საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს პრივილეგია 250 ადამიანს ჩამოართვა, მათ შორის - ცნობილ ფეხბურთელს, გენრიხ მხითარიანს" />

სომხეთის ექს-პრეზიდენტების ოჯახის წევრებს დიპლომატიური პასპორტები ჩამოართვეს

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს პრივილეგია 250 ადამიანს ჩამოართვა, მათ შორის - ცნობილ ფეხბურთელს, გენრიხ მხითარიანს

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 250-ზე მეტი დიპლომატიური პასპორტი გააუქმა. ამ სიაში აღმოჩნდნენ სომხეთის მეორე და მესამე პრეზიდენტების – რობერტ კოჩარიანისა და სერჟ სარგსიანის ოჯახის წევრები.

აღმოჩნდა, რომ წინა ხელისუფლების დროს დიპლომატიურ პასპორტებს არამხოლოდ მათი ცოლები და შვილები იღებდნენ, არამედ – შვილიშვილებიც.

დიპლომატიურ პასპორტჩამორთმეულ სომხეთის მოქალაქეებს შორის სხვა ცნობილი ადამინების სახელებიც არის – ყოფილი მინისტრების, დეპუტატების, ოლიგარქების და მათი ოჯახების წევრების. თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, რომ იმ 254 ადამიანიდან, რომლებსაც დიპლომატიური პასპორტები ჩამოერთვათ, მოწოდებას ჯერ ყველა არ გამოხმაურებია და პასპორტები არ დაუბრუნებიათ.

 „მოცემულ მომენტში დაბრუნებულია 100 დიპლომატიური პასპორტი“.

სომხეთში ბევრის გაოცება და იმედგაცრუება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დიპლომატიური პასპორტი ჩამოერთვა ყველასთვის საყვარელ, ინგლისური კლუბის „არსენალის“ ფეხბურთელს გენრიხ მხითარიანს.

აღნიშნულზე უკვე გააკეთა კომენტარი ფეხბურთელის დედამ – მარინა ტაშჩიანმა. მან განაცხადა, რომ მისი ვაჟი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებამ გაანაწყენა, მაგრამ გენრიხი აპირებს, რომ მათ დოკუმენტის აღდგენის თხოვნით მიმართოს:

 „ეს დამოკიდებულების საკითხია. გენრიხმა პირველი მოთხოვნისთანავე პასპორტი დააბრუნა, თუმცა ძალიან გულდაწყვეტილი იყო. „არსენალი“ – ის კლუბი არ არის, რომლის ფეხბურთელებსაც ბიუროკრატიული პროცედურების გამო პრობლემები ხვდებათ, უბრალოდ მომავალში საბუთების გაფორმებით  მოუწევს მუშაობა. ეს პასპორტი მას ზედმეტი ხათაბალის თავიდან აცილებაში ეხმარებოდა“.

მხითარიანის შემთხვევამ სომხეთის პარლამენტის დეპუტატის სამველ ფარმანიანის უკმაყოფილებაც გამოიწვია.  თავის დროზე სწორედ  მან შეუწყო ხელი ფეხბურთელისთვის დიპლომატიური პასპორტის გადაცემას:

 „ეს ჩვენი ქვეყნისგან იყო მცირედი ტექნიკური მხარდაჭერა იმ სომეხი ადამიანისადმი, რომელმაც სომხეთი და სომეხი ხალხი უფრო დადებითი მხრიდან გახადა ცნობადი, და ამას ისევ აგრძელებს. და ეს მას გაცილებით უკეთ გამოსდის, ვიდრე ათობით ერთად აღებულ ჩემნაირ ჩინოვნიკს“.


ასევე წაიკითხეთ