ეს დემონსტრაციაში მონაწილე ოჯახის წინააღმდეგ უკვე მეორე საქმეა" />

რუსეთში დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო, ოჯახისთვის ბავშვების წართმევას აპირებენ

ეს დემონსტრაციაში მონაწილე ოჯახის წინააღმდეგ უკვე მეორე საქმეა

„ნოვაია გაზეტას“ მასალის მიხედვით

2 სექტემბერს მოსკოვის ნიკულინის რაიონულმა სასამართლომ მოსკოველი პიოტრ და ელენა ხომსკებისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ სარჩელი განიხილა. 3 აგვისტოს ოჯახი თავის სამ ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა პუშკინის მოედანზე, სადაც საპროტესტო აქცია იმართებოდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ცოლ-ქმარმა ბავშვები თან იმისთვის წაიყვანეს, რომ დაკავება თავიდან აეცილებინათ, და მოითხოვს, რომ ოჯახს ორი უმცროსი ბავშვი ჩამოართვან.

ხომსკების ოჯახი მიტინგზე. კადრი „ნოვაია გაზეტადან“

პროკურატურის განცხადებაში მითითებულია, რომ ის საფრთხე, რომლის წინაშეც მშობლებმა თავიანთი გოგონები – სამი თვის საშა და სამი წლის ანია დააყენეს, ერთი მხრივ, „აგრესიულად განწყობილი მომიტინგეებისგან“, მეორე მხრივ კი – „რუსეთის გვარდიის შეიარაღებული თანამშრომლებისგან“ მოდიოდა.

სარჩელის შეტანის მიზეზად იქცა ვიდეო, რომელიც იმავე დღეს ფედერალური ტელეარხის „РЕН ТВ“-ის ვებგვერდზე განთავსდა. ჩანაწერში ხომსკები საბავშვო ეტლებით პუშკინის მოედანზე მიდიან, მშობლების გვერდით მათი უფროსი ქალიშვილი – ათი წლის ლიზაც მიაბიჯებს. ხომსკების უკან რუსეთის გვარდიის რიგი მოჩანს.

ოჯახური წყვილის ქმედებებს ტელეარხის ვებგვერდზე უწოდეს „პროვოკაცია, რომელსაც რუსეთის გვარდიელები არ წამოეგნენ.“

თავად გოგონების მამა მოჰყვა, რომ ის „ის სტაჟიანი სამოქალაქო აქტივისტია“: ის პირველად მიტინგზე ჯერ კიდევ 1998 წელს მანეჟის მოედანზე მივიდა, როდესაც 14 წლის იყო. დღეს ის აქტიურ საქმიანობას აგრძელებს – კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდსა და მის ხელმძღვანელს ალექსეი ნავალნის მისი კამპანიების წარმართვაში ნებაყოფლობით საწყისებზე ეხმარება.

საკუთრივ 3 აგვისტოს დღეს ის ასე აღწერს:

„მე და ჩემი ცოლი ბავშვებთან ერთად ბულვარზე სასეირნოდ წავედით, საბავშვო მოედნებზე ვჩერდებოდით, ვთამაშობდით. რაღაც მომენტში ტვერსკაიას ქუჩას ვკვეთდით, „პუშკასთან“ ახლოს, ფეხით მოსიარულეების გადასასვლელიდან ამოვედით, ანუ ვერ ვხედავდით წინ რა ხდებოდა. უბრალოდ მიწისქვეშა გადასასვლელიდან ამოვედით და დავინახეთ რუსული გვარდიის „ჯაჭვი“, რომელიც მოიწევდა, და ადამიანებს მოედნიდან დევნიდა. სწრაფად გავშორდით იქაურობას. რაღაც მომენტში ხალხის მასასა და ჯაჭვს შორის აღმოვჩნდით. მედიისთვის ეს კარგი სურათი იყო, და ყველამ ჩვენი გადაღება დაიწყო, მობილური ტელეფონებითაც და კამერებითაც. შემდეგ ერთ-ერთი ეს ვიდეორგოლი ქსელში ატვირთეს. არც ერთ წუთს არ ვმდგარვართ, ვმოძრაობდით და მაშინვე წავედით. შემდეგ ბულვარებით ვიარეთ და მხოლოდ მომდევნო საბავშვო მოედანზე შევჩერდით“.

პიოტრი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ მათი გასეირნება საპროტესტო აქციას ნაკლებად ჰგავდა: ისინი ლოზუნგებს არ გაჰყვიროდნენ, პლაკატები არ მოჰქონდათ, ხალხის მასისგან მოშორებით მიდიოდნენ.

ნიკულინის პროკურატურა მოითხოვს, რომ ხომსკებს მხოლოდ უმცროსი ბავშვები ჩამოართვან. პიოტრი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ამ გზით მათზე, განსაკუთრებით კი მის ცოლზე, ზეწოლას ახორციელებს:

„ჩემი ცოლი ლენა შოკურ მდგომარეობაში იმყოფება, ის ჩვენს სამი თვის საშას აქამდე ძუძუთი კვებავს. ძალიან ვღელავ მის გამო“.

მოსკოვის ბავშვთა ომბუდსმენმა ევგენი ბუნიმოვიჩმა ხომსკების სიტუაცია საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანა.

„უნდა ვიცოდე, თუ რაში ადანაშაულებენ მათ. ეს საგანგებო სიტუაციაა… ეს უბრალოდ ბავშვების ოჯახებში შენარჩუნების სახელმწიფოებრივ პოლიტიკას ეწინააღმდეგება“, — გააკეთა სიტუაციის შესახებ კომენტარი ომბუდსმენმა.

მანამდე მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა დმიტრი და ოლგა პროკაზოვების ოჯახი. შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს საგამოძიებო კომიტეტმა არასრულწლოვანის საფრთხეში დატოვებისა და მისი აღზრდის ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა – იმის გამო, რომ პროზაკოვების ოჯახურმა წყვილმა 27 ივლისის შეუთანხმებელ აქციაზე თავის ერთი წლის ვაჟი არტიომი წაიყვანა.

ისევე, როგორც ხომსკების საქმეში, ერთადერთ მტკიცებულებას ტელეარხი „როსია-1“-ის პროგრამა „ვესტის“ მიერ 27 ივლისის აქციაზე გადაღებული ვიდეორგოლი წარმოადგენდა. ვიდეოზე დმიტრი პროზაკოვი თავის პატარა ვაჟს, მისი ცოლის ბიძაშვილსა და სამოქალაქო აქტივისტს სერგეი ფომინს გადასცემს.

მოგვიანებით სერგეი ფომინი დააპატიმრეს, ახლა კი ის „მასობრივი არეულობების“ საქმის ფიგურანტია. გამოძიების აზრით, ბავშვი ფომინს იმისთვის გადასცეს, რომ მას სპეცდანიშნულების რაზმის ალყისთვის თავი შეუფერხებლად დაეღწია.


ასევე წაიკითხეთ