სომხეთში პროექტს სამმხრივად მიიჩნევენ, აზერბაიჯანში კი ორმხრივ მოგზაურობებზე საუბრობენ" />

სომეხი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ერთმანეთს გასაიდუმლოებულ რეჟიმში სტუმრობდნენ

სომხეთში პროექტს სამმხრივად მიიჩნევენ, აზერბაიჯანში კი ორმხრივ მოგზაურობებზე საუბრობენ

მთიანი ყარაბაღი, კონფლიქტი, სომეხი ჟურნალისტები ბაქოში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტები ყარაბაღსა და სომხეთში, კონფლიქტის დარეგულირება

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ 17 და 21 ნოემბერს, მათ ერთობლივად განახორციელეს ჟურნალისტების გაცვლითი ვიზიტების პროექტი.

სამი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი იმყოფებოდა სომხეთსა და მთიან ყარაბაღში. თითქმის იმავდროულად, ორი სომეხი და ერთიც ყარაბაღელი ჟურნალისტი ჩავიდა აზერბაიჯანში.

როგორც პროექტის მონაწილე ჟურნალისტები ამბობენ, 2019 წლის მარტში, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვიზიტის მომზადებას კოორდინაციას უწევდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ოფისი.

ჟურნალისტები ადგილობრივ ექსპერტებსა და ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. თუმცა, ვიზიტები მომზადდა სრულიად გასაიდუმლოებულად და ჟურნალისტები უარს აცხადებენ ისაუბრონ დეტალების შესახებ, კონკრეტულად, ვის შეხვდნენ და რა განიხილეს. აქ მოცემულია ამ პროექტის ყველა დეტალი, რომლის გაგებაც მოვახერხეთ.

ფაშინიანისა და აზერბაიჯანელი „ბლოგერის“ დიალოგი მილანის სომხურ ეკლესიაში

სომხეთი მოკავშირე ქვეყნებთან ერთად აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის წინააღმდეგია

აიდუმლოებები

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტების „გაცვლის“ შესახებ ოფიციალურად 23 ნოემბერს განაცხადა, ანუ მაშინ, როდესაც ყველა ჟურნალისტი უკვე სახლში იყო დაბრუნებული. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც განცხადება იმავე დღეს, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით გააკეთა.

ამ პროექტის შესახებ ხმები ვიზიტებამდე ერთი კვირით ადრე გავრცელდა. თუმცა, არც ერთ ქვეყანას არც დაუდასტურებია და არც უარუყვია ეს ინფორმაცია.

მზადება, შერჩევის კრიტერიუმები და თვითონ ჟურნალისტების მოგზაურობა სრულიად საიდუმლო რეჟიმში წარიმართა.

ინფორმაცია ერევნიდან

სომხეთიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა ტელეარხ „შანტის“ მიმომხილველი, არტემ ერკანიანი, საინფორმაციო სააგენტო „მედიამაქსის“ მთავარი რედაქტორი, დავიდ ალავერდიანი და მთიანი ყარაბაღიდან – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, ედგარ ელბაქიანი.

„ყარაბაღის წარმომადგენელი აზერბაიჯანში სწორედ ისე გაემგზავრა, როგორც ყარაბაღელი ჟურნალისტი და არა რიგითი სომეხი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტები კი ჩავიდნენ ყარაბაღში. ყარაბაღში ვიზიტის პროგრამა მოამზადეს სტეპანაკერტში, საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე“, – ხაზი გაუსვა ტელეარხ „შანტთან“ ინტერვიუში არტემ ერკანიანმა.

მან ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანში მათ მთელი რიგი შეხვედრები გამართეს, რომლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც არ შეუძლია.

ეს დაადასტურა გამოცემა „მედიამაქსის“ მთავარმა რედაქტორმა, დავიდ ალავერდიანმა. მისი თქმით, პროგრამის თანახმად, პოლიტიკურ მოღვაწეებთან არანაირი შეხვედრა გათვალისწინებული არ ყოფილა:

„ერთადერთი ოფიციალური პირები, რომლებსაც ჩვენ სადილზე შევხვდით – იყვნენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი, ლეილა აბდულაევა და გამოცდილი დიპლომატი, ჰუსეინ ჰუსეინოვი. მათ საკუთარი აზრები გაგვაცნეს, ჩვენი საუბარი კი მიდიოდა offtherecord ფორმატში (საუბარი არ უნდა გახმაურდეს და არ უნდა ჩაიწეროს – JAMnews).

იმავდროულად, სომეხმა ჟურნალისტებმა გასაუბრება მოახერხეს აზერბაიჯანის რიგით მოქალაქეებთან.

