იმავე მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილ თავდაცვის მინისტრ მიკაელ არუთიუნიანზე გამოცხადებულია ძებნა" />

სომხეთის ექს-პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი 2008 წლის დემონსტრაციის დარბევისა და ადამიანების დაღუპვის საქმეზე დაკითხვაზეა დაბარებული

იმავე მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილ თავდაცვის მინისტრ მიკაელ არუთიუნიანზე გამოცხადებულია ძებნა

სომხეთის მეორე პრეზიდენტს, რობერტ კოჩარიანს ერევანში 2008 წელის 1-დან 2 მარტამდე მომხდარ  ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე დასაკითხად იბარებენ.

2008 წლის 18 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ პეტროსიანის მეთაურობით არსებული პოლიტიკური ბლოკის წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ არჩევნებში სინამდვილეში ლევონ ტერ პეტროსიანმა გაიმარჯვა. ზედიზედ ათი დღის განმავლობაში – 1 მარტამდე – ათასობით ადამიანი მოედანს არ ტოვებდა და დღედაღამ დემონსტრაციებში მონაწილეობდა.

 

2008 წლის 1 მარტს დემონსტრაციის დაშლის დროს გამოყენებული იყო საბრძოლო იარაღი და ათი ადამიანი დაიღუპა – 8 სამოქალაქო პირი და პოლიციის ორი თანამშრომელი. ამ მოვლენების დროს ქვეყნის პრეზიდენტი ჯერ კიდევ რობერტ კოჩარიანი იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, კენჭისყრის შედეგების თანახმად, პრეზიდენტად სერჟ სარგსიანი აირჩიეს. თუმცა, მას უფლებამოსილების აღსრულება ჯერ დაწყებული არ ჰქონდა.

1 მარტის საქმეზე ბრალდებულად მიჩნეული სომხეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიკაელ არუთიუნიანი ძებნაში იმყოფება და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუსწრებლად დაპატიმრებულია.

სომხეთის მედია გადმოსცემს საგანგებო საგამოძიებო სამსახურის ცნობას, რომელშიც ნათქვამია: არუთიუნიანმა და ხელისუფლების ყოფილმა წარმომადგენლებმა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა დაამყარეს, ქვეყნის შეიარაღებული ძალები მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს; როდესაც პრეზიდენტს სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება და არმიის გამოყენება მხოლოდ სომხეთზე შეიარაღებული თავდასხმისა და ომის გამოცხადების  შემთხვევაში შეუძლია.

პრეისტორია 

დაირღვა 2008 წელს მოქმედი კონსტიტუციის მუხლი, რომლის თანახმადაც „სომხეთის შეიარაღებული ძალები სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას, დაცვას, ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს. სომხეთის შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და სამოქალაქო კონტროლის ქვეშ იმყოფება“.

23 თებერვალს ექს-მინისტრმა „სომხეთის უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დაყენებული ამოცანების გადაჭრასთან დაკავშირებით“ ზეგასაიდუმლოებულ ბრძანებას მოაწერა ხელი. ბრძანებულებაში მშვიდობიანი დემონსტრანტები „სიტუაციის მადესტაბილიზებელ პოლიტიკურ ძალებად მოიხსენიებოდნენ“

შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაში მოიყვანეს. შეიქმნა ოფიცერთა ჯგუფები, რომლებიც ტაბელური იარაღით შეაიარაღეს. ასევე შეიქმნა რთულ სიტუაციებში ეფექტურად მოქმედების უნარის მქონე მაღალი მობილურობის გაერთიანებული ქვედანაყოფები. მათ საბრძოლო იარაღი მისცეს. დავალებული ჰქონდათ, რომ ეს ქვედანაყოფები მაქსიმალურად მომზადებული, სტაბილური ფსიქიკის მქონე სამხედრო მოსამსახურეებისგან შემდგარიყო. შეიარაღებულ ძალთა რიგი ქვედანაყოფები მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან ერევნის და მის გარეუბნებში მდებარე  სამხედრო ნაწილებში გადაისროლეს.

1 მარტს საღამოს შეიარაღებულმა ძალებმა და პოლიციის ქვედანაყოფებმა იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და სპეცსაშუალებების გამოყენებით საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაიღუპა.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების საფუძველზე, გენერალ-პოლკოვნიკი მიკაელ არუთიუნიანის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

საგამოძიებო სამსახურის ცნობაში საგანგებოდ მითითებულია ასევე, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევით მიმდინარეობდა. გაყალბებები მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ რობერტ კოჩარიანსა და საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე სერჟ სარგსიანს მიეწრებოდა.

სომხეთის ახალი პრემიერი ნიკოლ პაშინიანი და ” პირველი მარტის” საქმე 

„პირველი მარტის“ საქმის გახსნის თაობაზე პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჯერ კიდევ თავისი უფლებამოსილების აღსრულების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გამოდიოდა.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტობის კანდიდატის ლევონ ტერ პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა. ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, მასობრივი არეულობების მოწყობის ბრალდების გამო, ოპოზიციური მოღვაწე წელიწადისა და ოთხი თვის განმავლობაში გაუჩინარდა.

2010 წლის პირველ ივლისს ის ნებაყოფლობით გამოცხადდა პროკურატურაში. ფაშინიანი დააკავეს და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. წელიწადისა და 11 თვის შემდეგ მას სომხეთის დამოუკიდებლობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ამნისტია შეეხო. ოპოზიცია ირწმუნება, რომ ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციების გავლენით, იძულებული იყო, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა.


ასევე წაიკითხეთ