პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ეს რეგიონები კატასტროფის პირასაა" />

საქართველოს პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან აფხაზებსა და ოსებს მიმართა

პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ეს რეგიონები კატასტროფის პირასაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73- სესიაზე. 27 სექტემბერი, 2018 წელი. ფოტო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

მისი 18-წუთიანი გამოსვლის მთავარი თემა კონფლიქტური რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია იყო.

პრემიერმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ეს რეგიონები ჰუმანიტარული კატასტროფის პირას იმყოფებიან.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაეროს ტრიბუნიდან რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, ასევე აფხაზებსა და ოსებს მიმართა.

__________________

მამუკა ბახტაძე, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ივნისში დაინიშნა, გაეროს ტრიბუნიდან თავისი პირველი გამოსვლის დროს ქართულად ლაპარაკობდა: „ჩემთვის დიდ პატივია, მოგმართოთ ჩემს მშობლიურ, ქართულ ენაზე, რომელიც ერთ-ერთი უძველესია და მსოფლიო ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“,განაცხადა მან.   

27 სექტემბერს წარმოთქმული თავისი სიტყვა ბახტაძემ იმით დაიწყო, რომ ეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მტკივნეული – სოხუმის დაცემის დღე იყო [1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთის ომი ქართული ჯარის დამარცხებით დასრულდა. ამ დღეს საქართველოს არმიამ სოხუმი დატოვა – JAMnews].

საქართველოს პრემიერის შეფასებით, „აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღეს არსებული სიტუაცია – ეს არის ყველაზე უარესი გამოვლინებით ჰუმანიტარული კატასტროფა“.

„ამ რეგიონების მილიტარიზაცია გრძელდება… მძიმე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი სიტუაციის გამო, ოკუპაციის დაწყებიდან ამ რეგიონების მოსახლეობა ხუთ-ექვსჯერ შემცირდა. მავთულხლართები და სხვა ხელოვნური წინაღობები ოჯახებს ყოფს, რითაც ადამიანის მთავარი უფლებები ირღვევა. ის, ვინც ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობს, თავიანთი წინაპრების საფლავებსა და ეკლესიებში ვერ დადიან. ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავენ, რომ შვილებს მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება, გრძელდება გატაცების, წამებისა და მკვლელობის შემთხვევები“, – ციტირებს პრემიერის სიტყვებს „ახალი ამბები-საქართველო“.

საქართველოს პრემიერი დარწმუნებულია, რომ  სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტების გათვალისწინებით,  „მცირედ ინციდენტსაც კი შეუძლია მძიმე შედეგების მქონე, უკონტროლო პროცესებამდე მიგვიყვანოს“.

ასეთ სიტუაციაში ბახტაძეს „რუსულ-ქართული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვნად საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა მიაჩნია“.

გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს მთავრობის მეთაურმა რუსეთის შესახებ ბევრი ილაპარაკა.

მან რუსეთი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, მათ შორის – 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებისაც.

პრემიერმა ასევე მოუწოდა რუსეთს, რომ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივებს ხელს ნუ შეუშლის და  „ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ღირსეულად ცხოვრების საშუალება მისცეს“.

მისი სიტყვებით, საქართველო კონფლიქტის გადასაწყვეტად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, და „აქტიურად ცდილობს აამოქმედოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი“. თუმცა, ეს მცდელობები, ბახტაძის თქმით, „მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის მხრიდან სრულიად დაუსაბუთებელ წინააღმდეგობებს აწყდება“.

„ჩვენ საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებში ჩიხიდან გამოსვლა გვსურს, მაგრამ ამის მიღწევა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საერთაშორისო სამართლისადმი პატივისცემითა არის შესაძლებელი“, – განაცხადა მან.

ბახტაძე დარწმუნებულია, რომ „მიუხედავად მთელი უსამართლობისა, საქართველოს ერთადერთი პასუხი ამ გამოწვევებზე  არის მშვიდობა და განვითარება“.  მან გაიხსენა, რომ საქართველოს მთავრობამ ახლახან შეიმუშავა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გეგმა, რომელსაც „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეწოდება. ეს დოკუმენტი „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კატასტროფის გადასალახად არის მოწოდებული“, – განაცხადა ქვეყნის მეთაურმა.

„ამ ინიციატივის საფუძველზე, ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპოპულაციის პროცესი შევაჩეროთ და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვა უზრუნველვყოთ. ეს ინიციატივა მოწოდებულია ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის მკაფიოდ უზრუნველყოს ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში მომსახურება, მოსახლეობას კომერციული საქმიანობის შესაძლებლობა მისცეს, რათა მათ საკუთარი ოჯახების რჩენა შეძლონ და მათი ფიზიკური გადარჩენა უზრუნველყონ“, განაცხადა მან.

ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან ცალკე მიმართა „აფხაზ და სამხრეთელ ოს თანამემამულეებს“, და თქვა, რომ საქართველოს ნებისმიერი წარმატება – ეს მათი წარმატებაცაა.

„ჩვენ საერთო ისტორიული წარსული გვაქვს, რომელმაც ჩვენი საერთო მომავლისკენ უნდა წაგვიყვანოს. საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა – თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვა და გარანტირება, და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ვალდებულება შეუქცევადად შევასრულოთ. ისინი საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა სიკეთით უნდა სარგებლობდნენ, იქნება ეს ადამიანის უფლებები, განათლება, ჯანდაცვა თუ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა…“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აშშ-ში ვიზიტით ყოფნის დროს ასევე შეხვდა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას 

შეხვედრისას საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების  საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა. ფოტო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური

როგორც საქართველოს პრემიერის პრეს-სამსახური იუწყება, შეხვედრაზე ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან აქტიურად თანამშრომლობას აგრძელებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ გამოძიების პროცესს მაქსიმალურად დაეხმაროს.

„საქართველოს მხარე იმედოვნებს, რომ ეთნიკური წმენდა, ქართველი ტყვეების წამება და მკვლელობები, საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილი სამხედრო დანაშაულები და რუსეთის მიერ გორის დაბომბვის დროს „ისკანდერის“ რაკეტების გამოყენება დაწვრილებით იქნება გამოძიებული“, – აცხადებენ პრემიერს პრეს-სამსახურში.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