ზოგიერთი შუალედური დებულება - უკვე ამოქმედებულია, მაგრამ სრულად ის ევროკავშირის ყველა წევრის მიერ რატიფიცირების შემდეგ შევა ძალაში " />

სომხეთი გახდა პირველი ქვეყანა ევრაზიის კავშირიდან, რომელმაც ევროკავშირთან თანამშრომლობის რატიფიცირება მოახდინა

ზოგიერთი შუალედური დებულება - უკვე ამოქმედებულია, მაგრამ სრულად ის ევროკავშირის ყველა წევრის მიერ რატიფიცირების შემდეგ შევა ძალაში

დღეს სომხეთის ეროვნული საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად მოახდინეს ევროკავშირთან ყოველმხრივი და გაფართოებული შეთანხმების რატიფიცირება. მას 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში მოაწერეს ხელი.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ შეთანხმებას სომხეთისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ეს ქვეყნის პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც დასავლეთთან ასეთი მნიშვნელობის მქონე შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

 „ეს თითქმის იუველირული სიზუსტით გატარებული პოლიტიკის გამოძახილია. სომხეთი დღეს – აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც სრულფასოვნად მონაწილეობს უსაფრთხოების პოლარულად საპირისპირო ორგანიზაციაში – კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში,  არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი, და ასეთი ამბიციური შეთანხმების ხელმოწერა შეძლო“, – განაცხადა მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა სამველ ფარმანიანმა.

ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, რომ სომხეთის ხელისუფლება საგარეო პოლიტიკაში თავის მიღწევებს გადაჭარბებულად აფასებს – პრინციპით „დასავლეთთანაც და რუსეთთანაც“.

მათი აზრით, სომხეთს ევროპისგან მეტის მიღება შეეძლო, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. საუბარია იმაზე, რომ 2013 წელს სომხეთმა რუსეთის გარშემო შექმნილ საბაჟო კავშირში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რის შედეგადაც ევროკავშირთან უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტის – ასოციაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობა დაკარგა.

ოპოზიცია და რიგი ექსპერტები  აცხადებენ: ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა ევროკავშირთან შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების ნება გამოავლინოს.

„თამაში შეთანხმების რატიფიკაციის მომენტიდან იწყება: შექმნის თუ არა სომხეთი სანდო ანტიკორუფციულ ორგანოს, ვინ იბრძოლებს ამ მოვლენის წინააღმდეგ? იქნება თუ არა სომხეთში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეკონომიკური კონკურენციის კომისია, რომელიც ისეთი არ იქნება, როგორიც დღესაა“ , – აღნიშნავს ოპოზიციონერი დეპუტატი ედმონ მარუკიანი.

შეთანხმება ძალაში შევა, როდესაც მის რატიფიცირებას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა მოახდენს. თუმცა, დოკუმენტი შეიცავს გარდამავალ დებულებებსაც, რომლებიც უკვე ახლა, სომხეთის პარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიცირებისთანავე ამოქმედდება.


ასევე წაიკითხეთ