„მაგალითად, როდესაც მაღაზიის გამყიდველმა გაიგო, რომ სომხები ვიყავით, ეს მისთვის შოკი იყო, მაგრამ არანაირი ნეგატიური დამოკიდებულება არ წამოსულა“, – ჰყვება არტემ ერკანიანი.

საკუთარი ვიზიტის ფარგლებში, ჟურნალისტები ასევე შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამ შეხვედრაში მონაწილეობდა ორგანიზაცია „მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანული საზოგადოების“ წარმომადგენელი. თუმცა, ერკანიანის თქმით, ის შეხვედრისას არ აქტიურობდა. საერთო ჯამში, მონაწილეების შეფასებით, შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა.

„თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს აშკარად იყო აზერბაიჯანის შესაბამისი სტრუქტურების მითითების შედეგი“, – აღნიშნა ერკანიანმა.

სომეხი ჟურნალისტები მოგზაურობის შესახებ მომზადებულ „საანგარიშო“ სტატიებში, მრავალრიცხოვანი დაცვის შესახებ წერენ, რომელიც მათ დაჰყვებოდა. სომეხ ჟურნალისტებს 12-13 პირადი მცველი ემსახურებოდა.

დავიდ ალავერდიანი საკუთარ სტატიაში გამოტყდა, რომ ბაქოში გამგზავრებისას, პირველ რიგში, ორ კითხვაზე უნდოდა პასუხის მიღება:

• რისთვის ემზადება აზერბაიჯანი – მშვიდობისთვის თუ ომისთვის?

• ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის, რა დათმობებისთვისაა მზად აზერბაიჯანული საზოგადოება?

„პირველ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ, როგორც ჩანს, რიგით აზერბაიჯანელებს, ისევე, როგორც სომხებს, არ უნდათ ახალი ომი და იმედი აქვთ, რომ ადრე თუ გვიან, კონფლიქტი მშვიდობიანად გადაწყდება“, – წერს ალავერდიანი.

რაც შეეხება დათმობებს, აქ, რედაქტორის აზრით, სიხარულის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

„არცახის დე იურე დამოუკიდებლობას ჭკუიდან გადაჰყავს აზერბაიჯანელები: ჟურნალისტებიც, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც და ოფიციალური პირებიც“.

ყარაბაღელი ჟურნალისტი, ედგარ ელბაქიანი კი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:

„ვიზიტის ფარგლებში, შევხვდით პრესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მოვინახულეთ არაერთი საინტერესო და შესანიშნავი ადგილი… კვლევისა და გამოძიების თვალსაზრისით, ოთხივე დღემ უზარმაზარი მასალა მოგვცა…

გარწმუნებთ, სომხური სახელმწიფოებრიობა არ იარსებებდა და რეგიონის რუკაზე არსებობის არანაირი პერსპექტივა არ ექნებოდა, 1990-იანებში ომი რომ წაგვეგო. ამაში საბოლოოდ დამარწმუნა ჩვენმა მოგზაურობამ, რომელიც განსაკუთრებულად პოზიტიურ და თბილ გარემოში წარიმართა“.

მოგზაურობის მიზანშეწონილობის შესახებ

მოგზაურობის შედეგებზე საუბრისას, დავიდ ალავერდიანმა პირველ რიგში მათ უპასუხა, ვინც ასეთ ვიზიტებს უაზრობად მიიჩნევს:

„მე ვემხრობი იმას, რომ სხვა სომეხ ჟურნალისტებსაც მიეცეთ აზერბაიჯანში მოგზაურობის უფლება. ასევე იმას, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებიც ჩამოვიდნენ სომხეთში და განსაკუთრებით, არცახში. მესმის, რომ მათი ანგარიშები ყოველთვის ობიექტური და მართალი არ არის, მაგრამ ესეც იმის მაჩვენებლია, რამდენად განსხვავებულები ვართ და რამდენად თავისუფალი და განსხვავებულია ჩვენი საზოგადოება.

თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ნებისმიერი ასეთი ვიზიტი ხელს უწყობს დარწმუნებას იმაში, რომ არცახი არ შეიძლება იყოს აზერბაიჯანის ნაწილი. ყოველ შემთხვევაში, ამ სამმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ეს უკვე იცის“.

მოსაზრებები ამ ვიზიტის შედეგების შესახებ, არტემ ერკანიანმა გაუზიარა რადიო „აზატუტიუნს“ (თავისუფლება):

„ილუზია არ გვაქვს, რომ ამ ვიზიტებით მივაღწევთ პრობლემების გადაჭრას და სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას. მიზანი ისაა, რომ გარკვეულწილად ხელი შევუწყოთ ნდობის ატმოსფეროს შექმნას, რის შედეგადაც დაპირისპირების ხაზზე ნაკლები მსხვერპლი იქნება. ნათელია, რომ წინა წლებთან შედარებით, მსხვერპლი, როგორც მინიმუმ, სამჯერ შემცირდა. და თუკი ჩვენი ვიზიტები ამას დაეხმარება, მაშინ, მიმაჩნია, რომ ეს უნდა გაგრძელდეს“.

