხადი გახდებოდა, თუ რომელი მხარის მიზეზით არ გაიხსნა აქამდე ევროპის უკანასკნელი ჩაკეტილი საზღვარი და დაიკარგა ამის შესაძლებლობა“.

სერჟ-სარგსიანი სომხეთ-თურქეთის ოქმების  გაუქმებაზე ჯერ კიდევ შარშან, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე გამოსვლისას ლაპარაკობდა.

 „დამატებითი განმარტებების დრო დადგა. თურქეთის ხელმძღვანელობა ცდება, თუკი მიაჩნია, რომ ამ დოკუმენტების მძევლად დატოვება და მხოლოდ მისთვის ხელსაყრელ შემთხვევაში რატიფიცირება შეიძლება. ეს ოქმები ახლანდელ პირობებში განიხილებოდა –  ახლანდელი პრობლემების გადასაჭრელად.

ამ ოქმების რეალიზაციის მიმართულებით რაიმე დადებითი ქმედებების არარსებობის პირობებში, სომხეთი ამ ორ ოქმს გააუქმებს. სამწუხაროდ, ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ ეს დოკუმენტები უსარგებლოა და ჩვენ 2018 წლის გაზაფხულს მათ გარეშე შევხვდებით“.  

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