JAMnews-მა ორივე მხარის ყველაზე გავრცელებული არგუმენტები შეაგროვა. მათ შორისაა ისიც, რომ საქართველოს ჩინელები დაეპატრონებიან" />

საქართველოს კონსტიტუცია მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას აკრძალავს. ეს კარგია თუ ცუდი?

JAMnews-მა ორივე მხარის ყველაზე გავრცელებული არგუმენტები შეაგროვა. მათ შორისაა ისიც, რომ საქართველოს ჩინელები დაეპატრონებიან

REUTERS/დავით მძინარიშვილი

საქართველო აპირებს მაქსიმალურად მკაცრი კონსტიტუციური ჩანაწერით დაიცვას ქართული სასოფლო-სამეურნეო მიწა უცხოელებისგან.

შესაბამისი კანონი უკვე მიღებულია მესამე მოსმენით – მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოცხადდა. სულ მალე, კი, როდესაც ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, უცხოელებისთვის სასოფლო სამეურნეო მიწის მიყიდვის აკრძალვა უკვე კონსტიტუციურ ნორმად იქცევა.

ამ იდეას ჰყავს როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. ჩვენ ყველაზე პოპულარული არგუმენტები შევაგროვეთ:

ვისგან ან რისგან იცავს თავს საქართველო? რა არგუმენტები აქვთ აკრძალვის მომხრეებს

 ეს ხალხის ნებაა

კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის ინიციატორი თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს რეგულაცია მოსახლეობის დაკვეთაა და “პირდაპირ ეხმიანება იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა უდიდეს უმრავლესობას აქვს.”

იმავეს ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს მიწის მიმართ განსაკუთრებით ემოციური დამოკიდებულება აქვთ და ეს კარგად გამოჩნდა კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვების დროს, რომლის დროსაც ბევრმა მოქალაქემ გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ საქართველოში მიწის ყიდვა უცხოელებსაც შეუძლიათ.

 ქართული მიწა იაფია და მას მდიდარი უცხოელები იოლად დაეპატრონებიან

ხელისუფლების არგუმენტია ასევე ის, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეზღუდული რესურსია და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი მცირემიწიანი აგრარული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამიტომ, საჭიროა აკრძალვების დაწესება, რათა მდიდარი ქვეყნების მოქალაქეებმა იაფი ქართულ მიწა მასობრივად ვერ შეიძინონ და ამით ქვეყნის ეროვნული ინტერესები არ შეილახოს.

ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდებიან

ერთ-ერთი გავრცელებული არგუმენტია ის, რომ საქართველოში მიწას ტოტალურად იყიდიან, მაგალითად, ჩინელები და ქართველები აღმოჩნდებიან საქართველოში უმცირესობაში.

ამ არგუმენტს უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვერ მოისმენთ, თუმცა მას აქტიურად ავითარებს ხელისუფლებასთან დაახლოებული ოპოზიცია, ასევე ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული პოლიტიკური პარტიები:

“მიწას ტოტალურად შეისყიდიან ჩინელები, არაბები, თურქები, ირანელები. ისინი ჩამოიყვანენ თავიანთ ოჯახებს, ტექნოლოგებს, მუშახელს და 10-15 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა აღმოჩნდება უმცირესობაში,” – განაცხადა მოძრაობა „ეროვნულების” თავმჯდომარემ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სანდრო ბრეგაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

 არც ინვესტიციები შემოდიოდა და არც სოფლის მეურნეობა ვითარდებოდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის აკრძალვა არც ქვეყანას დააზარალებს და არც სოფლის მეურნეობას. მისი თქმით, ბოლო პერიოდზე დაკვირვება აჩვენებს, რომ თავისუფლად მიწის გაყიდვის შემთხვევაშიც არანაირი დიდი ინვესტიციები სოფლის მეურნეობას არ მიუღია. მიწის გასხვისება კი ხდებოდა, მაგრამ ეს არ აძლევდა სოფლის მეურნეობის განვითარებას ბიძგს. დარგის განვითარებაზე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იმოქმედებს უარყოფითად. პირიქით, ეს იქნება რესურსი, რომელსაც მეტი პასუხისმგებლობით მოექცევა რესურსის მფლობელი.”

ეს ქვეყანას ეკონომიკურად დააზარალებს. რა არგუმენტები აქვთ აკრძალვის მოწინააღმდეგეებს

იკლებს ინვესტიციები

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ერთადერთი საშუალება პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა. ასეთი აკრძალვით ქვეყანა კვალიფიციურ ინვესტორებს დაკარგავს  და ქვეყნის და სოფლის მეურნეობის განვითარება შეფერხდება.