ექსპერტული მოსაზრება

პოლიტოლოგ სტეპა საფარიანს მიაჩნია, რომ ეს ვიზიტები – მოვლენათა განვითარების სწორი მიმართულებაა:

„თუკი მხარეები გააგრძელებენ ურთიერთობას, მხედველობაში არ მაქვს მოლაპარაკებების წარმოება, თუკი ისინი გააგრძელებენ ურთიერთობას სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, მასმედიის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი პრობლემის ომის გარეშე მოგვარებაზე ფიქრობენ. ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მშვიდობის შესანარჩუნებლად. ყოველ შემთხვევაში, სომხური და აზერბაიჯანული საზოგადოება გავიგებთ იმ ხმას, რომელიც ასე ხშირად არ გვესმის, იმიტომ, რომ ჩვენს შორის დიდი კედელია“.

ერევნის პრეს-კლუბის თავმჯდომარის, ბორის ნავასარდიანის აზრით, მსგავსი გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე საუბარი, მხოლოდ ჟურნალისტების პუბლიკაციების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„თუ ეს პუბლიკაციები დაეხმარებათ აზერბაიჯანულ და სომხურ საზოგადოებებს უკეთ გაიგონ განწყობები და შეექმნათ წარმოდგენა კონფლიქტზე, მაშინ ამან, შესაძლოა, გარკვეული გავლენა იქონიოს სამომავლო პროცესზე. თუ ეს გაცვლითი ვიზიტები, მხოლოდ იმით შემოიფარგლება, რომ ჩვენი სამი პარტნიორი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოვიდნენ, იქ რაღაც ნახეს და ვიღაცას შეხვდნენ და ყველაფერი მათივე წრეში დარჩება, გულწრფელად, რომ ვთქვა, მე ასეთ  ურთიერთ ვიზიტებში აზრს ვერ ვხედავ“.

ინფორმაცია ბაქოდან

ამ დროისთვის მცირე ინფორმაციაა აზერბაიჯანიდან.

მედია სვამს კითხვებს, რომლებზეც პასუხების გაცემას არავინ ჩქარობს.

ფაქტობრივად, ცნობილი მხოლოდ პროექტში მონაწილე ჟურნალისტების სახელებია. ეს არის საინფორმაციო სააგენტოს „Trend“-ის მთავარი რედაქტორი, ელჩინ ვალიევი,   ვებგვერდ „1news.az“-ის კორესპონდენტი, ელშან რუსტამოვი და ვებგვერდ „VESTNIK KAVKAZA“- ს აზერბაიჯანული რედაქციის კორესპონდენტი, ორჰან ელჩუევი.

ვიზიტის მონაწილეთა კომენტარები

ელჩინ ვალიევის თქმით, მხარეები შეთანმხდნენ, რომ  ვიზიტში მონაწილე ჟურნალისტები მედიისთვის მასალებს დაწერენ, რომლებზეც უკვე მუშაობენ, მანამდე კი –  არავის არანაირ კომენტარს არ მისცემენ.

ალბათ, ამას სპეციალურ ვრცელ სტატიას მივუძღვნი. უვე შემდეგ კი შევძლებ, კითხვებს ვუპასუხო“, – განაცხადა ვალიევმა.

ელშინ რუსტამოვმა ყარაბაღში ფოტოები გადაიღო და შემდეგ ეს ფოტოები Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, წარწერით „მშობლიური მიწები“. ამ დრომდე ეს არის ერთადერთი ფოტომასალა ვიზიტიდან და აზერბაიჯანული მედია მათ აქტიურად ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენატრები

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სომხური მხარის შემდეგ გააკეთა მოკლე განცხადება, რომლიდანაც მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტები იმყოფებოდნენ „სომხეთში და ჩვენი ქვეყნის, მთიანი ყარაბაღის რეგიონში, ქალაქ შუშას ჩათვლით“ .

