ქალაქ ვანაძორის უხუცესთა საბჭოს მუშაობა ანტიკონსტიტუციურად ცნეს" />

პირველად ისტორიაში სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის სარჩელი დააკმაყოფილა

ქალაქ ვანაძორის უხუცესთა საბჭოს მუშაობა ანტიკონსტიტუციურად ცნეს

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ოპოზიციურ ძალთა სარჩელი, რომელიც ქალაქ ვანაძორიში გასულ წელს ჩატარებულ უხუცესთა საბჭოს არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციას ეხებოდა.

სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის და პარტია „დაშნაკცუტიუნის“ წარმომადგენელი, ვანაძორის უხუცესთა საბჭოს 15 წევრი, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შემდეგ უმცირესობას წარმოადგენდნენ, სხდომებს იწვევდა და გადაწყვეტილებებს იღებდა. დანარჩენი სამი პარტია – „ნათელი სომხეთი“, „სომხური აღორძინება“ და „აყვავებული სომხეთი“, რომლებიც საბჭოს უმრავლესობას შეადგენდნენ, სხდომებში არ მონაწილეობდა. ამგვარად, როგორც ოპოზიციონერები ირწმუნებიან, სხდომები აუცილებელი ქვორუმის გარეშე ტარდებოდა.

მათ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც მათი სარჩელი დააკმაყოფილა და ხსენებულ სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებები ანტიკონსტიტუციურად ცნო.

„ნათელი სომხეთის“ წარმომადგენელი, უხუცესთა საბჭოს წევრი, კრისტ მარუკიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციის გამარჯვებად  მიიჩნევს:

„როდესაც ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავდით, ყველა გვეკითხებოდა, თუ რისი იმედი გვქონდა, როდესაც ეს სარჩელი შეგვქონდა; იმიტომ, რომ არ მახსენდება, რომ მანამდე ოპოზიციის სარჩელი დაკმაყოფილებულიყო. თუმცა, მოხდა ის, რაც მოხდა – და ეს პრეცედენტია“.

იმავე პარტიის „ნათელი სომხეთის“ მეთაურმა ედმონ მარუკიანმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქალაქის უხუცესთა საბჭო უნდა დაითხოვონ და ახალი არჩევნები უნდა გამოცხადდეს; ანდა ვანაძორის მერი უნდა გადადგეს, რის შემდეგაც უხუცესთა მოქმედი საბჭო ქალაქის ახალ მერს აირჩევს.

ამავდროულად, ვანაძორის მერს მამიკონ ასლანიანს მიაჩნია, რომ უხუცესთა საბჭოს დათხოვნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

„საკონსტიტუციო სასამართლო მაღალი ინსტანციაა, და ჩვენ მისი გადაწყვეტილების აღსრულებას საკანონმდებლო ცვლილებების საშუალებით ვაპირებთ“, – თქვა მან, თუმცა არ განუმარტავს, თუ რას გულისხმობდა.

მამიკონ ასლანიანი წარმოადგენს სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც უხუცესთა საბჭოში უმცირესობას შეადგენს. ასლანიანის მერის თანამდებობზე დანიშვნა, ოპოზიციის აზრით, იდუმალებით მოცულ ვითარებაში მოხდა და ქალაქის ლეგიტიმურ თავად მისი მიჩნევა არ შეიძლება.

სინამდვილეში კი, აი, რა მოხდა: არჩევნების შემდეგ, როგორც კანონით არის განსაზღვრული,  ჩამოყალიბებულმა უხუცესთა საბჭომ მერი აირჩია. არჩევნებამდე სამმა ოპოზიციურმა ძალამ, რომლებსაც 18 ხმა ჰქონდა, ხელი მოაწერეს მემორანდუმს და ვალდებულება აიღეს, რომ თავიანთ ხმებს „ნათელი სომხეთის“ პარტიის წარმომადგენელ კრისტ მანუკიანს მისცემდნენ. თუმცა, არჩევნების დღეს კრისტ მანუკიანმა, 18-ს ნაცვლად, 14 ხმა მიიღო, ხოლო სხვა კანდიდატმა – მამიკონ ასლანიანმა – ოთხი ხმით მეტი დააგროვა და ქალაქის მერი გახდა. უკვე ერთი წელიწადია, არც ერთი ოპოზიციური ძალა არ აღიარებს, თუ რომელმა დაარღვია მემორანდუმი და ხმები კოკურენტს მისცა.


ასევე წაიკითხეთ