“ჩვენ უკვე გვაქვს ამ აკრძალვის შედეგი, “საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის” ერთ წევრს, რომელსაც საქართველოში 170 ჰა მიწის ნაკვეთი აქვს, საქმეში ამერიკელი პარტნიორის შემოყვანა სურდა. როგორც კი ახალ საკანონმდებლო შეზღუდვებზე და უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვაზე დაიწყო საუბარი, მოლაპარაკებაც შეჩერდა,” – ამბობს JAMnews-თან საუბარში “საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის” მთავარი იურისტი რაულ აგიკიანი.

დაეცემა მიწის ფასი

თუ ქვეყანაში მდიდარ მყიდველებს არ შემოვუშვებთ, ბაზარზე მიწის ფასიც დაეცემა, მიწას იაფად იყიდიან უკვე ქართველი ბიზნესმენები, რაც ყველაზე მეტად ისევ გლეხებს დააზარალებს, ამბობენ ლიბერალური ეკონომიკის მომხრე პოლიტიკური ძალები და ექსპერტები.

საქართველო დაკარგავს მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას

“საქართველოში განათლების დეფიციტია. უცხოურ ინვესტიციასთან ერთად ქვეყანაში შემოდის არა მხოლოდ ფული, არამედ ცოდნა და თანამედროვე ტექნოლოგიებიც. მაგალითად, კომპანია “ფერერომ” (შოკოლადისა და სხვა საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი იტალიური კომპანია, რომელსაც დასავლეთ საქართველოში თხილის პლანტაციები და თხილის გადამამუშავებელი საწარმოები აქვს) დასავლეთ საქართველოში თხილის მოყვანის ცოდნა შეიტანა და დღეს თხილი წარმატებული საექსპორტო პროდუქტია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საკანონმდებლო ბარიერის დაწესებით ქვეყანაში თანამედროვე ცოდნის და ტექნოლოგიების შემოტანა შეფერხდება და ქართველი გლეხი ისევ თოხის და ბარის ანაბარა დარჩება,” – ამბობს ეკონომისტი გიორგი პაპავა.

საერთაშორისო პრაქტიკა

ამ არგუმენტს მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეებიც იყენებენ, თუმცა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციით. მოწინააღმდეგეთა თქმით, არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყიდვაზე ტოტალური აკრძალვა არ მოქმედებს და მით უმეტეს, ეს არსად არის კონსტიტუციური ნორმა, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებისას გარკვეული რეგულაციებს და შეზღუდვებს იყენებენ.

“ჩვენც შეგვეძლო შემოგვეღო გარკვეული რეგულაციები ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, მაგალითად ის, რომ მიწის გაყიდვა აიკრძალოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე,” – ამბობს გიორგი პაპავა.

პოპულიზმი და ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე თამაში

მუდმივი საუბარი იმაზე, რომ ქართული მიწის გაყიდვა მიუღებელია და ქართველები, შესაძლოა,საქართველოში უმცირესობად იქცნენ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე თამაშია.

“საქართველოში ირანელების და ინდოელების მასობრივი ჩამოსახლების საფრთხე არ არსებობს და ამ თემაზე მუდმივი აპელირებით ხელისუფლება და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მოსახლეობაში ირაციონალურ შიშს ნერგავენ”, – ამბობს ეკონომისტი გიორგი პაპავა. მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების პროცესს დღემდე კარგის მეტი არაფერი მოუტანია საქართველოში ინვესტიციების დაბანდებისა თუ ადგილზე წარმოებული პროდუქციის საზღვარგარეთ გატანის კუთხით და ამ პროცესის შეფერხება პროგრესთან ბრძოლის ტოლფასი იქნება.

ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პოპულისტურ ნაბიჯს დგამს: „ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ქვეყანას სასიკეთოდ არ წაადგება.  ეს ეკონომიკურად წამგებიანი გადაწყვეტილებაა და ის ხელისუფლების სახეს აჩვენებს, რომელიც ზრუნავს არა ქვეყნის განვითარებაზე, არამედ ზრუნავს წინასაარჩევნოდ ქულების დაწერაზე”. (საქართველოში შემოდგომაზე თვითმართველობის არჩევნებია დაგეგმილი _JAMnews)

— უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვის გამოცდილება საქართველოს უკვე აქვს. 2013 წელს ქვეყნის პარლამენტმა მსგავსი აკრძალვა შესწორებებით დაადგინა კანონში “მიწით სარგებლობის შესახებ”. მიწის უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მან შესწორებებს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა დაძლია. თუმცა, მოგვიანებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა ქვეყნის მთავარი კანონის შეუსაბამოდ აღიარა. მაშინ ექსპერტები და ოპოზიციური ძალები მთავრობას აფრთხილებდნენ, რომ ამას სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების შემცირება შეიძლება გამოეწვია.

— უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოს სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში 2016 წელს დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 0,6%-ს შეადგენს.

— ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად უცხოელი მოქალაქეების საკუთრებაში ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის 5 პროცენტია.


ასევე წაიკითხეთ