„რაც შეეხება სომეხ ჟურნალისტებს, სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი „შეხვდნენ აზერბაიჯანელ კოლეგებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. ასევე, მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანულ საზოგადოებას. აგრეთვე, აზერბაიჯანში ყოფნის დროს, სომეხმა ჟურნალისტებმა მოინახულეს მუსლიმური, ქრისტიანული და ებრაული რელიგიური სალოცავები.“

სხვა ჟურნალისტების რეაქცია

ჟურნალისტი და ყარაბაღის ომის ვეტერანი, ასაფ გულიევი უკმაყოფილოა იმით, რომ  მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია, პირველმა სომხურმა მედიამ გაავრცელა. ასევე, მას არ მოეწონა ტერმინოლოგია, რომელსაც თავის განცხადებებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყენებდა:

„ვიზიტის დასრულებამდე ყველა ჩუმად იყო და უცებ, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და სხვა საკითხებთან ერთად, დაწერა აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მარშრუტზე – სომხეთი და მთიანი ყარაბაღი. და აზერბაიჯანული მედია იძულებული იყო დაყრდნობოდა სომხურ საიტებს. თითქოს, არაფერი ისეთი ამაში არ ყოფილა, მაგრამ სომხური საინფორმაციო მანქანა არასოდეს არანაირ ინფორმაციას ისე არ ავრცელებს ხოლმე.

სომხეთი და მთიანი ყარაბაღი… ანუ, სომხურმა პროპაგანდამ ფაქტობრივად, ყარაბაღი წარმოადგინა ცალკე სუბიექტად. ჩვენ კი ამის ტირაჟირება მოვახდინეთ. ამის შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა მოინახულეს „ჩვენი ქვეყნის მთიანი ყარაბაღის რეგიონი“, იმის ნაცვლად, რომ ეს ტერიტორიები „ოკუპირებულად“ მოეხსენიებინათ. ამრიგად, ჯერჯერობით სომხეთი იმარჯვებს 1:0. ახლა დაგვრჩენია მხოლოდ დაველოდოთ, რას დაწერენ ჩვენი კოლეგები და მოახერხებენ თუ არა ანგარიშის გათანაბრებას?“.

JAMnews-ის პოლიტიკური მიმომხილველი, შაჰინ რზაევი საერთოდ არ მიიჩნევს ამას ჟურნალისტების მოგზაურობად და არანაირ სარგებელს მისგან არ ელის.

„ჟურნალისტი თავისუფალი უნდა იყოს ინფორმაციის შეგროვებაში და შემდეგ, მასალის მომზადებაში. თუკი მის საქმეს ვიღაც ცენზურას უკეთეს, იქნება ეს სპეცსამსახურები, სამინისტრო, ეუთო თუ თუნდაც რომის პაპი, ეს უკვე აღარ არის ჟურნალისტური ვიზიტი, არამედ საიდუმლო სამსახურის პრეს-მდივნის მოგზაურობა. რომლის მიზანია – აჩვენოს, რომ ეუთომ ამ 25 წლის განმავლობაში რაღაც მაინც გააკეთა ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საქმეში. არანაირ სარგებელს ამ მოგზაურობიდან არ ველოდები.

პირველ რიგში, უკვე ნახსენები ცენზურის გამო და მეორეც – გასაიდუმლოებულობის გამო. ვფიქრობ, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლება უბრალოდ დროს წელავენ ყარაბაღის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2020 წლის სექტემბერშია დანიშნული. მაშინ, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს. მანამდე კი თუნდაც ასჯერ წავიდ-წამოვიდნენ აქეთ-იქით, ხელისუფლებები ნაკლებ სავარაუდოა, რომ მზად იყვნენ ცვლილებებისთვის. და სანამ ხელისუფლებები ამისთვის მზად არ არიან, გულუბრყვილობა იქნება ივარაუდო, რომ ჟურნალისტები ან არასამთავრობო ორგანიზაციები მოახერხებენ რაიმეს გაკეთებას“, – განმარტავს შაჰინი საკუთარ პოზიციას.

თავად შაჰინ რზაევი რამდენჯერმე იყო სომხეთსა და ყარაბაღში 1990-იან და 2000-იან წლებში და ამბობს, რომ ეს მოგზაურობები საერთოდ განსხვავებულ ფორმატსა და ატმოსფეროში მიმდინარეობდა:

„მაგალითად, ჩვენ მშვიდად შევედით ინტელიგენციის კლუბის სხდომაზე, გამოვდიოდით პირდაპირ ეთერში, ვწერდით რეპორტაჟებს და არავინ არანაირ აკრძალვას არ გვიწესებდა, ვაკეთებდით იმას, რაც საჭიროდ მიგვაჩნდა. მართალია, არც მაშინ ჰქონია ამ ყველაფერს განსაკუთრებული სარგებელი, მაგრამ, ყველაფერი ასე გასაიდუმლოებული და ცენზურადადებული მაინც არ იყო, როგორც ახლა“.

პუბლიკაციის ტერმინები, ტოპონიმები,აზრები და იდეები, აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnewsუფლებას იტოვებს, პუბლიკაციებისთვის დართული ისეთი კომენტარები წაშალოს, რომლებიც შეურაცხმყოფელად,მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთიკურად მიუღებლად იქნება შეფასებული


ასევე წაიკითხეთ