პრეზიდენტის ახალი ინიციატივა არ ეხება ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებს" />

საქართველოში ნარკოდანაშაულისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების წესი გამარტივდება

პრეზიდენტის ახალი ინიციატივა არ ეხება ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლებს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, შეწყალების წესი უფრო მარტივი და ჰუმანური გახდება იმ პირების მიმართ, რომლებიც არაძალადობრივი დანაშაულისათვის არიან გასამართლებული.

შეწყალების გამარტივებული პროცედურა ნარკოტიკების მოხმარებისათვის გასამართლებულ პირებს შეეხება.

ახალი რეგულაციით, არაძალადობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულს უფლება აქვს მიმართლოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მაშინვე, როგორც კი სასამართლოში საქმის განხილვა საბოლოოდ დასრულდება. ანუ, შეწყალების მაძიებელს აღარ მოეთხოვება სასჯელის გარკვეული ნაწილის მოხდა, როგორც ეს აქამდე იყო.

ახალ რეგულაციებს სახელმწიფოს მეთაური უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.

ნარკოტიკების მოხმარებისათვის გასამართლებულთა გარდა, შეწყალების გამარტივებული პროცედურით სარგებლობის უფლება ასევე იმ პირებსაც მიეცემათ, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ან სამოხელეო, სამეწარმეო, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაული.

„პრეზიდენტმა ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება არაძალადობრივი დანაშაულების მიმართ და უფრო ჰუმანური გახადა შეწყალების წარმოების წესი“, – განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ.

მისივე თქმით, შეწყალების გამარტივებული პროცედურა არ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც სასჯელს იხდის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისათვის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და შემოტანა-ტრანზიტისათვის.

პრეზიდენტის ინიციატივას უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციასა და სახელისუფლებო გუნდში.

მმართველი გუნდი “ქართული ოცნება” პრეზიდენტის ამ ინიციატივაში პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა პრეზიდენტს პოპულიზმში ადანაშაულებს.

“არ არის გამორიცხული, რომ მან [მარგველაშვილმა] დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, იმ განცხადებებით,” – აღნიშნა თბილისის მერმა კახი კალაძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება. მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ჯერჯერობით არ უთქვამს, აპირებს თუ არა იგი მეორე ვადით კენჭისყრას.

პრეზიდენტის ინიციატივის კომენტირებისას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა:

“თუ საქმე ეხება ნარკომომხმარებლებს, ჩვენ აქ პრობლემას ვერ ვხედავთ და უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება საკანონმდებლო ცვლილების სახით, თუ როგორ გახდეს ნარკომოხმარების მიმართულებაში უფრო ჰუმანური. ამაში წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს ეხება ნარკორეალიზატორებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით კატეგორიული წინააღმდეგი. ვიმეორებ, ჩვენი ჰუმანურობა არ უნდა გახდეს რისკის შემცველი წახალისების მიმართულებით”, – აღნიშნა გახარიამ.

ოპოზიციაში მარგველაშვილის გადაწყვეტილება მოსწონთ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი” ნიკა რურუა ამბობს, რომ  ეს არის „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“.

“თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, ანუ ციხეში არ უნდა ჩაჯდნენ [ნარკოტიკების] მომხმარებლები,” – აღნიშნა რურუამ.

„სრულიად მისაღები“ უწოდა პრეზიდენტის ამ მიდგომას ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ქვეყანაში მკაცრ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებენ, უკვე დიდი ხანია ითხოვენ ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხის გადახედვას.

გასული წლის დეკემბერში, ნარკოპოლიტიკის მარეგულირებელი კანონმდებლობის ლიბერალიზაციის მოთხოვნით გამართული აქციის ფარგლებში, სამოქალაქო აქტივისტებმა პრეზიდენტს მიმართეს და ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების „მასობრივი შეწყალება“ სთხოვეს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, შეწყალება იმ მსჯავრდებულებსა და სასჯელმოხდილ პირებზე ვრცელდება, რომლებმაც მოიხადეს სასჯელის ნაწილი და/ან არა აქვთ გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.

მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხებს სპეციალურად შექმნილი კომისია განიხილავს. კომისია რეკომენდაციებით მიმართავს პრეზიდენტს. საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ პრეზიდენტი იღებს.

პრეზიდენტს ასევე შეუძლია  პირის შეწყალების გადაწყვეტილება შეწყალების წესით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლითაც მიიღოს.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში სულ შეწყალებულია 3671 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