სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. პროკურატურამ დაკითხვაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დაიბარა. " />

საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტი ემუქრება?

სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. პროკურატურამ დაკითხვაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დაიბარა.

სალომე ზურაბიშვილი და მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია Саломе Зурабишвили и парламентский секретарь президента Дмитрий Габуния

საქართველოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებთან დაკავშირებით სკანდალი გრძელდება.

პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია.

სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 აგვისტოს, მარიამობა დღეს, ზურაბიშვილმა, საკუთარი კონსტიტუციური უფლების თანახმად, 34 პატიმარი შეიწყალა.

• ვის ენდობიან ქართველები? NDI-ის კვლევის მთავარი ციფრები

• ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი?

შეწყალებულ პირთა სია გასაიდუმლოებული იყო, თუმცა, ჟურნალისტებმა თავდაპირველად გაარკვიეს, რომ მასში ორი ისეთი პატიმარი შედიოდა, რომელიც სასჯელს დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისათვის იხდიდა, მოგვიანებით კი მესამე მსგავსი შემთხვევის შესახებაც გახდა ცნობილი.

ერთი (რამაზ დევაძე) ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბში, 2014 წელს, 22 წლის პოლიციელის მკვლელობისთვის გაასამართლეს;

მეორე (ასლან ბეჟანიძე) – 12 წლის წინ ჩადენილი, 18 წლის სტუდენტის მკვლელობისთვის. ბეჟანიძის დაკავება მხოლოდ 2016 წელს მოხერხდა. მთელი ეს წლები იგი სამართალდამცავ ორგანოებს ემალებოდა.

მესამე შეწყალებული (ზურაბ ნადირაძე) გაასამართლეს 1994 წელს, თბილისში, ჩხუბისას ჩადენილი მკვლელობისათვის. 2017 წლამდე ნადირაძეც მიმალვაში იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ამ სამი შემთხვევის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტს დიდი კრიტიკა დაატყდა თავს. სალომე ზურაბიშვილის ამ კრიტიკაში, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მმართველი გუნდის წევრებიც ჩაერთნენ.

20 სექტემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ მკვლელობებში მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტებზე. უწყების ინფორმაციით, გამოძიება შეწყალების პროცესში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია

„ბუნებრივია, როგორც ადამიანს მიჩნდება კითხვა, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არიან ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები – ქალები, დედები, ახალგაზრდები, რამდენად დაიმსახურა სწორედ იმ 34-მა ადამიანმა შეწყალება, რამდენიმე ათას ადამიანს შორის, რომელმაც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა?“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

ოპოზიცია კორუფციული სქემის არსებობაზე საუბრობს. რამდენიმე პოლიტიკოსი, ასევე, მოკლულების ოჯახის წევრები შეწყალების საქმეში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ადრე ადვოკატად ნამუშევარი დიმიტრი გაბუნიას მონაწილეობაზე საუბრობენ.

„როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს. უფრო სწორად, რა თანხის ფასად შეიძლება, ესა თუ ის პირი შეიწყალონ. ჩვენს წყაროს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ეს კორუფციული საკითხები პრეზიდენტთან განიხილება თუ არა, მაგრამ ის ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით, ასეთი რამის გაკეთება შეუძლებელია“, – განაცხადა ოპოზიციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

თუმცა, გაბუნია ამ საქმეში მონაწილეობას სრულიად უარყოფს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აგვისტოში შვებულებაში იმყოფებოდა და მხოლოდ მედიის საშუალებით შეიტყო სკანდალური შემთხვევების შესახებ.

თვითონ პრეზიდენტი ამჟამად აშშ-ში იმყოფება ვიზიტით და მონაწილეობას მიიღებს გაეროს საპარლამენტო ასამბლეაში.

იქნება თუ არა იმპიჩმენტი?

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის კრიტიკას მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც აღარ ერიდებიან, ოპოზიციამ და მედიამ პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტზე დაიწყო საუბარი.

„თუ გამოიკვეთება ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც არსებითად შეცვლის სურათს და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეწყალება ჰუმანური გადაწყვეტილება კი არ იყო პრეზიდენტის მხრიდან, არამედ სხვა მიზნებს ემსახურებოდა, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვა სამართლებრივი მოცემულობა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში“, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა.

თუმცა, როგორც მან განმარტა, პროკურატურის შესაბამისი დადგენილების გარეშე, მხოლოდ კონკრეტული შეწყალება არ შეიძლება იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს.

„ვფიქრობ, ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი. მხოლოდ შეწყალების უფლების გამოყენება, ერთი კონკრეტული შეწყალება არ შეიძლება გახდეს იმპიჩმენტის საფუძველი“, – თქვა მან.

•  სალომე ზურაბიშვილი – საყოველთაო კენჭისყრის შედეგად პირდაპირი წესით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტი. მისი გადადგომის შემთხვევაში, ახალ პრეზიდენტს საქართველო უკვე არაპირდაპირი კენჭისყრით, ამომრჩეველთა კოლეგიის საშუალებით აირჩევს.

•  ზურაბიშვილი საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტია. ის ექვსი წლის ვადით არჩეული პირველი პრეზიდენტია (ადრე პრეზიდენტს ხუთი წლით ირჩევდნენ).

• საქართველოს ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ორი ტური არასოდეს ჩატარებულა. გამარჯვებული ყოველთვის პირველ ტურში ირკვეოდა. ზურაბიშვილი გახდა პირველი, რომელსაც გამარჯვებისთვის მეორე ტური დასჭირდა.

• 2012 წლიდან, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, ძლიერი პრემიერითა და სუსტი პრეზიდენტით. 2015 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს კიდევ უფრო ნაკლები უფლებები აქვს, ვიდრე მის წინამორბედს ჰქონდა.

• ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის თანახმად, სულ რაღაც 10 თვის წინ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას ცუდად ან ძალიან ცუდად აფასებს გამოკითხულთა 40 პროცენტი და მხოლოდ 12 პროცენტი აფასებს მის საქმიანობას დადებითად.

პრეზიდენტის უფლებები

+

პრეზიდენტს აქვს უფლება:

√  შეიწყალოს მსჯავრდებულები;

√  მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა;

√  წარმოადგინოს საქართველო საერთაშორისო არენაზე, მაგრამ, ამასთან, ყველა ნაბიჯი წინასწარ შეათანხმოს ხელისუფლებასთან;

√  ფორმალურად ხელი მოაწეროს პრემიერ-მინისტრისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნას;

√  კანონით განსაზღვრულ ვადებში დანიშნოს ადგილობრივი, საპარლამენტო და ვადამდელი არჩევნები;

√ მიანიჭოს და გადასცეს ჯილდოები;

√  პრეზიდენტის დაპატიმრება და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ შეიძლება;

√  პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება პარლამენტის დეპუტატთა მესამედს შეუძლია. 

 

•  საქართველოში იმპიჩმენტის პროცედურა ასეთია: კონსტიტუციის დარღვევის ან პრეზიდენტის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების დადგენის შემთხვევაში, აუცილებელია, რომ 50-მა დეპუტატმა (პარლამენტის წევრთა 1/3) დააყენოს იმპიჩმენტის საკითხი. ამის შემდეგ ის გადაიგზავნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც შეაფასებს პრეზიდენტის ქმედების კანონიერებას. სასამართლოს დადებითი პასუხის შემთხვევაში, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაჩერებლად აუცილებელია, რომ მას მხარი დაუჭიროს პარლამენტის 2/3-მა (100-მა დეპუტატმა) და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა.


ასევე წაიკითხეთ