უმრავლესობამ ხმა მისცა ისეთ კანონს, რომელიც სასამართლოს წევრების გადაყენების შემთხვევაში, მათ სამუდამოდ მაღალი პენსიით უზრუნველყოფს" />

სომხეთის ხელისუფლება საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის შეცვლაზე ყველაფრის ფასად მიდის

უმრავლესობამ ხმა მისცა ისეთ კანონს, რომელიც სასამართლოს წევრების გადაყენების შემთხვევაში, მათ სამუდამოდ მაღალი პენსიით უზრუნველყოფს

საკონსტიტუციო სასამართლო, გრაირ ტოვმასიანი, ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის ეროვნულმა საკრებულომ პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისთვის ეგრეთ წოდებული „ვადამდელი საპენსიო სისტემის“ კანონი. მმართველი პარტია იმედოვნებს, რომ ამ გზით უმაღლესი სასამართლოს შემადგენლობის შეცვლა მოხერხდება.

„ხავერდოვანი“ რევოლუციის შემდეგ მოქმედი მთავრობა ყველაზე მეტად სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გრაირ ტოვმასიანის გადაყენებით არის დაინტერესებული. ის „ყოფილ ხელისუფლებასთან“ ასოცირდება. თავად პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს ახალ, პოსტრევოლუციურ რეალობაში სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ შესწევს.

მანამდე მმართველი ფრაქციის „ჩემი ნაბიჯი“ დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მისი თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით მიმართეს. თუმცა, სასამართლომ ეროვნული საკრებულოს მიმართვის განხილვაზეც კი უარი განაცხადა – იმ საბაბით, რომ მასში „დადგენილი რეგლამენტი დაცული არ არის.“

რას გულისხმობს საპენსიო კანონი

ვადამდელი საპენსიო სისტემის შესახებ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს  შემდეგ პირობებს სთავაზობს: თუკი ისინი კანონის მიღებიდან ორ თვეში გადადგებიან, მაშინ თავიანთი ახლანდელი ხელფასის თანაზომად პენსიას მიიღებენ. საუბარია ორი ათას დოლარზე მეტ თანხაზე.

კანონის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამგვარად მოსამართლეები ფინანსურად დაინტერესებულები იქნებიან და დაკავებულ თანამდებობებს დატოვებენ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის

სომხეთში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ბრძოლა 2018 წლის დეკემბერში ახალი პარლამენტის არჩევისთანავე დაიწყო. მაშინ საპარლამენტო უმრავლესობად იქცა პოლიტიკური ძალა „ჩემი ნაბიჯი“ , რომლის ლიდერი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანია.

სომხეთის ახალ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის თავმჯდომარე გრაირ ტოვმასიანი წინა ხელისუფლების „დანიშნულია“, და მას სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილებების მიღება არ შეუძლია.

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მისი თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ მიმართვა არც კი განიხილა, მმართველი ელიტა ტოვმასიანის თანამდებობიდან გადაყენების სხვა შესაძლებლობებს ეძებდა.

იმის შესახებ, რომ ტოვმასიანი საკონსტიტუციო სასამართლოს სათავეში არ უნდა იმყოფებოდეს, სომხეთის ეროვნული საკრებულოს პრეზიდენტმა არარატ მირზოიანმა 10 დეკემბერს კვლავ განაცხადა.

 „გსურთ ჩვენთან ერთად ყოფნა? დარწმუნებული ვარ, რომ გინდათ ახალი დემოკრატიული სომხეთი გქონდეთ. მაშინ ყოველ ჯერზე, როდესაც წყალგამყოფს ვუახლოვდებით, დასველების რატომ გეშინიათ? დიახ, საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისია, და მას ბევრი ცოდვა მიუძღვის. ეს კრიზისი უნდა მოგვარდეს, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. იმის თქმაც საკმარისია, რომ ადამიანები  საბოლოო სამართლის პოვნას იქ იმედოვნებენ“.

და მაინც, ოპოზიციამ „საპენსიო კანონპროექტის“ მიღებას მხარი არ დაუჭირა.

ოპოზიცია – წინააღმდეგია

კანონპროექტის მიღებას ხმა მისცა საპარლამენტო უმრავლესობამ, ანუ მმართველი პარტიის დეპუტატებმა.

კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა – „აყვავებული სომხეთი“, და „განათლებული სომხეთი“. ეს პოლიტიკური ძალები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ არასწორი გზა აირჩია, ხოლო გრაირ ტოვმასიანის გადაყენების მცდელობებს ანტიკონსტიტუციურსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. პროექტს „მოსამართლეებისთვის კანონერ ქრთამიც“ კი დაარქვეს.

 „ანუ, იმ დამნაშავეებს, რომლებიც, სულ ცოტა, ერეტიკოსებივით ცეცხლზე უნდა დაიწვან, ვაჯილდოებთ, რათა ისინი ელიტური პენსიონერები გახდნენ?  მთავარი ერეტიკოსი ტოვმასიანი  ყოველთვიურად 1.3 მილიონ [$2700-ზე მეტი] დრამს იღებდეს, დანარჩენი წვრილმანი ერტიკოსები კი მილიონ-მილიონს? „აყვავებული სომხეთი ხმას ამ პროექტის წინააღმდეგ მისცემს“, – განაცხადა „აყვავებული სომხეთის დეპუტატმა“ ნაირა ზოგრაბიანმა.

 კანონპროექტის მეორე მოსმენა პირველის შემდეგ 24 საათში შედგება, საეჭვო არ არის, რომ მას მიიღებენ  – მმართველ პარტიას საკმარისი ხმები აქვს.

რით არის ცნობილი გრაირ ტოვმასიანი  

სომხეთში გრაირ ტოვმასიანი არამხოლოდ მმართველი პარტიისთვის ასოცირდება წინა ხელისუფლებასთან, არამედ – ბევრი რიგითი მოქალაქისთვისაც.

ტოვმასიანი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო და რიგ საკვანძო თანამდებობას იკავებდა.

ის იმით არის ცნობილი, რომ 2015 წელს საკონსტიტუციო ცვლილების ტექსტის ავტორი გახდა. და დეკემბერში შედგა რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც სომხეთი მართვის საპრეზიდენტო ფორმიდან საპარლამენტო ფორმაზე გადავიდა.

მაშინ მოქმედმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყანაში მაღალი თანამდებობების დაკავებას აღარ აპირებდა. მაგრამ უკვე 2018 წლის აპრილში, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი ლიდერი სერჟ სარგსიანი ახალ პრემიერ-მინისტრად აირჩია,  ხელისუფლებაში მისი ისევ დარჩენის  სურვილი დადასტურდა.

კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებამდე, ის უკვე ორი ვადით იკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას, და მესამეჯერ ამის იმედი ვეღარ ექნებოდა. ამ ცვლილებებმა მას ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა – ახლა უკვე პრემიერად – ანუ ისევ უმაღლეს თანამდებობაზე.

ის არჩევიდან რამდენიმე დღეში,  2018 წლის გაზაფხულზე, „ხავერდოვანი“ რევოლუციის დღეებში ქუჩებში გამოსული ადამიანების ზეწოლით გადადგა.

მისი ლიდერის ფაშინიანის თქმით, გრაირ ტოვმასიანმა კონსტიტუციის ტექსტი სერჟ სარგსიანთან  „შეთანხმებით“ დაწერა…, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 2035 წლამდე დარჩენილიყო“.

 „ჩვენ სხვა საკონსტიტუციო სასამართლო გვჭირდება. გამოდის, რომ გრაირ ტოვმასიანმა სერჟ სარგსიანისა და გაგიკ არუთიუნიანის [საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე -JAMnews] დახმარებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრივატიზება მოახდინა, როგორც, მაგალითად, შესაძლებელია ნოტარიული ბიუროს პრივატიზება. და დღეს ჩვენ ისეთი რეალობა მივიღეთ, რომ 2019 წლის სომხეთში 1995 წლის საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს“, – განაცხადა  ფაშინიანმა.


ასევე წაიკითხეთ